| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
სალომე ანდრონიკაშვილი![]()
Biographyსალომე ანდრონიკაშვილი 1888 წელს დაიბადა თბილისში, ქართველი თავადის, ნიკოლოზ (ნიკო) ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის (1862-1947) ოჯახში. სახელი ქართველი წმინდანის, სალომე უჯარმელის პატივსაცემად დაარქვეს. სალომეს მამა სოფელ მელაანიდან იყო, დედით ჯორჯაძე. მან მოსკოვის სატყეო აკადემია დაამთავრა და მუშაობა დაიწყო მთავარ ექსპერტად ფილოქსერასთან ბრძოლის კომიტეტში. მოგვიანებით, თავადი ანდრონიკაშვილი ბათუმის ქალაქისთავად (გამგებელი) დაინიშნა და 1916 წლამდე მსახურობდა ამ თანამდებობაზე. მისი შვილებიც ამ ქალაქში გაიზარდნენ. სალომეს დედა, ლიდია პლეშჩეევა, ცნობილი რუსი პოეტის ძმის შვილიშვილი იყო. საქმიანობიდან გამომდინარე, ნიკოლოზს ხშირად უხდებოდა სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება. ერთ-ერთი მივლინებისას, მან სანქტ-პეტერბურგში გაიცნო მომავალი მეუღლე. ლამაზმა, ვაჟკაცური გარეგნობის, დახვეწილი ქცევების ახალგაზრდამ ქალზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ნიკოლოზზე უფროსი და ამასთანავე, გათხოვილი გახლდათ, მაგრამ მიატოვა ქმარი და ანდრონიკაშვილს საქართველოში გამოჰყვა. მათ მყარი ოჯახი შექმნეს. სამი შვილი შეეძინათ: სალომე, მარიამი (1891) და იასე (1893). მარიამი (მარუსია) უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ცოლად გაჰყვა ეკონომისტ თ. შარაშენიძეს და მუშაობა დაიწყო თბილისში, გეოგრაფიის ინსტიტუტში. იასემ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ თეატრმა გაიტაცა და მთელ დროს მის მიერ მოსკოვში შექმნილ ახალგაზრდულ თეატრში ატარებდა. მან ცოლად მოიყვანა სანქტ-პეტერბურგელი ელენე კონსტანტინეს ასული დე ვახტერი (1894–1938), რომლთანაც შეეძინა ვაჟიშვილი კონსტანტინე. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იასე ანდრონიკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. წლინახევრის კონსტანტინე კი დედამ და ბებიამ პარიზში წაიყვანეს. სალომე ანდრონიკაშვილმა საინტერესო, მშფოთვარე და საოცარი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება განვლო. არისტოკრატული მანერების, დახვეწილი გემოვნებისა და იუმორის მქონე მშვენიერი ქალბატონი სანქტ-პეტერბურგის საზოგადოებამ “ვერცხლის საუკუნის” ლეგენდად, პოეტებისა და მხატვრების მუზად და ყველაზე ბრწყინვალე ლამაზმანად აღიარა. სალომე და მისი მამიდაშვილი თინათინ ჯორჯაძე 1906 წელს სანქტ-პეტერბურგში, ქალთა უმაღლეს სასწავლებელში "ბესტუჟევის კურსებზე" სასწავლებლად გაემგზავრნენ. თუმცა ახალგაზრდა ქალბატონებისთვის უმთავრესი უნივერსიტეტი — ეს მაინც პეტერბურგის მაღალი წრის სალონები იყო. სალომე ხშირად სტუმრობდა სანქტ-პეტერბურგის პოპულარულ ლიტერატურულ-არტისტულ კაფეს - “Бродячая собака”, რომლის დიდებულებას ქმნიდნენ ანა ახმატოვა, ნიკოლაი გუმილიოვი, კონსტანტინ ბალმონტი, ვლადიმირ მაიაკოვსკი, იგორ სევერიანინი, ოსიპ მანდელშტამი, არტურ ლურიე, სერგეი სუდეიკინი (რომლის მიერაც იყო მოხატული კაფეს კედლები) და სხვა ცნობილი პირები. ამ არტკაფეში გაიცნო სალომემ ზინოვი პეშკოვი — მწერალ მაქსიმ გორკის შვილობილი და ნათლული, რომელიც მისი თავგადაკლული თაყვანისმცემელი გახდა. იმ პერიოდში ზინოვი შეჭირვებულად ცხოვრობდა და სიღარიბის გამო სალომეს მშობლებმა სიძეობაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც 18 წლის სალომე 17 წლით უფროს რუს მთავარს, ჩაის პლანტატორ პაველ ანდრეევს გაჰყვა ცოლად. მათ ქალიშვილი ირინე შეეძინათ. გარიგებაზე დაფუძნებული ქორწინება უიღბლო გამოდგა და ცოლ-ქმარი მალე განქორწინდა. ცნობილმა ადვოკატმა ლუარსაბ ანდრონიკოვმა შეძლო სალომესთვის ბრწყინვალე მდიდრული ბინისა და სოლიდური ფინანსური ანაზღაურების მიღება. განქორწინების შემდეგ მატერიალურად უზრუნველყოფილმა სალომემ საკუთარი ლიტერატურული სალონი გახსნა, სადაც სანქტ-პეტერბურგის ელიტური საზოგადოება იკრიბებოდა. იგი განათლებულ ქალბატონად იყო აღიარებული, რომელიც შესანიშნავად ერკვეოდა პოეზიაში და მის აზრს სათანადოდ აფასებდნენ. რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ხელისუფლებაში მენშევიკური მთავრობა მოვიდა. ხოლო საფრანგეთმა ქვეყანაში ელჩად მაიორი ზინოვი პეშკოვი მოავლინა. წარსულში სალომეზე უიმედოდ შეყვარებული ღარიბი პეტერბურგელი ახალგაზრდა ახლა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი გამხდარიყო და, როგორც რუსული ენის მცოდნე, საფრანგეთის უმაღლესი კომისრის პოლიტიკური კონსულტანტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად მიეჩნიათ. 1917 წელს სალომე ქალიშვილთან ერთად ყირიმში, ალუშტაში ისვენებდა, სადაც მისმა ძველმა თაყვანისმცემელმა, ადვოკატმა ალექსანდრ გალპერნმა წერილით შეატყობინა არეულობის შესახებ პეტერბურგში და დაარწმუნა საქართველოში მშობლებთან წასულიყო. სალომემ რჩევა გაითვალისწინა და ბაქოს გავლით, თბილისში გაემგზავრა, მაგრამ ხარკოვში მოულოდნელად ბოლშევიკებმა დააპატიმრეს. მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქრა. თუმცა, ზინოვი პეშკოვმა, მაქსიმ გორკის დახმარებით, შეძლო მისი გათავისუფლება. 1917-1920 წლებში სალომე საქართველოში ცხოვრობდა და არტისტული თბილისის კულტურული ცხოვრების განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა. საქართველოში მოახლოებული არეულობის წინ მან პატარა ირინე მშობლებთან დატოვა და ზინოვი პეშკოვთან ერთად, საფრანგეთის სამხედრო გემით დატოვა საქართველო. ქალიშვილი ერთი წლის შემდეგ ჩაუყვანა პარიზში მისმა მეგობარმა ალექსანდრა მელიკოვამ (ქალიშვილობაში ჰერცოგინია ლაიხტენბერგმა). წყვილი ერთად ორი წელი ცხოვრობდა. შემდეგ დაშორდნენ, მაგრამ, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს. 1926 წელს სალომე თავის ძველ თაყვანისმცემელს, დროებითი მთავრობის მინისტრთა კაბინეტის მდივანსა და ბოლშევიკთა ტყვეობას გადარჩენილ ალექსანდრ გალპერნს გაჰყვა ცოლად, თუმცა ზინოვისთან მიმოწერა არ შეუწყვეტია. პარიზში სალომე განაგრძობდა მაღალი წრის საზოგადოების ცხოვრებას, მართავდა ლიტერატურულ საღამოებს, აწყობდა მხატვრებისა და პოეტების შემოქმედებით შეხვედრებს, ეწეოდა ქველმოქმედებას. ამ პერიოდში დაიწყო მუშაობა რედაქტორად ლუსიენ ვოჟელის პრესტიჟულ მოდების ჟურნალში. რეკომენდაცია მხატვარმა და პოეტმა ილია ზდანევიჩმა გაუწია, რომელიც თანამშრომლობდა კოკო შანელთან, ქმნიდა მისთვის ქსოვილების ესკიზებს, ამუშავებდა პროექტებს და ხელმძღვანელობდა მის ქარხანას. სწორედ ზდანევიჩმა გააცნო სალომეს თავისი მეგობრები - ჟან კოკტო, პოლ ელუარი, სოფი დელონე, კოკო შანელი, ტრისტან ცარო…, რომლებსაც ქალიც დაუმეგობრდა. მოგვიანებით როცა სალომე საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა, ილიაზდიმ თავისი ვაჟი - შალვა, ლონდონში გაგზავნა მისი მეთვალყურეობის ქვეშ. მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში ალექსანდრ გალპერნი ამერიკაში, ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა და კარგად იყო ინფორმირებული ევროპაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მან სალომეს აცნობა ყოველივე ეს და შესთავაზა, ქალიშვილთან ერთად გარიდებოდა ევროპას და მასთან, ამერიკაში ჩასულიყო. ირინემ უარი თქვა გამგზავრებაზე, ის აქტიურად იყო ჩართული ანტიფაშისტურ მოძრაობაში. ამერიკაში სალომე შვილიშვილთან, ფილიპესთან ერთად გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წელიწადს ცხოვრობდა. ომის შემდეგ, 1945 წელს, ალექსანდრ გალპერნი ინგლისში გადაიყვანეს სამუშაოდ. ცოლ-ქმარი ლონდონში, პრესტიჟულ რაიონში, ჩელსი-პარკ გარდენზე, ძველებურ მდიდრულ სახლში დასახლდა. სალომე აქაც აგრძელებდა მაღალი წრის საზოგადოების ცხოვრებას, ხვდებოდა მხატვრებს, პოეტებს, მწერლებს, მსახიობებს ალექსანდრ გალპერნი აღმერთებდა სალომეს, არ უზღუდავდა თავისუფლებას, ანებივრებდა, კომფორტულ გარემოს უქმნიდა. როცა ის სიცოცხლის ბოლოს გაკოტრდა და იძულებული გახდა ძვირფასი სახლი გაეყიდა, ახალ მეპატრონეს მან ერთადერთი პირობა წაუყენა - მიეცათ მისი მეუღლისთვის სიცოცხლის ბოლომდე ამ სახლში ცხოვრების უფლება. ცნობილ მწერალსა და ფილოსოფოსს ისაი ბერლინს, რომელმაც გალპერნის სახლი შეიძინა, უარი არ უთქვამს. სალომე 1956 წელს დაქვრივდა, მაგრამ გარდაცვალებამდე, შეთანხმების თანახმად, ამ სახლში ცხოვრობდა. მიუხედავად მდიდრული ცხოვრებისა, სალომე ანდრონიკაშვილს დროთა განმავლობაში საქართველოს მონატრება უძლიერდებოდა. 1950-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში დარჩენილ ნათესავებთან ურთიერთობა უკვე შესაძლებელი გახდა. საბედნიეროდ, პარიზში ცხოვრობდა იასეს ვაჟი, კონსტანტინე ანდრონიკოვი (1916-1997), რომლის მეშვეობით სალომე დაუკავშირდა დას, მარიამს. კონსტანტინეს დედამ, ელენე ვახტერმა ენების ცოდნის წყალობით შეძლო შესაფერისი სამსახურის შოვნა და ოჯახის უზრუნველყოფა. მან შვილს კარგი განათლება მისცა. კონსტანტინემ დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი, მუშაობდა მთარგმნელად და მრჩევლად შარლ დე გოლის აპარატში, სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. მარიამ ანდრონიკაშვილი (1891-1976) 1960–იან წლების ბოლოს ჩავიდა პარიზში. სწორედ მისგან შეიტყვეს იასე ანდრონიკაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი, რისი მიზეზიც უნებურად სალომე გამხდარა. ოცდაათიან წლებში მას ნაცნობი ფრანგი ჟურნალისტისთვის ძმისთვის გადასაცემად გაუტანებია მოკითხვის წერილი, რაც საკმარისი აღმოჩნდა იასეს დაპატიმრებისა და შპიონაჟში დადანაშაულებისთვის. მას 1932 წელს მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს გადასახლებაში, საკონცენტრაციო ბანაკ სოლოვკიში, იხდიდა, 1937 წლის ოქტომბერში კი საგანგებო „სამეულის“ გადაწყვეტილებით დახვრიტეს. სალომე სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ კულტურულ ცხოვრებას ეწეოდა, არ იყო მიჯაჭვული საკუთარ წარსულს. ეცნობოდა თანამედროვე ლიტერატურას, ხელოვნებას, ხვდებოდა ინტელიგენციას, საინტერესო პიროვნებებს და ყოველთვის ღირსეულად ეჭირა თავი. კონსტანტინეს შვილი მარკი, რომელიც დროდადრო აკითხავდა სალომეს, ამბობდა, რომ ხანდაზმულობის მიუხედავად, ის კარგად გამოიყურებოდა და საღად აზროვნებდა, სიცოცხლის ბოლო წლებში სალომე ანდრონიკაშვილი კულინარიით დაინტერესდა და რეცეპტების წიგნიც კი გამოსცა. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ხელოვანთა მუზა ვიყავი, სიბერეში კი მივხვდი, რომ რეალურად მზარეული ვყოფილვარო, ხუმრობდა ის საკუთარ თავზე. ლონდონელებმა ინტერესით მიიღეს ქართველი თავადის ასულის წიგნი და მის წრეში ქართული კერძების, განსაკუთრებით კი საცივის რეცეპტი, დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურმე. სალომე ანდრონიკაშვილი 1982 წლის 8 მაისს, ლონდონში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ფერფლი ტრაფალგარის მოედანზე გაფანტეს. წყარო: http://guriismoambe.com/archives/27382 https://sputnik-georgia.com/20220505/salome-andronikasvilis-boboqari-cxovreba-266453340.html დაუშვილი რუსუდან. სალომე ანდრონიკაშვილი „ვერცხლის საუკუნის“ ლეგენდა // დაუშვილი რუსუდან. ქართველი ქალები ემიგრაციაში. - თბილისი, 2024. - გვ. 30-35 ასლანიშვილი, ალეკო. წარსულის პორტრეტები : "ვერცხლის საუკუნის" მუზა / ალეკო ასლანიშვილი // ქართველოლოგია : სამეცნიერო ჟურნალი. - თბილისი, 2013. - მაისი-ივნისი. - [ტ.]3. - გვ.124-134. აბაშიძე მედეა. სალომე ანდრონიკაშვილი „ვერცხლის საუკუნის“ ლეგენდა/ მედეა აბაშიძე, ელეომორა აბაშიძე // ისტორიანი. - თბილისი, 2020. ნოემბერი. N 8 (116). გვ. 52-58; N 9 (117). გვ. 47-52.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

