| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
პარმენ ჭანუყვაძე![]()
ბიოგრაფიასაიმპერატორო არმიისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ყოფილი ოფიცერი პარმენ ჭანუყვაძე დაიბადა 1872 წელს ოზურგეთის მაზრაში. იგი იყო სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიისა და გურიის ანტისაბჭოთა შეიარაღებული პარტიზანული რაზმის წევრი (1921-1924), აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, მეთაურობდა აჯანყებულთა ერთ-ერთ დიდ რაზმს ოზურგეთის რაიონში. გამოსვლების ჩახშობის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, ცხოვრობდა საფრანგეთში. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ დევნილი პოლიტიკოსები ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთშიც განაგრძობდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ნოე რამიშვილი იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს ერთ-ერთი წევრი. იმვდროულად, ის გაერთიანდა ევროპის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის პროპაგანდის მიზნით სექმნილ კომისიაში და ქართული ემიგრანტული მთავრობის წევრთაგან ყველაზე აქტიურად უჭერდა მხარს ანტისაბჭოური აჯანყების გზით საქართველოს განთავისუფლების იდეას. ნოე რამიშვილს ლევილში თითქმის ყოველდღე სტუმრობდნენ საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქართველები. ვიზიტის მიზანი, როგორც წესი, სამსახურის შოვნის სურვილი იყო. რამიშვილი მათ შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, ანტიბოლშევიკურ საქმიანობაში ყველაზე გამორჩეულებს კი საქართველოში ემისრებად გზავნიდა. პარმენ ჭანუყვაძეს მასთან მხოლოდ კარგი ნაცნობობა აკავშირებდა, თუმცა თხოვნაზე უარი არ უთხრა და სამუშაოდ ჯერ "პეჟოს" ქარხანაში, შემდეგ კი მონპარნასის სადგურზე მუშად მოაწყო. ჭანუყვაძემ სამსახური თავისი რთული ხასიათის გამო დაკარგა და 1929 წლის შემოდგომაზე დახმარებისთვის კვლავ ნოე რამიშვილს მიმართა. ამჯერად საქართველოში გაგზავნა სთხოვა. იგი თანახმა იყო ნებისმიერი სადაზვერვო საქმიანობა შეესრულებინა, მაგრამ მოულოდნელად უარი მიიღო, რამაც უკიდურესად გაანაწყენა. 1930 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 15 სთ-ზე, პარიზში, იტალიის მოედანზე, ჭანუყვაძემ რევოლვერიდან ორი გასროლით მოკლა ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი ლიდერი. პოლიციამ მკვლელი დააპატიმრა. ქართველი ემიგრანტები პარმენ ჭანუყვაძეს საბჭოთა აგენტად მიიჩნევდნენ, თუმცა სასამართლოზე მან განაცხადა, რომ კომუნისტი არ იყო და თავისი მოქმედება ახსნა ნოე რამიშვილისადმი პირადი მტრობით. მკვლელობის გარემოებათა შესახებ განსხვავებულ და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდის იმდროინდელი ემიგრანტული პრესა, მემუარული თუ სამეცნიერო ლიტერატურა. ზოგიერთი თვლიდა, რომ “ჭანუყვაძე იყო საბჭოების დაქირავებული აგენტი”, მაგრამ დანაშაულში საბჭოთა სპეცსამსახურების მონაწილეობა ვერ დამტკიცდა. ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების აზრით კი, ნოე რამიშვილი შეეწირა სოციალ-დემოკრატთა შიდაპარტიულ დაპირისპირებას. სასამართლომ ჭანუყვაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ კი 20 წლით საფრანგეთში ცხოვრებაც ეკრძალებოდა. ის იმავე დღეს გადაიყვანეს ქალაქ კლერმონ-ფერანის ციხეში. მომხდარი შემთხვევიდან 3 წლის შემდეგ ნოე რამიშვილის ოჯახმა მკვლელის წერილი მიიღო. ჭანუყვაძე დანაშაულს ინანიებდა და ხელახალ გამოძიებას ითხოვდა. ის ირწმუნებოდა, რომ დაასახელებდა იმ პირებს, ვინც ნოეს მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდა და წყევლიდა ყველას, ვინც მკვლელობა ჩაადენინა. ციხეში პარმენ ჭანუყვაძე მუხლებზე დაჩოქილი გამუდმებით ლოცულობდა. ასეთ მდგომარეობას დიდხანს ვერ გაუძლო და 1934 წელს გარდაიცვალა. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/პარმენ_ჭანუყვაძე ჩერქეზია, მიხეილ. "ჩემი ნოე ქვაფენილზე გაშხლართულიყო... გასისხლიანებული ლაჩარი კი პოლიციამ წაიყვანა" : ვინ დაუკვეთა ნოე რამიშვილის მკვლელობა / მიხეილ ჩერქეზია // კვირის პალიტრა. - თბილისი, 2015. - 29 ივნისი - 5 ივლისი. - N26 (1091). - გვ.23. ჯავახიშვილი დავით. ქართველ ემიგრანტებზე მოწყობილი ტერორისტული აქტების ისტორიიდან: როგორ და რატომ მოკლეს ნოე რამიშვილი? // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები. 2020 N1(24). გვ. 60-69
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

