The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ ალშიბაია

მიხეილ ალშიბაია
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1967  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მიხეილ ალშიბაია ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაიას (1881-1957) ვაჟი გახლდათ.

დაიბადა 1908 წელს. საქართველო დატოვა 1921 წელს, როდესაც სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრა. 1930-იანი წლების მიწურულს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდა, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდა. 1941 წლამდე მუშაობდა ვარშავაში ერთ-ერთი ფაბრიკის დირექტორად.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მიხეილ ალშიბაია გერმანიაში დაბრუნდა და ნებაყოფლობით შევიდა გერმანიის სამხედრო სამსახურში ზონდერფიურერის წოდებით. იგი გახლდათ თარჯიმანი მე-18 სატანკო დივიზიაში.  პირველი რკინის ჯვარიც მან მიიღო.

1943 წლის ოქტომბერში, ქართული კომიტეტის ნაცვლად, დაფუძნდა „სამეკავშირეო შტაბი“, რომელსაც ევალებოდა წესრიგში მოეყვანა ის სამხედრო ერთეულები, რომელშიც ირიცხებოდნენ გერმანელთა ინიციატივით ბანაკებიდან გამოყვანილი ქართველები, ასევე, ბანაკებიდან უნდა გაეთავისუფლებინათ იქ მყოფი ქართველი ტყვეები და სამსახურით უზრუნველეყოთ ისინი. ამავე დროს მხარდაჭერა გაეწიათ ქართული ლეგიონისთვის (სამხედრო ფორმირება,რომელიც ჩამოყალიბებული იქნა 1942 წელს და იბრძოდა მესამე რეიხის მხარეს).

ამ პერიოდიდან მიხეილ ალშიბაიას მოღვაწეობა აქტიურ ფაზაში გადავიდა. 1951 წელს ამერიკელებისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს; „1940 წელს გერმანელებმა პარიზში დააპატიმრეს ჩვენი მთავრობა.. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „მოხუცები“ გვერდზე დარჩენილიყვნენ… რათა გერმანელებთან ღია კონტაქტებით არ მომხდარიყო „მოხუცების“ კომპრომეტირება“.

ქართული ემიგრაციის „ახალგაზრდულმა ფრთამ“ - მიხეილ კედია, გიორგი მაღალაშვილი, გივი გაბლიანი და სხვ. შექმნა არაპოლიტიკური ჯგუფი (ტექნიკური და სოციალური სამუშაოებისთვის), რომელიც 1943 წლიდან გარდაიქმნა სამეკავშირეო შტაბად. მიხეილ ალშიბაია გახლდათ შტაბის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და განაგებდა ფინანსურ განყოფილებას.    

ახალ სტუქტურას ჰქონდა კავშირი ნოე ჟორდანიას მომხრეებთან საფრანგეთში და მათ  მიზანს წარმოადგენდა გაერთიანებულიყვნენ ქართველი ხალხის გადასარჩენად, გაეწიათ კონტროლი 4 კავკასიური შტაბისთვის და ამასთან ერთად, უკრაინელები და ბელორუსები ჩაერთოთ ერთობლივ ბრძოლაში.

უნდა ითქვას, რომ სამხედრო ბანაკებში ქართველთა დახმარება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მ. ალშიბაია აქტიურად თანამშრომლობდა აბვერთან (გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერის ორგანო). მისი ინტერვიუდან ჩანს, რომ იგი მიეკუთვნებოდა იმ ქართველ ემიგრანტებს , რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა და უნარი წარედგინათ გერმანელებისთვის განსაკუთრებული მოთხოვნები.

ბრძოლებში გერმანიის არმიის წარუმატებლობას ქართველი ემიგრანტებისადმი უნდობლობა მოჰყვა. ვერმახტის მესამე სამმართველოს შტურმბანფიურერი ვოლფი ეჭვით უყურებდა კედიას და ალშიბაიას, მით უფრო მას შემდეგ, რაც მათი ოჯახები 1944 წელს მოკავშირეებისგან გათავისუფლებულ პარიზში დარჩნენ საცხოვრებლად.

საქმეს კიდევ უფრო ართულებდა დაპირისპირება ქართული ემიგრაციის ჯგუფებს შორის. მიხეილ ალშიბაია ინტერვიუში იხსენებს, რომ ქართველი ემიგრანტი შალვა ოდიშარია ინფორმაციას ავრცელებდა მასზე და კედიაზე, თითქოს ისინი „ამერიკის აგენტები“ იყვნენ.

ინტერვიუდან კარგად ჩანს, რომ ქართველ ემიგრანტებსა და გერმანულ მხარეს შორის მთავარი პრობლემა სტრატეგიული საკითხები იყო, რაც ძირითადად იმით იყო განპირობებული, რომ გერმანიის უმაღლეს ხელისუფლებაში საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ და ტერიტორიულ მოწყობაზე ომის შემდგომ პერიოდში ერთიან აზრი არ არსებობდა. ყველა სამინისტრო თავისი „ხაზის“ გატარებას ცდილობდა, დაბნეულმა ქართველმა ემიგრანტებმა კი აღარ იცოდნენ, ვის მიჰკედლებოდნენ.

ომის დასრულების შემდეგ სტალინმა მოითხოვა სსრკ-ს ტერიტორიებიდან წასული ემიგრანტების გადაცემა, რასაც შეეწირა კიდეც ბევრის სიცოცხლე.

1945 წელს მ. ალშიბაიას, გერმანიის მხარეზე მებრძოლ სხვა ქართველთა მსგავსად, მოუხდა შვეიცარიაში გადასვლა იმის შიშით, რომ მოკავშირეები მათ საბჭოთა კავშირს გადასცემდნენ. შემდეგ კი გრიგოლ ალშიბაიას მთელი ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

მიხეილ ალშიბაია ომის შემდგომაც აქტიურად გახლდათ ჩართული ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში. მისი პიროვნების შეფასება არაერთგვაროვანი იყო და არის, რაც უპირველესად 1940-1945 წლებში გერმანიის ნაცისტურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით აიხსნება.

მიხეილ ალშიბაია გარდაიცვალა ჰამბურგში 1967 წლის 13 აგვისტოს. დასაფლავებულია სოფელ ლევილის ძმათა სასაფლაოზე.

წყარო:

http://www.gcpciss.ge/ka/news/24-harvardis-proeqtis-respodenti-543-mikheil-alshibaia 

ალადაშვილი ბესიკ. „ჰარვარდის პროექტია“ ქართველი რესპონდენტები // არსენალი. თბილისი, 2021. სექტემბერი N5 (279). გვ. 54-58


გააზიარე: