| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი მაქარაშვილი![]()
Biographyგიორგი (გოგი) მაქარაშვილი 1932 წელს საფრანგეთში დაიბადა. მისი მშობლები ემიგრანტები იყვნენ. მამამისი, მიხეილ მაქარაშვილი (1903-1967), საქართველოდან ევროპაში 1922 წელს წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. გრენობლის ელექტრო-საინჟინრო ინსტიტუტში სწავლობდა, როცა გაიცნო პოლონეთიდან ჩასული სტუდენტი გოგონა, ელიზაბეტ გლასი (1907-2007). იქვე იქორწინეს. 1930 წლის 5 ივნისს დაიწერეს ჯვარი გრენობლის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. ორი შვილი ეყოლათ - გიორგი და ინესი (1935). ორივე მონტენებლოში დაიბადა. გოგი მაქარაშვილმა ბავშვობის წლები პოლონეთში, დედის სამშობლოში გაატარა, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. საფრანგეთში 1942 წელს დაბრუნდნენ და პარიზში დამკვიდრდნენ. აქ ისინი მუდმივად ხვდებოდნენ ქართველ ემიგრანტებს. გოგი მაქარაშვილი იგონებს, რომ მისი პირველი და საუკეთესო მეგობრები ქართველები იყვნენ. „მე მქვია გოგი (გიორგი) მაქარაშვილი. დავიბადე საფრანგეთში. ვარ ფრანგი ეროვნების და განათლება საფრანგეთში მივიღე“, - წერს თავის ავტობიოგრაფიაში გოგი მაქარაშვილი. მას საქართველო არასოდეს უნახავს, მაგრამ მიხეილისა და მისი ბიძაშვილების, კოტე და დურმიშხან ჟურულების მონათხრობი ისტორიებით შეიყვარა თავისი ისტორიული სამშობლო, განსაკუთრებით კი ჟურულების საგვარეულო სოფელი - არბო. გარდა ამისა, მიხეილ მაქარაშვილს ემიგრაციაში ყოფნის დროსაც არ გაუწყვეტია სამშობლოსთან ურთიერთობა. მას მიწერ-მოწერა ჰქონდა თავის ოჯახთან. 1966 წელს მიხეილის დამ, ირინა მაქარაშვილმა შეძლო უცხოეთში ჩასვლა და პრაღაში შეხვდა დიდი ხნის უნახავ ძმას. ერთი წლის შემდეგ ინესი და მისი მეუღლეც ჩამოვიდნენ საქართველოში. სამწუხაროდ, გოგი იმ დროს სამხედრო ვალდებულებას იხდიდა ალჟირში და მამიდა ვერ გაიცნო. ელიზაბეტ გლასმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც განაგრძო ქართველ ნათესავებთან ურთიერთობა. ის ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში (პირველად 1970 წელს) და სოფელი არბოც მოინახულა. გოგი მაქარაშვილმა დაამთავრა კომერციული კვლევების უმაღლესი სკოლა (HEHEC). სწავლის პერიოდში უხდებოდა კომერციული პრაქტიკის ჩატარება როგორც საფრანგეთში, ისევე სხვა ქვეყნებში და ეს ძალიან მოსწონდა, რადგან მოგზაურობით სიამოვნებას იღებდა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოხვდა პერუში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ადგილობრივ ბანკში მუშაობდა და იმის შესაძლებლობაც ჰქონდა, ბევრ საინტერესო ქვეყანაში ემოგზაურა. მალე მის ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოხდა, შევხვდა მომავალ მეუღლეს, კარმენ პელგუეროს. მაშინვე ვერ დაქორწინდნენ. გოგი საფრანგეთში დაბრუნდა და დაიწყო სამხედრო სამსახური საფრანგეთის არმიაში. მოგვიანებით ომის დროს, ოფიცრის რანგში მსახურობდა ალჟირში. სამწლიანი სამხედრო სამსახურის განმავლობაში შეყვარებულებს აქტიური მიწერ-მოწერა ჰქონდათ. სამი წლის შემდეგ იქორწინეს. კარმენი ესპანური წარმოშობის პერუელია. გოგიც პერუში დასაქმდა, ქალაქ ლიმაში. 1960 წელს ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს. ამის შემდეგ ახალშერთულ ცოლთან ერთად საფრანგეთში ჩავიდა და ერთი თვე თავის ოჯახთან ერთად გაატარა. მშობლებთან და დასთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. გოგი მაქარაშვილი დღემდე პერუში ცხოვრობს. 1991 წლამდე მუშაობდა ლიმაში შვეიცარიული „qimika-suisa“ წარმომადგენლობაში 12 საწარმოსგან შემდგარ ტექსტილის ჯგუფთან. მას და მის მეუღლეს ექვსი შვილი შეეძინათ - 4 ვაჟი და 2 ქალიშვილი. უკვე ჰყავს 12 შვილიშვილი, შვილთაშვილები და მისი დიდი ოჯახი კიდევ უფრო იზრდება. 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. გოგი მაქარაშვილი წერს, რომ ამ დღეს იმდენად ბედნიერი იყო, რომ შვილებთან ერთად დალია რამდენიმე ბოთლი ფრანგული შამპანური. სამწუხაროდ, ორი დღის შემდეგ, ჯგუფის აქციონერებთან შეხვედრისას, გულის შეტევა დაემართა და ექიმების რჩევით იძულებული გახდა წლის ბოლოს პენსიაზე გასულიყო. ამის შემდეგ 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, როგორც დამოუკიდებელი მრჩეველი. გოგი მაქარაშვილიპოლონეთში რამდენჯერმე იყო - ჯერ 30-იან წლებში, მოგვიანებით 1947 წელს, 1985 წელს კვლავ მოინახულა დედის ოჯახი. საქართველოში ჩასვლა და ნათესავების გაცნობა კი ვერ შეძლო, თუმცა მათთან შეხვედრით ძალიან არის დაინტერესებული. ფრანგულ ენაზე დაწერილ ავტობიოგრაფიაში გოგი მაქარაშვილი ყურადღებას ამახვილებს ერთ საერთო ფაქტზე მისი ოჯახის მამაკაცების ცხოვრებიდან: „მამაჩემს სურდა ოფიცერი ყოფილიყო, როგორც, მისი ძმა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო, რადგან როგორც ბაბუამ უთხრა, ინჟინერი უნდა გამოსულიყო. მე კი ოფიცერი გავხდი, მიუხედავად იმისა რომ არ მინდოდა, მე ხომ ომების წინააღმდეგ გამოვდიოდი და მშვიდობაზე ვოცნებობდი. ერთი დამატებითი დეტალი - ბაბუაჩემმა ილიამ (გენერალ-ლეიტენანტი ილია მაქარაშვილი.) უამრავი სამხედრო ჯილდო მიიღო. ახლაც ვინახავ მის წმინდა გიორგის ჯვარს. პირადად მე საფრანგეთის ჯარმა ორი მედალი გადმომცა, ერთზე ვერცხლის ვარსკვლავი იყო გამოხატული, ჩემი სიმამაცის ნიშნად. მამაჩემს უფრო მეტად სიამოვნებდა ეს, ვიდრე მე. მასაც გადაეცა მედალი საფრანგეთის მთავრობისგან, მაგრამ არა როგორც სამხედრო პირს, არამედ როგორც Peugeot - ის კარგ თანამშრომელს. მე დღემდე ვინახავ ოთხივე მედლს“, - წერს ავტორი. აღსანიშნავია, რომ ილია მაქარაშვილის მიერ მოპოვებული ოქროს ხმალი და ორდენები 1966 წელს ირინა მაქარაშვილმა მალულად ჩაიტანა პრაღაში და ძმას გადასცა, რადგან თვლიდა, რომ მამის ჯილდოები მის ვაჟთან უნდა ყოფილიყო დაცული. როგორც ჩანს ეს ჯილდოები მემკვიდრეობით გადაეცა გოგი მაქარაშვილს და ახლა მის ოჯახში ინახება, ისევე როგორც მიხეილ მაქარაშვილს ფრანგულ ენაზე დაწერილი მოგონებების ხელნაწერი, რომელშიც ის მოგვითხრობს თავის ბავშვობაზე, ოჯახზე, საქართველოში გატარებულ წლებზე და თავის წინაპრებზე. წყარო: სოსიაშვილი გ. გენერალი ილია მაქარაშვილი და მისი შთამომავლობა პერუსა და საფრანგეთში //„მაცნე'', ისტ., არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. 2021, №1. გვ. 77-110 სოსიაშვილი გიორგი. არბო, პარიზი, ლიმა: არბოს ისტორიიდან: ჟურულების და მაქარაშვილების ოჯახური მეხსიერება. - თბილისი, 2022
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

