The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ მაქარაშვილი

მიხეილ მაქარაშვილი
სხვა სახელი:მიშა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 1967  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

მიხეილ (მიშა) მაქარაშვილი დაიბადა 1903 წლის 7 ოქტომბერს (ძველი სტილით, ახალი კალენდრით 20 ოქტომბერი), საქართველოსა და სომხეთის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქ ჯალალ ოღლიში, სადაც იმ პერიოდში მამამისი, ილია მაქარაშვილი (1854-1912) ქალაქის გარნიზონს ხელმძღვანელობდა.

გენერალ-ლეიტენანტი ილია საყვარელას ძე მაქარაშვილი ჩასიძებული იყო გორის მაზრის სოფელ არბოში, ჟურულების ოჯახში. მისი მეუღლე იყო ნინო დურმიშხანის ასული ჟურული (1865-1948). ჯვარი დაიწერეს 1891 წელს არბოს დიდ ჯვარ–გუმბათოვან წმ. გიორგის სახელობის ტაძარში.

ილიას და ნინოს 6 შვილი ეყოლათ. სამი შვილი - გიორგი, ბარბარა და მარიკა, ადრეულ ასაკში გარდაიცვალენ საყმაწვილო სენით. კიდევ ერთი ვაჟი - ნიკოლოზი, ანუ ნიკუშა (1897-1918), სამხედრო იყო და 1918 წლის 10 იანვარს დაიღუპა შამქორის შეტაკებისას, აზერბაიჯანული ქალაქის, ელიზავეტპოლის მახლობლად. იმ დროს მამამისი უკვე გარდაცვლილი იყო. ზრდასრულ ასაკს მიაღწია მხოლოდ ორმა უმცროსმა შვილმა - ირინამ და მიხეილმა.

მიშა მაქარაშვილი არბოში მონათლეს და იქვე ცხოვრობდა ბებიასა და ბაბუასთან. მას უნდოდა მამისა და უფროსი ძმის მსგავსად სამხედრო ოფიცერი გამხდარიყო, მაგრამ მამის თხოვნა გაითვალისწინა და თბილისის ახალდაარსებულ უნივერსიტეტში საინჟინროზე ჩააბარა. 1922 წელს კი სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად, ევროპას მიაშურა.

მიხეილს ოჯახთან მიმოწერა მუდმივად ჰქონდა. ერთ-ერთ პირველ, 1922 წლის 30 სექტემბრით დათარიღებულ წერილში იგი აღნიშნავს, რომ ევროპაში ბათუმიდან გაემგზავრა უკანასკნელი ფრანგული გემით და სამწუხაროდ, საზღვარზე  ჩამოართვეს სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა. ამის გამო ძალან წუხს და დედას სთხოვს დახმარებას: „ბათუმში ყველა წერილთან ერთად უნივერსიტეტის მოწმობაც ჩამომართვეს, რომელიც ადასტურებდა, რომ საინჟინრო-მექანიკური ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი. თუ ღმერთი გწამს, უნივერსიტეტში მიდი და აუხსენი, რომ ბათუმში ჩამომართვეს, რადგან ქართულ ენაზე იყო. მათ ახალის მოცემა თხოვე, რადგან ყოველივეს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად შეეცადე და პარმენს გადაეცი, ის კი „ჩემო“-ს საბუთებთან ერთად გამომიგზავნის“.

მიხეილი ბათუმიდან კონსტანტინოპოლში ჩავიდა. შემდეგ ჰააგაში გაემგზავრა, სადაც იქ მყოფ ქართველებთან ვინმე ცქიტიშვილთან და დეკანოზოვებთან (ანდრია დეკანოზიშვილის ოჯახი) დაბინავდა. ჰააგაში მან სულ ათიოდე დღე გაატარა, მერე კი გარკვეული პერიოდი გერმანიის ქალაქ კარლსრუეში გაჩერდა. 

1922 წლის 11 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, გერმანიაში მყოფი მიხეილ მაქარაშვილი ოჯახს ატყობინებდა, რომ საშობაოდ ბერლინში ბიძასთან - გიორგი ჟურულთან აპირებდა სტუმრობას.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი გიორგი ჟურული 1921 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მიხეილი ბიძის ოჯახს ნიდერლანდებში შეუერთდა, იქიდან სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ სწავლა გრენობლის ( საფრანგეთი) ელექტრო-საინჟინრო ინსტიტუტში გააგრძელა (1927-1928 წ.წ.).

როგორც სტუდენტს, მას მუშაობა უწევდა, რათა სწავლის გადასახადი დაეფარა. იგი ჯერ შაქრის ქარხანაში მუშაობდა მუშად, შემდეგ ერთ-ერთი წარჩინებული ოჯახის მძღოლი იყო. 1930 წლის 5 მაისს, საქართველოში გამოგზავნილ წერილში კი იტყობინებოდა, რომ „Peugeot“-ის ქარხანაში მოეწყო სამუშაოდ. 

მიხეილ მაქარაშვილი ემიგრაციაში დაოჯახდა. მან 1930 წლის 5 ივნისს, გრენობლის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაიწერა ჯვარი პოლონელ ქალბატონზე - ელიზაბეტ გლასზე, რომელთანაც ორი შვილი გიორგი (1932) და ინესი (1935) შეეძინა. მიხეილის და ელიზაბეტის ორივე შვილი მონტენებლოში დაიბადა.

გარკვეული პერიოდი, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ოჯახი პოლონეთში ცხოვრობდა. საფრანგეთში 1942 წელს დაბრუნდნენ და პარიზში დამკვიდრდნენ.

მიხეილ მაქარაშვილი 32 წლის განმავლობაში მუშაობდა „პეჟოს“ („Peugeot“) საავტომობილო ქარხანაში, როგორც დამპროექტებელი ინჟინერი. მანამდე იგი ჯერ სოშოს საავტომობილო ქარხანაში საქმიანობდა, შემდეგ კი, ფოლადის „Valentigney“-ის საწარმოში და ბოლოს პარიზში, სადაც 1942 წელს გადაიყვანეს.

მიხეილ მაქარაშვილს ემიგრაციაში წასვლამდე ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. მათ შორის მხატვარ ელენე ახვლედიანთან, რომელსაც მისი პორტრეტიც დაუხატავს.

ემიგრაციაში ის ახლობლობდა საფრანგეთში მოღვაწე იურისტთან - მიხეილ მუსხელიშვილთან (მიშელ მუსხელი), რომელიც შემდგომში სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ოჯახის სახელზე გამოგზავნილ, 1926 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული წერილიდან ირკვევა, რომ მათ ერთად იმოგზაურეს მონტე-კარლოსა და ნიცაში.

თბილისში, საქართველოს ხელოვნების სასახლის მაქარაშვილების ფონდში დაცულია საფრანგეთიდან გამოგზავნილი მიხეილ მაქარაშვილის ათობით წერილი. მათი უმეტესობა რუსულ ენაზეა დაწერილი. წერილებში იგი სამშობლოში მყოფ ოჯახის წევრებს ემიგრანტულ ცხოვრებაზე მოუთხრობს. მის ბარათებში საინტერესო ცნობებია უცხოეთში მცხროვრებ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებზე.

ემიგრაციაში გაგრძელდა მაქარაშვილების შთამომავლების მოღვაწეობაც. მიხეილის ვაჟმა სამხედრო სავალდებულო სამსახური საფრანგეთის არმიაში მოიხადა. აქვე მიიღო უმაღლესი განათლება და პროფესიულ საქმიანობას შეუდგა. მცირე ხანში სამსახურიდან სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე იქნა მივლინებული. პერუს დედაქალაქ, ლიმაში, გაიცნო მან მომავალი მეუღლე, კარმენი. დაოჯახების შემდეგ იქვე დამკვიდრდნენ. მათ ექვსი შვილი შეეძინათ. მალე ინეს მაქარაშვილიც გათხოვდა. ის ჟან-პიერ საილოს გაჰყვა ცოლად და საფრანგეთში ცხოვრობს. მას ორი ქალიშვილი ჰყავს.

1966 წელს ირინას მეუღლის, ცნობილი მეცნიერის - ანატოლი კიზირიას დიდი ძალისხმევით, ირინამ ევროპაში წასვლის ნებართვა მიიღო და ჩეხოსლოვაკიაში, კერძოდ, ქალაქ პრაღაში შეხვდა დიდი ხნის უნახავ ძმას. ერთი წლის შემდეგ კი ინესი და მისი მეუღლეც ჩამოვიდნენ საქართველოში.

მიხეილ მაქარაშვილს ფრანგულ ენაზე აქვს დაწერილი მოგონებები თავის ბავშვობაზე, ოჯახზე, საქართველოში გატარებულ წლებზე. მოგონებებში ცოცხლდება მიხეილის  პაპა, ცნობილი საზოგადო მოღვაწე - დურმიშხან ჟურული და მისი მეუღლე, ქეთევან ნამორაძე, რომლის სახელსაც უკავშირდება ბათუმის თეატრის დაარსება, მიხეილის მამის - გენერალ-ლეიტენანტ ილია მაქარაშვილის სახლობა. მოგონებებში ძალზე საინტერესო ცნობებია მაქარაშვილების გვარის წარმომავლობაზე, რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომზე, 1918 წლის სადგურ შამქორთან გამართულ შეტაკებაში დაღუპულ ნიკოლოზ მაქარაშვილზე. მოგონებების ხელნაწერი, ფრანგულ ენაზე, ინახება ქალაქ ლიმაში, გიორგი (გოგი) მაქარაშვილის ოჯახში.

ემიგრაციაში მყოფ მიხეილ მაქარაშვილს ძალზე ენატრებოდა თავისი სამშობლო, განსაკუთრებით კი სოფელი არბო (ოჯახის წევრებს არბოს ფოტოსურათების გაგზავნას სთხოვდა). იგი იხსენებდა „გერისთობის“ დღესასწაულს მშობლიურ სოფელში. ერთ-ერთ წერილში წერდა, რომ სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა, ბევრი ხელისშემშლელი მიზეზი არსებობდა.

სამწუხაროდ, მიხეილ მაქარაშვილს სამშობლო აღარ უნახავს. იგი 1967 წლის დეკემბერში, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. აქვე განისვენებს მისი მეუღლე, ელიზაბეტ გლასი, რომელიც თითქმის ას წელს მიღწეული გარდაიცვალა 2007 წელს.

წყარო:

სოსიაშვილი გიორგი. არბო, პარიზი, ლიმა: არბოს ისტორიიდან: ჟურულების და მაქარაშვილების ოჯახური მეხსიერება. - თბილისი, 2022

სოსიაშვილი გიორგი. მიხეილ მაქარაშვილის წერილები და მოგონებები //ქართული წყაროთმცოდნეობა / ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2022. N24. გვ. 221-242

სოსიაშვილი გიორგი. მიხეილ მაქარაშვილის წერილები და მოგონებები // მაცნე: ისტ.,   არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტ. სერია. თბილისი, 2023. N2.  გვ.63-79

სოსიაშვილი გიორგი. მიხეილ მაქარაშვილის წერილები და მოგონებები // მაცნე: ისტ.,   არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტ. სერია. თბილისი, 2024. N1. გვ. 186-204.


გააზიარე: