| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ილია მაქარაშვილი![]()
Biographyილია საყვარელას ძე მაქარაშვილი დაიბადა 1854 წლის 1 დეკემბერს ქ. ქუთაისში. წარმოშობით ონის რაიონის სოფელ ღარიდან იყო. დედა - ბარბარე ჯაფარიძე. დაამთავრა კიევის ვლადიმირის სამხედრო გიმნაზია (1872), პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელი (1874) და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა; მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878). იყო 39-საარტილერიო ბრიგადის შტაბს-კაპიტანი. თურქეთის წინააღმდეგ (დევე-ბოინუ) ბრძოლაში (1877 წლის 23 ოქტომბერს) გამოჩენილი მამაცობისთვის 1878 წლის 23 დეკემბერს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით; 1895 წლიდან მეთაურობდა გრენადერთა 1-ელი საარტილერიო ბრიგადის I ბატარეას, ხოლო 1897 წლიდან კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის I ბატარეას; 1898 წელს მომავალი გენერალი კავკასიის 1-ლი სარეზერვო საარტილერიო ბრიგადის დივიზიონის ხელმძღვანელი გახდა. 1902 წელს კი მე-7 ნაღმმტყორცნელ პოლკს ჩაუდგა სათავეში (1902-1904); შემდგომ წლებში მეთაურობდა: 67-ე საარტილერიო (1904), თურქესტანის მე-2 და 52-ე საარტილერიო ბრიგადებს (1904 ივლ.- 1910); 1882 წელს კაპიტნის წოდება მიიღო, 1895 წელს - პოდპოლკოვნიკის, 1898 წელს -პოლკოვნიკის, 1904 წელს - გენერალ-მაიორის, 1908 წელს კი გენერალ-ლეიტენანტის; 1910 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მათ შორის: ოქროს იარაღი (1878), წმ. სტანისლავის (1877), წმ. ანას (1886), წმ. ვლადიმირის მე-4 (1878) და მე-3 (1901) ხარისხის ორდენები და სხვ.; ილია მაქარაშვილმა ცოლად შეირთო ნინო დურმიშხანის ასული ჟურული (1865-1948), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, გიორგი ჟურულის უმცროსი და. ჯვარი დაიწერეს 1891 წელს, ახალაშენებულ არბოს დიდ ჯვარ–გუმბათოვან წმ. გიორგის სახელობის ტაძარში. გორის მაზრის სოფელი არბო ჟურულების მშობლიური სოფელი იყო. ახალ შეუღლებულებიც აქ დასახლდნენ და იქვე დაიბადნენ მათი შვილები. ილიას და ნინოს ექვსი შვილი ჰყავდათ: გიორგი, ბარბარა, ნიკოლოზი, მარიკა, ირინე და მიხეილი. აქედან სამნი – გიორგი, ბარბარა და მარიკა - ბავშვობაში სახადით გარდაიცვალნენ. მათი ერთ-ერთი ვაჟი -- ნიკოლოზი (ნიკუშა) სამხედრო ოფიცერი იყო და მისი სიცოცხლე ნაადრევად შეწყდა 1918 წელს, აზერბაიჯანული ქალაქის ელიზავეტპოლის მახლობლად, შამქორის შეტაკებისას. ამ დროს მამამისი უკვე გარდაცვლილი იყო. ზრდასრულ ასაკს მიაღწია მხოლოდ ორმა უმცროსმა შვილმა - ირინამ და მიხეილმა. მიშა მაქარაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-მექანიკური ფაკულტეტის სტუდენტი იყო და1922 წელს სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში გაემგზავრა. ირინა და დედამისი საქართველოში დარჩნენ. მიხეილი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და საბოლოოდ საცხოვრებლად საფრანგეთში დამკვიდრდა. ილია მაქარაშვილი 1912 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალეს არბოს გუმბათოვან ეკლესიაში. აქვეა ნიკუშა მაქარაშვილის საფლავი და ჟურულების წინაპართა საფლავებიც. გენერლის მეუღლეს, ნინო ჟურულს, ბოლშევიკები სასტიკად მოექცნენ, მას ჯერ ქონება ჩამოართვეს, ბოლოს კი სოფლიდან გააძევეს. ის 1948 წლის 4 სექტემბერს გარდაიცვალა. საბჭოთა ხელისუფლებამ ოჯახს უფლება არ მისცა, რომ ნინო მეუღლის გვერდით ტაძარში დაეკრძალათ. ამიტომ მისი ნეშთი სოფლის სასაფლაოზე განისვენებს. აღსანიშნავია, რომ 1966 წელს ირინა მაქარაშვილმა მამის ოქროს ხმალი და ორდენები პალტოში გამოკერილი ჩაიტანა ევროპაში და თავის ძმას საფრანგეთში მცხოვრებ მიხეილ მაქარაშვილს პრაღაში შეხვედრის დროს გადასცა, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ურჩევდნენ ამ რისკზე არ წასულიყო. მას სურვილი ჰქონდა, რომ ილია მაქარაშვილის ჯილდოები მისი ვაჟის ოჯახში ყოფილიყო დაცული, წყარო: https://georgianencyclopedia.ge/ka/form/30076 სოსიაშვილი გ. გენერალი ილია მაქარაშვილი და მისი შთამომავლობა პერუსა და საფრანგეთში //„მაცნე'', ისტ., არქეოლ., ეთნოლ. და ხელოვნ. ისტორიის სერია. 2021, №1. სოსიაშვილი გიორგი. არბო, პარიზი, ლიმა: არბოს ისტორიიდან: ჟურულების და მაქარაშვილების ოჯახური მეხსიერება. - თბილისი, 2022
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

