The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნინო რუსია

ნინო რუსია
ოფიციალური სახელი:ნინო თოფურიძე
სხვა სახელი:ნინა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:5 დეკემბერი, 1949  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ნინო (ნინა) ალექსანდრეს ასული რუსია დაიბადა 1880 წელს, სოფელ ხეთაში (ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრა, ამჟამად ხობის მუნიციპალიტეტი). მისი უფროსი ძმა იყო ეკონომისტი, მეცნიერი და პოლიტიკოსი დიომიდე თოფურიძე (1871-1937), რსდმპ-ის („მენშევიკების“ ფრაქცია) წევრი.

დიომიდე თოფურიძე სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, შემდგომ - ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1892 წელს მოსწავლეებთან ერთად დააარსა თვითგანვითარების წრე. გამოსცემდნენ ხელნაწერ ჟურნალს, აწყობდნენ რეფერატების განხილვას და ეცნობოდნენ აკრძალულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიტერატურას. ამ დროიდან დაინტერესდა მარქსიზმით.

პირველი მარქსისტული წრეების წევრი ქუთაისში ძმასთან ერთად ნინო თოფურიძეც იყო. იგი ითვლება პირველ ქალ მარქსისტ ორგანიზატორად. აქტიურად მუშაობდა პარტიულ სტრუქტურებში. შემდგომში ისიც გახდა რსდმპ-ის („მენშევიკების“ ფრაქცია) წევრი.

ნინო თოფურიძე ცოლად გაჰყვა პოლიტიკოს მელიტონ რუსიას (1878-1951), პროფესიით ვექილს. მას დამთავრებული ჰქონდა კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, იყო რსდმპ-ის წევრი, მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში.

1918-1921 წლებში დიომიდე თოფურიძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი, ისევე, როგორც მელიტონ რუსია, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.

ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ მელიტონ რუსია ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1921 წლიდან ცხოვრობდნენ საფრანგეთში.

ნინო თოფურიძე-რუსია დიდი ხნის ავათმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა პარიზში, 1949 წლის 5 დეკემბერს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.

დიომიდე თოფურიძე ემიგრაციაში არ წასულა. იგი საქართველოში დარჩა და შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა. 1926 წელს გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი “საქართველოს ეკონომიკის საფუძვლები”.1930 წლისთვის გადაწყვიტა, მთლიანად სამეცნიერო კვლევებისთვის დაეთმო დრო. გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი საქართველოს ეკონომიკის, სახალხო მეურნეობისა და ფინანსების საკითხებზე. მიუხედავად ამისა, 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს მაინც დააპატიმრეს, „შოვინისტურად განწყობილი ქართული ინტელიგენციის წევრების გადაბირების“ ბრალდებით.და 1937 წლის 11 დეკემბერს დახვრიტეს. 1939 წელს ბაქოში დააკავეს მისი შვილი, ინჟინერი ალექსანდრე თოფურიძე, რომელსაც დააბრალეს „კონტრევოლუციური აგიტაცია“ და ჯერ გადაასახლეს, ხოლო 1942 წელს დახვრიტეს.

წყარო:

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge 

https://ka.wikipedia.org/wiki/დიომიდე_თოფურიძე

ნინო რუსია: ცნობა გარდაცვალების შესახებ // ჩვენი დროშა=NOTRE DRAPEAU: ორგანო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროსი. პარიზი, 1950. თებერვალი. N5. გვ.48


გააზიარე: