The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნანა ღონღაძე

ნანა ღონღაძე
Legal name:ნანა ღონღაძე
Other name:Nana Gongadze
Date of birth:27 August, 1946  (79 years)
Category:Journalist

Biography

ჟურნალისტი, ტელეპროდიუსერი და დოკუმენტური ფილმების რეჟისორი ნანა ღონღაძე - დაიბადა 1946 წელს თბილისში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის 50-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე გააგრძელა. სტუდენტობის პარალელურად, ნანა ღონღაძემ, როგორც მოდელმა, ქართველი დიზაინერების ტანსაცმლის კოლექციათა ნიმუშები სამ საერთაშორისო გამოფენაზე, ბულგარეთში 1966 წელს, მოსკოვში 1967 წელს და თურქეთში 1968 წელს წარადგინა.[1] ამასგარდა, იგი 1969-72 წლებში საქართველოს ხალხურის ცეკვის აკადემიური დამსახურებული ანსაბლის ბალეტის მსახიობი გახლდათ.[2] 1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის დიქტორად, რედაქტორად, კორესპონდენტად, კომენტატორად და მთავარ რედაქტორად. აშუქებდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ მოვლენებს, ასევე ბუნებრივ კატაკლიზებს. მის მიერ რუსულ ენაზე მომზადებული გადაცემები საბჭოთა ცენტრალური ტელევიზიისა და ინტერვიზიის პროგრამებში გადაიცემოდა. 1989-1993 წლებში ნანა ღონღაძე საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიის საკორესპონდენტო განყოფილების გამგის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი, როგორც ცენტრალური ტელევიზიის საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში, ყოველდღიურად აწვდიდა მრავალმილიონიან აუდიტორიას ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

ნანა ღონღაძე აშუქებდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას, საქართველოს გარდამავალ პერიოდს, პირველი ეროვნული მთავრობის და პრეზიდენტის არჩევნებს, სამოქალაქო სამხედრო დაპირისპირებას და ეთნიკურ კონფლიქტებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.[3] 1993 წელს საბჭოთა ტელევიზიის დახურვის შემდეგ, მან მოღვაწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა. 1994-1996 წლებში ნანა ღონღაძე კორესპონდენტად მუშაობდა რუსულ-ამერიკულ სატელევიზიო მაუწყებლობა WMNB-ში. მისი დოკუმენტური ფილმი აფხაზეთის ომზე — „საბჭოთა მემკვიდრეობა“ ნაჩვენები იყო WMNB TV-ზე, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში და ასევე ვაშინგტონის და ლიის უნივერსიტეტში. 1996-1997 წლებში ის მოლდოვაში USAID-ის პრივატიზაციის პროექტის სატელევიზიო გადაცემების კოორდინატორი იყო. 1997 წლიდან 15 წლის განმავლობაში, იგი თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „SCOLA“-სთან და აწვდიდა მათ ქართული ენის შემსწავლელთათვის ვიდეო ჩანაწერებს.

1997-2003 წლებში ნანა ღონღაძე სატელევიზიო კომპანია "Global Village Communications"-ის ტელეპროდიუსერად მუშაობდა, მან ხუთჯერ მოიპოვა ამერიკის სახელმწიფო დეპარდამენტის გრანტი, რომლითაც მოამზადა გადაცემათა სერია „ამერიკის პოლიტიკური სისტემა“. იგი აშუქებდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებს და სატელევიზიო ფორუმებს, ნატოს 50-ე წლის იუბილეს ვაშინგტონში, სამხედრო ვიზიტებს პენტაგონიდან, ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის საარჩევნო კამპანიას. ნანა ღონღაძე ასევე იყო აკრედიტებული ჟურნალისტი თეთრ სახლში, ამერიკის კონგრესსა და ჰოლივუდში, იგი მაყურებელს აცნობდა რიგითი ამერიკელების ყოველდღიურ ცხოვრებას და ქართული დიასპორის მნიშვნელოვან მოვლენებს.

2003-2008 წლებში ნანა ღონღაძე მოღვაწეობდა „Voice of America (VOA) Eurodivison“-ის დეპარტამენტის ვიდეოჟურნალისტად, რომელის ფარგლებშიც ტელეოპერატორის, ვიდეომონტაჟორის და ჟურნალისტის ფუნქციებს ითავსებდა. 2008 წლიდან დღემდე, იგი, როგორც დამოუკიდებელი პროდიუსერი ვიდეოფილმების შექმნას შეუდგა, მათ შორის აღსანიშნავია „სტალინური მოზაიკა“, „დავით ჭავჭავაძე“, „პრიმა-ბალერინა თამარ თუმანიშვილი“, „მაიაკოვსკის ქალიშვილი“ და სხვები. 2019 წელს ნანა ღონღაძემ გამოსცა წიგნი „ცხოვრება პუანტებზე — XX საუკუნის პრიმაბალერინა“ ცნობილ ამერიკელ პრიმა-ბალერინაზე და ჰოლივუდის კინომსახიობ - თამარ თუმანიშვილზე.[4] ნანა ღონღაძის მონაწილეობით 2024 წელს შეიქმნა დოკუმენტური ფილმები: დათო ბოლქვაძე - ახალგაზრდა ქართველ ოპერატორზე, ცეკვის რაინდ-ქორეოგრაფ ბუხუტი დარახველიძეზე, მათი ჩვენება თბილისის კინოს სახლში გაიმართა. ასევე ვიდეომოგონების პრემიერა ცნობილ, ქართველ მუსიკათმცოდნე, ევგენი მაჭავარიანზე - თბილისის კონსერვატორიაში შედგა 2025 წლის 18 ივნისს.

ნანა ღონღაძე დაოჯახებულია: მისი პირველი მეუღლე ასევე ცნობილი ჟურნალისტი - თენგიზ სულხანიშვილი გახლდათ.[5] ამჟამად ის – ამერიკელ ტელეპროდიუსერ ფრენკ კემპზეა დაოჯახებული.[6] მას ჰყავს ქალიშვილი - ელისაბედ სულხანიშვილი, შვილიშვილები – თინათინი და ლუკა კორინთელები, ასევე შვილთაშვილები სანდრო ლინდსტედტი და სება კორინთელი.

2025 წელს, ნანა ღონღაძეს, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია „ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის“ მიენიჭა.[7][8]

  1.  თეონა გოგნიაშვილი, Sputnik საქართველო, ნანა ღონღაძე – 90-იანი წლების ექსკლუზივები, ცხოვრება კადრში და კადრს მიღმა, 20 მარ. 2017
  2.  ნინო სუხიშვილი, სუხიშვილები მოგონებები, გამომეცემლობა პოლარის პრინტი, თბ., 2024, ISBN 978-9941-8-7163-4
  3.  საინფორმაციო პორტალი ამბები.GE, ავტორი მანანა გაბრიჭიძე, სტატია: ქართველი ჟურნალისტის თავს გადახდენილი ამბები და ამერიკული ცხოვრება 23 აგვ. 2023
  4.  ნანა ღონღაძე, თამარ თუმანიშვილი ცხოვრება პუანტებზე - XX საუკუნის პრიმაბალერინა, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ., 2019, ISBN 978-9941-25-572-4
  5.  პირველი არხი, სტატია: გარდაიცვალა ტელეწამყვანი თენგიზ სულხანიშვილი 3 ივნ. 2020
  6.  გადაცემა იმედის დილა, თემა: ნანა ღონღაძის წარსული და დღევანდელობა, 19 მარ. 2019
  7.  რადიო იმედი, თემა: ნანა ღონღაძის ორი ცხოვრება ეპოქების გადაკვეთაზე, 21 ივნ. 2025
  8.  საქართველოს რადიო, პიკის საათი, ეკა ხითარიშვილის საავტორო რუბრიკა „ადამიანი“ – ნანა ღონღაძე, 30 ივნ. 2025

Awards and Honors

  • 2025 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია, ჟურნალისტიკა (საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია)
    ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 2025 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ჟურნალისტიკა (საწართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია)
    ქართულ ჟურნალისტიკაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის

Bibliography


Share: