| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ანდრია დეკანოზიშვილი![]()
Biographyმწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ანდრია (ანდრო) დიმიტრის ძე დეკანოზიშვილი დაიბადა 1867 წელს გორის მაზრის სოფელ რუისში. 1891წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1897 წელს - ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. თანამშრომლობდა „ცნობის ფურცელსა" და სხვა ქართულ გაზეთებთან. გამოქვეყნებული აქვს 5 ნოველა გაზეთ „კვალში" („პეპელა", 1893; „დაღუპული", 1893; „სულერთია, ხომ ვეღარ გამობრუნდება", 1895; „ის კი მიდიოდა", 1896; „სხვისია, სხვისი!" 1897). ნოველები ითარგმნა რუსულად. 1899 წლიდან პარიზში ცხოვრობდა და ფრანგულ ენას სწავლობდა. ამ პერიოდში მატერიალურად ძალიან უჭირდა, რაც კარგად ჩანს იაკობ ფანცხავასადმი გაგზავნილი მისი წერილიდან: „არავის ვურჩევ 50 მანეთით აქ ცხოვრებას. ცოტა ძნელია. მეტადრე ზამთარში. შენ წარმოიდგინე აბა: ჩაცმა-დახურვა, ჭამა-სმა, ოთახი, ცეცხლი, სარეცხი და დანარჩენი ფულით წიგნების შეძენა. ეს სწორედ ახნაზაროვის საახალწლო ფელეტონს მაგონებს: 9 მანეთი და სამი აბაზი რომ დაუნიშნა რედაქტორმა, დილის 6 საათიდან გათენების 4 საათამდე რედაქციაში უნდა იყოო. წერე ფელეტონები, მოწინავე წერილები, მიმოხილვები, ნაკვესები… და სხვ. დანარჩენი დრო თვითგანვითარებას მოახმარეო“, - წერს ანდრია. ევროპაში (პოლონეთი, საფრანგეთი) ყოფნის შემდეგ ანდრია სამშობლოში 1890-იანი წლების ბოლოს დაბრუნდა. დაახლოებით იმავე დროს ჩამოვიდა მისი ახლობელი ნათესავი და მეგობარი გიორგი დეკანოზიშვილი. 1901 წლიდან ორივე ერთად გამოჩნდა „ცნობის ფურცელთა“ ეროვნულ–რადიკალურ ჯგუფში. ანდრია მონაწილეობდა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დაარსებისთვის შემდგარ საინიციატივო ჯგუფში, სადაც ის აირჩიეს ხუთი კაცისაგან შედგენილ მთავარ კომიტეტში არჩილ ჯორჯაძესთან, გიორგი დეკანოზიშვილთან, ვლადიმერ ლორთქიფანიძესთან და გიორგი ლასხიშვილთან ერთად. ამ კომიტეტის ბაზაზე შეიქმნა პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში – სოციალ-ფედერალისტთა ჯგუფი და დაიწყო მუშაობა პარტიის შესაქმნელად. ანდრო დეკანოზიშვილი მონაწილეობას იღებდა პარტიის პროგრამის შემუშავებასა და საერთოდ, მის საქმიანობაში. 1910 წელს ანდრიამ მუშაობა დაიწყო ბათუმის თვითმმართველობაში, სადაც აირჩიეს ბათუმის “ურთიერთკრედიტის” ბანკის დირექტორად. 1920 წელს იყო საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელი ჰააგაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე ფაქტო და დე იურე ცნობასთან დაკავშირებით, უცხოეთში გაიხსნა საქართველოს საელჩოები, საკონსულოები თუ დიპლომატიური წარმომადგენლობები. ანდრია დეკანოზიშვილი იყო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი არგენტინაში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა არგენტინასთან ურთიერთობასა და არგენტინის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურედ აღიარების საქმეში. შემდეგ დანიშნეს არგენტინაში დესპანად, მაგრამ დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო აღარ დასცალდა იქ გამგზავრება, 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში, მეუღლესთან - ელენე (ელია) ელიაშვილთან ერთად; ანდრია დეკანოზიშვილი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული განძის გადარჩენაში. ბოლშევიკთა ხელყოფისაგან განძის დაცვა ექვთიმე თაყაიშვილს დაევალა. თურქეთიდან ჩასულ გემს მარსელში დახვდნენ მთავრობისაგან მივლინებული მეცნიერი და დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა რწმუნებული ანდრია დეკანოზიშვილი. განძი მათი დახმარებით გადაიტანეს მარსელის ბანკში. ანდრო დეკანოზიშვილი ცხოვრობდა საფრანგეთის ქალაქ დრავეილში. გარდაიცვალა 1955 წლის 27 იანვარს აბონდანში (საფრანგეთი), ქართ ველებისა და უკრაინელების მოხუცთა თავშესაფარში.დაკრძალულია ჟიუვიზის სასაფლაოზე. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ანდრია_დეკანოზიშვილი საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.360; შველიძე, დიმიტრი. გიორგი დეკანოზიშვილი-მამულიშვილის დაბრუნება / დიმიტრი შველიძე, გიორგი გაფრინდაშვილი. - თბილისი, 2010. გვ. 28 საფრანგეთში გარდაცვალებულნი : ჟიუვიზის სასფლაო // ლტოლვილთა საძვალენი : 1921-1974. - პარიზი, 1971. - გვ. 24 ბათუმიდან დეპეშით გვატყობინებენ…: საკრედიტო საზოგადოების დირექტორად ანდრია დეკანოზიშვილის არჩევა // სახალხო გაზეთი. თბილისი. 1910. 29 ივნისი. N44. გვ. 3 წერეთელი მ. ძვირფასი ნეგობრის ხსოვნას; [ანდრო დეკანოზიშვილის გარდაცვალების გამო] // ბედი ქართლისა, პარიზი, 1955. სექტემბერი. N20. გვ.23-25
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

