The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამარ ივერი

თამარ ივერი
Legal name:თამარ ჯავახიშვილი
Date of birth:8 September, 1971  (54 years)
Category:Singer

Biography

საოპერო მომღერალი (სოპრანო) თამარ ჯავახიშვილი (თამარ ივერი) დაიბადა 1971 წლის 8 სექტემბერს  ქ. თბილისში. ოპერის სოლისტი (ბარიტონი) იყო მისი მამაც, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი - ავთანდილ ჯავახიშვილი. დედა - მერი ყიფიანი გერმანული ენის სპეციალისტი გახლდათ.

თამარ ივერი ბავშვობიდან მღეროდა. იგი მამას კონცერტებზე დაჰყვებოდა და ზეპირად იცოდა მთელი მისი რეპერტუარი. მომღერალი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით მის შემოქმედებით წინსვლაში.

თამარს დაამთავრებული აქვს თბილისის N150 სკოლა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (1996);

1995–2000 წწ. იყო ბათუმის საოპერო თეატრის სოლისტი (ლირიული სოპრანო);

მისი დებიუტი შედგა ბათუმის საოპერო თეატრში, სადაც, ის სოლო პარტიას ასრულებდა. შემდეგ, იყო პირველი წარმატებული გამოსვლა ჯ. ვერდის “ოტელოში” პაატა ბურჭულაძის “ბრავოს“ ფესტივალზე (1998) და მისი ნიჭის საერთაშორისო აღიარება.

მომღერალი არის საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული: საერთაშორისო კონკურსი "ვერდის ხმების" II პრემია (1998, ბუსეტო, იტალია); მოცარტის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (ზალცბურგი) "გრან პრი", I პრემია (1999); ჰელპმანის პრესტიჟული პრემია (ავსტრალია); "შტაატსოპერა" ებერჰარდ ვეხტერის ჯილდო (ვენა), ტატიანას როლის საუკეთესო შესრულებისთვის; მემედ აბაშიძის სახელობის პრემია;

როცა თამარ ივერმა პირველი ადგილი აიღო მოცარტის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე, ეს ჯილდო არა თუ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირშიც არავის ჰქონდა მოპოვებული. ამ გამარჯვებამ მომღერალს საკუთარი თავის რწმენა შესძინა და მის წინაშე ყველა საოპერო თეატრის კარი გაიღო.

თამარ ივერის დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა მარეხის პარტიით  (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"); 

2000 წელს იყო ბონის (გერმანია), ხოლო 2001 წლიდან გრაცის (ავსტრია) საოპერო თეატრების სოლისტი; ამავე წლიდან კონტრაქტით მუშაობდა, აგრეთვე, ვენეციის თეატრ "ლა ფენიჩეში".

2004 წელს შედგა მისი დებიუტი მეტროპოლიტენ ოპერაში (აშშ, მოცარტის "დონ ჯოვანი").

მომღერალმა წარმატებას მიაღწია მსოფლიოს წამყვანი საოპერო  თეატრების სცენებზე: "ბერლინის ოპერა", ვენის "შტაატსოპერა", ინგლისის "კოვენტ გარდენი" და სხვ.;

2006–2008 წწ. სეზონებში გამოდიოდა ჰიუსტონის დიდ საოპერო სცენაზე (შ. გუნოს "ფაუსტი"), არენა დი ვერონაში (იტალია, ჯ. პუჩინის "ბოჰემა") და სხვ.; შემდგომ წლებში მრავალი პარტია შეასრულა ვენის საოპერო თეატრის სცენაზე, ბასტილიის ოპერის თეატრში (პარიზი) და ზალცბურგის ფესტივალზე.

2011 წლის დეკემბერში ჰქონდა დებიუტი მილანის „ლა სკალაში“ დონა ანას როლით მოცარტის ოპერაში - „დონ ჯოვანი“ (დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი).

თამარ ივერი  თანამშრომლობს დირიჟორებთან: ლორინ მააზელი, სერ კოლინ დევისი, დანიელ ბარენბოიმი, რიკარდო მუტი, ჯეიმს ლივაინი, ანტონიო პაპანო, დანიელ ორენი, ფაბიო ლუისი და სხვა.

შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: მარეხი, მარო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ქეთო (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ელისაბედი, დეზდემონა, ლუკრეცია, ლეონორა, ლუიზა მილერი (ჯ. ვერდის "დონ კარლოსი", "ოტელო", "ორი ფოსკარი", "ტრუბადური", "ლუიზა მილერი"), ტატიანა, ლიზა (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), მიმი, ლიუ, ანჟელიკა, ტოსკა (ჯ. პუჩინის "ბოჰემა", "ტურანდოტი", მოწყალების და ანჯელიკა", "ტოსკა"), ნედა (ლეონკავალოს "ჯამბაზები"), დონა ანა, ელექტრა, ვიტელია, (მოცარტის "დონ ჯოვანი", "იდომენეოსი", "ტიტეს გულმოწყალება") და სხვა.

2014 წელს დააარსა ფონდი "უსაფრთხო საზოგადოება", რომელმაც პირველი საქველმოქმედო კონცერტი გამართა 2014 წლის დეკემბერში.

თამარ ივერს ჰყავს მეუღლე და ტყუპი ქალ-ვაჟი. იგი 2012 წელს ცოლად გაჰყვა მო­ჭი­და­ვე რაულ ცხა­და­ძეს, რომელიც ტოს­კა­ნის, ქა­ლაქ ვე­ნის და ზემო ავ­სტრი­ის მხა­რის ჩემ­პი­ო­ნი გახლდათ. სა­ნამ სა­ცხოვ­რებ­ლად იტა­ლი­ა­ში წა­ვი­დო­და, ის იყო 2001 წლის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი. ტყუპები -  უგო-ავთანდილი და ნინო-ლიზა -2014 წელს შეეძინათ.

2022 წელს თამარ ივერმა დააფუძნა შავი ზღვის საერთაშორისო ვოკალური კონკურსი -  

"ოპერის ოქროს ხმა", დამწყები და გამოცდილი მომღერლებისთვის. კონკურსი ტარდება ბათუმში, ორ წელიწადში ერთხელ და წარმოადგენს შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის - „ბათუმის რაფსოდიის“ (დამფუძნებელი პიანისტი ელისო ბოლქვაძე, 2013 წ.) შემადგენელ ნაწილს. კონკურსზე, რომელიც უკვე ორჯერ ჩატარდა, წარმატებით გამოვიდნენ თამარ ივერის მოსწავლეებიც.

2024 წლის შემოდგომაზე თამარ ივერი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად (დროებით) გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 591 

https://ka.wikipedia.org/wiki/თამარ_ივერი


Share: