| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ალექსანდრე ზუბალაშვილი![]()
Biographyქველმოქმედი, მეცენატი, კოლექციონერი ალექსანდრე ზუბალაშვილი (ზუბალოვი) დაიბადა დაახლოებით 1820-1826 წლებს შორის. მამა - იაკობ ზუბალაშვილი (1792- 1864), ცნობილი მრეწველი და ქველმოქმედი იყო. დედა - ანა ზუბალაშვილი განათლებულ კათოლიკეთა ოჯახის ასული გახლდათ. იაკობის ოჯახი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათლება-კულტურის განვითარებას, ქართველთა შორის წიგნიერების ამაღლებას. ამიტომ უხვად აფინანსებდნენ ქართულ სტამბებსა და წიგნის გამომცემლებს. გარდა ამისა, ყოველთვის გვერდით ედგნენ ეროვნული სულიერების გადარჩენა-გაძლიერებისათვის მებრძოლ თანამემამულეებს. სწორედ ზუბალაშვილების ხელშეწყობით გაემგზავრა კათოლიკე სასულიერო პირი, პეტრე ხარისჭირაშვილი 1956 წელს ვენეციაში, დამკვიდრდა სომხურ-კათოლიკური კონგრეგაციის მონასტერში, გამართა ქართული სტამბა და დაიწყო ქართული წიგნების ბეჭდვა. ამ დიდი მამულიშვილური საქმიანობისთვის უხვი შემოწირულობა კვლავაც გაიღო იაკობის ოჯახმა, განსაკუთრებით კი გამორჩეულია მისი მეუღლის წვლილი. ანა ზუბალაშვილისა გახდა ვენეციაში ქართული წიგნის გამოცემისა და შემდგომ საქართველოში მათი გავრცელების თაოსანი. მათ შორის იყო საღვთო წიგნები. „წმინდანთა ცხოვრება“, ქართველი კათოლიკე ბერების მიერ უცხოეთში თარგმნილი ხელნაწერები. იაკობს და ანას სამი ვაჟი ჰყავდათ: ლევანი, ალექსანდრე და კონსტანტინე. მათ შორის, ყველაზე ცნობილია კონსტანტინე, ლევანი ადრე გარდაიცვალა, ალექსანდრე ზუბალაშვილის შესახებ კი შედარებით მცირე ინფორმაციაა შემონახული, რადგან იგი ძირითადად საზღვარგარეთ ცხოვრობდა (იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია) და მემკვიდრეც არ ჰყოლია. ალექსანდრეს კარგი განათლება მიუღია და საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. თანამედროვეთა გადმოცემით, იგი ახალგაზრდობიდანვე ყოფილა დაინტერესებული ქართული კულტურული მემკვიდრეობით, აგროვებდა ძველ ქართულ ხელნაწერებს, წიგნებს, ფულის ერთეულებსა და სხვა ისტორიისათვის ფასეულ ნივთებს. 1870-იანი წლების ბოლოს უმოგზაურია ქართლში და საერთო შთაბეჭდილებების შესახებ სტატიაც გამოუქვეყნებია გაზეთ "დროებაში". იმდროინდელ ქართულ პრესაში ხშირად ვხვდებით ინფორმაციას ალ. ზუბალაშვილის შესახებ, მათ შორის: 1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ ალექსანდრე ზუბალოვი აირჩია გორის მაზრიდან საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად; 1869 წელს გამოსული ყოველწლიური გამოცემიდან - „Кавказский календарь на 1870 год“- ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება დაბინავებული იყო ჭავჭავაძის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლში; 1878 წლის 9 აპრილის „დროების“ ცნობით, ქალაქის მმართველობის კრებაზე განიხილავდნენ ალექსანდრე ზუბალოვის წინადადებას „სანამუსო სახლების“ შესახებ; 1886 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილი თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი იყო; 1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა ქუჩების ქვით დაგების საკითხი. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: მ. ი. თამამშევი, ა. ა. ივანენკო, ვასილ იოსების ძე ბებუთოვი, ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალოვი და პავლე იზმაილოვი; 1875 წელს "თბილისის მოამბეში" დაიბეჭდა ალექსანდრე ზუბალაშვილის სტატია, სადაც საინტერესო წინადადებებია გამოთქმული ქ. თბილისის წყლით მომარაგების თაობაზე, რასაც თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი გამოხმაურება დაიბეჭდა "დროებაში". მისი ავტორის მიერ ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ "ალექსანდრე თავის სტატიაში საფუძვლიანად ასაბუთებდა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ქალაქის და მისი შემოგარენის წყლით მომარაგების საკითხი და რომ "უფ. ალ. ზუბალოვის აზრით" ქალაქმა წყლის გაყვანის საქმე არ უნდა მიანდოს უცხო ვინმე პირს, ან კომპანიას. წყალი ისეთ საჭიროებას წარმოადგენს მცხოვრებთათვის, რომ უთუოდ ქალაქის საკუთრება უნდა იყოსო" (გაზ. "დროება", 1875 წ., N 57, გვ. 1-2). ალექსანდრე ზუბალაშვილი დაინტერესებული ყოფილა ქართული ფოლკლორითაც, მას თურმე სასიამოვნო მოვალეობად მიაჩნდა გლეხკაცის მეხსიერებაში ზეპირი გზით შემონახული ხალხური შემოქმედების ჩაწერა და გამოქვეყნება, რათა არ დაკარგულიყო თაობების წინათ შექმნილი ზღაპრები, ლექსები და თქმულებები. შეკრებილ მასალას იგი ჟურნალ-გაზეთებს უგზავნიდა. იმდროინდელი პრესის მასალებით ირკვევა, რომ ალექსანდრე ზუბალაშვილი იყო ღირსეული მოქალაქე, ოჯახის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი და ყოველთვის იდგა მოწინავე ქართველი ინტელიგენციის გვერდით. ალექსანდრე იაკობის ძე უცხოეთში გადასვლამდეც აქტიურად მოღვაწეობდა ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ევროპაში დამკვიდრების შემდეგაც ყოველთვის ყურადღებით ეცნობოდა საქართველოს ამბებს, იქაც აგროვებდა ჩვენი ქვეყნის ისტორიასთან დაკავშირებულ მასალებს. ამ კუთხით მისი საქმიანობის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოში სიძველეთა დაცვის მუზეუმის გახსნა, სადაც სხვა მასალებთან ერთად მოთავსდებოდა წლების მანძილზე ნაგროვები მისი პირადი კოლექციაც. მისი აზრით, ამგვარი მუზეუმის დაარსების ინიციატორი უნდა გამხდარიყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. ამასთან დაკავშირებით გაზეთი "ივერია" წერდა: "პატივცემულ ალექსანდრე ზუბალაშვილს განუზრახავს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", რომ ამ საზოგადოებამ გაიკეთოს საკუთარი შენობა, სადაც მოეწყობა მუზეუმი". 1879-1900 წლებში ალ. ზუბალაშვილი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი. ალექსანდრეს ცოლ-შვილი არ ჰყავდა, მაგრამ ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, ძმასთან კონსტანტინესთან, ძმისშვილებთან და საქართველოშიც ჩამოდიოდა. იგი ყველგან და ყოველთვის თავისი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობდა, შეწირულობის სახით ხშირად ეხმარებოდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებსა თუ სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აგრეთვე ქვეყნისთვის მოღვაწე ცალკეულ პიროვნებებს, არ ავიწყდებოდა ღარიბი მოსახლეობაც. იგი თანამედროვეთა შორის ცნობილი იყო, როგორც ღირსეული ქართველი, მცოდნე მრავალ საქმეთა, "საქართველოს სიძველეთა ნაშთთა მოყვარე და ქომაგი" (ზ. ჭიჭინაძე). 1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ზუბალაშვილს მუზეუმის ასაგებად საზოგადოებისთვის ადგილის შეწირვა სთხოვეს. ეს არის ბოლო ცნობა მისი პიროვნების შესახებ, რომელსაც ქართულ პრესაში ვხვდებით. როდის და სად გარდაიცვალა ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილი ჩვენთვის უცნობია. წყარო: ფეიქრიშვილი ჟუჟუნა. ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბილისი, 2011.- გვ.83-88 (dspace.nplg.gov.ge) ჭიჭინაძე, ზაქარია. ისტორიული მიმოხილვა მუშა, გლეხ და პროლეტართა მოკეთე ზუბალაშვილები და მათგან გაკეთებული ისტორიული და კულტურული ძეგლები 1690-1905 წ. / აღწერილი და გამოცემული ზაქარია ჭიჭინაძისაგან. - ტფილისი, 1924 https://society.iliauni.edu.ge/persons/3652-aleqsandre-iakobis-dze-zubalashvili-zubalovi
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

