| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი![]()
Biographyრეჟისორი, ოპერატორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი დაიბადა 1973 წლის 10 დეკემბერს, ქ. თელავში, ცნობილი ხმის რეჟისორის, გარი კუნცევის ოჯახში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). მისმა სადიპლომო მოკლემეტრაჟიანმა მხატვრულმმა ფილმმა „დილის რომანსი“ – ჯილდო მოიპოვა კიევის კინოფესტივალზე და პირველად სტუდენტური კინოს ისტორიაში, 1997 წელს წარდგენილი იყო სტუდენტურ "ოსკარზე" ლოს ანჯელესში. საბოლოოდ, ფილმმა თერთმეტამდე პრიზი აიღო, მათ შორის - გრანპრი სტრასბურგში, ერთ-ერთ ფორუმზე და რაც მთავარია, ახალბედა რეჟისორს გზა გაუკვალა მიუნხენის კინოაკადემიაში ჩასაბარებლად. 1997-2003 წლებში.ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი სწავლობდა მიუნხენის უმაღლესი კინოაკადემიის საპროდიუსერო ფაკულტეტზე (პროფ. ვიმ ვენდერსი), სადაც დაეუფლა მხატვრული კინოს რეჟისურასა და პროდუსინგს. 2 ჯერ იყო DAAD-ის სტიპენდიანტი. 1998 წლიდან არის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი. 2003 წელს დააარსა ქართულ-გერმანული საპროდიუსერო სტუდია "აკრობატი"; 2003-2005 წწ. გერმანიაში თანამშრომლობდა ლუდის კომპანიასთან "ვარშტაინერი" (Warsteiner), რომელთან ერთად აფრიკაში გადაიღო ფილმი "Jambo Kenia!" (Günter Gratius-თან ერთად), აგრეთვე მუსიკალური კლიპები. ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის პირველმა სტულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა "Life is Be" (2016), რომელიც გერმანელ უსახლკაროებზე გადაიღო 2016 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი „ოქროს პრომეთე“ მოიპოვა და დაჯილდოვდა, როგორც "საუკეთესო ქართული დოკუმენტური ფილმი". ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი არის 7 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ავტორი. ბოლო წლებია, უშუალოდ საავტორო დოკუმენტურ კინოში მუშაობს და თავადვეა თავისი ფილმების ოპერატორი. მასალასაც თვითონ ამონტაჟებს. რეჟისორის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი - „გამჭვირვალე სამყარო“ - 2018 წლის „სინედოკის“ ერთ-ერთი სექციის (Focus Caucasus) გამარჯვებულია (გრანპრი); ასევე, 2018 წ. ფილმმა მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი ერევნის კიინოფესტივალზე „ოქროს გარგარი“ და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური აღნიშვნა, ხოლო, 2020 წელს დაჯილდოვდა მთავარი პრიზით კანადაში გამართულ ფესტივალზე. ჯამში - „გამჭვირვალე სამყაროს“ მოპოვებული აქვს 6 გრან-პრი და ამ ფილმით გაიხსნა 3 საერთაშორისო კინოფესტივალი. ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. 2003 - 2012 წლებში იგი ასწავლიდა თბილისის 5 უნივერსიტეტში (თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, ტელევიზიისა და რადიოს ინსტიტუტი და სხვ.), მიმართულებით "ხმის ჩაწერა და მონტაჟი" და "საავტორო დოკუმენტური კინო". მუშობდა კინოსტუდია „სანგუკოში“. 2012 წლიდან არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 2014 წლიდან - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. რეჟისორი ფოტოგრაფიითაც არის გატაცებული და არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა თბილისში, ისევე როგორც მიუნხენში, საფრანგეთსა თუ ავსტრიაში. ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ფილმოგრაფია: დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდუსერია ფილმების: "სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები" (დოკუმენტური, 2002), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009), "ოცნება"(დოკუმენტური, 2009), „ჩემი კინო“: ეძღვნება გარი კუნცევს (დოკუმენტური, 2014) და სხვ.; დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "ქვა"(1996), "დილის რომანსი" (1996), "სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები" (დოკუმენტური, 2002), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009), "ოცნება“(დოკუმენტური, 2009), „ჩემი კინო“:ეძღვნება გარი კუნცევს(დოკუმენტური, 2014) და სხვ.; ხმის რეჟისორი/ოპერატორია ფილმების: "როკვით განფენილნი“ (დოკუმენტური, 2005), "დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში" (დოკუმენტური, 2006), "ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი" (დოკუმენტური, 2009) და სხვ.; წყარო: http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=336 https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_კუნცევ-გაბაშვილი https://ug.edu.ge/persons/full/903 კუნცევ-გაბაშვილი ვახტანგ. იქონიეთ მოთმინება, რადგან ხელის ჩაქნევით არაფერი გამოდის: ინტერვიუ / ესაუბრა ალექსანდრე გაბელია //Film print = ფილმ პრინტი: ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფიაზე. თბილისი, 2018. გვ. 97-99 გაბელია ალექსანდრე. გამჭვირვალე სამყარო და რეალობის გამჭვირვალობა [ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმის - „გამჭვირვალე სამყაროს“ განხილვა] // Film print = ფილმ პრინტი: ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფიაზე. თბილისი, 2018. გვ. 100-101
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

