The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გოჩიაშვილი ბექა

გოჩიაშვილი ბექა
Date of birth:11 March, 1996  (30 years)
Category:Musician

Biography

ვუნდერკინდი ჯაზმენი, პიანისტი–იმპროვიზატორი, კომპოზიტორი ბექა გოჩიაშვილი დაიბადა 1996 წლის 11 მარტს, ქ. თბილისში.

მუსიკალური ნიჭი მასში მუსიკოსმა მამამ აღმოაჩინა. 3 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, შემდეგ მეცადინეობდა სხვადასხვა პედაგოგებთან ჯაზის მიმართულებით - 4 წლის ასაკიდან  თ. ჩიტაიშვილთან, 6 წლიდან  ზურა რამიშვილთან (ჯაზი, ფორტეპიანო);

10 წლიდან უკრავდა სხვადასხვა ჯაზ–კლუბებში. მეცენატობას უწევდა მ. ლორთქიფანიძე;

2008 წლიდან, აშშ სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისა და საქართველოს იმჟამინდელი კულტურის მინისტრის ნიკა რურუას მხარდაჭერით, აშშ-ში ჯულიარდის აკადემიაში არსებულ ART-school-ში ჩაირიცხა. სწავლობდა კლასიკური მუსიკისა და ჯაზის მიმართულებით. პედაგოგები - ფ. კიმბროუ, ფ. ჰეში (პოლიფონია), დ. პერესი (რიტმიკა);

ბექა გოჩიაშვილმა საერთაშორისო მსმენელის აღიარება ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში მოიპოვა. იგი მონაწილეობდა მრავალ პრესტიჟულ  ჯაზ-ფესტივალში, როგორც საქართველოში,  ისე აშშ-ში;

ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან კოლაბორაციაში დაუვიწყარ შოუს მართავენ მსოფლიოში აღიარებული ჯაზის ვირტუოზები: სტენლი კლარკი, ლენი ვაითი, მაიკ მიტჩელი (დრამი), ქეისი ბენჯამინი (საქსაფონი, ვოკოდერი), მაქს გერლი (ბას გიტარა), ფრენკ მოკა (პერკუსია, დასარტყამი ინსტრუმენტები) და სხვა.

მუსიკოსი ექვსი წლის ასაკიდან ნატრობდა, რომ ჩიკ კორიას  შეხვედროდა, საბოლოოდ კი  მასთან ერთად დუეტში დაუკრა და ალბომიც ჩაწერა.

ბექა გოჩიაშვილი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამსტერდამში  და აშშ-ში.

2015 წელს გამართა საქველმოქმედო კონცერტი თბილისში წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად.

2020 წლის 3 ოქტომბერს ჯაზმუსიკოსმა, როგორც სტენლი კლარკის ბენდის წევრმა, დაუკრა წინანდლის მამულში Jazz and wine-ის  მეოთხე ფესტივალზე;

მიღებული აქვს ჯილდოები: 2008 - მონტრეს ფესტივალი(შვეიცარია), I პრემია;

2007 - საულკრასტეს ფესტივალი(ლატვია), ლაურეატი; 2004 - კლასიკური მუსიკის ფესტივალი(შვაიგერი, გერმანია).

2023 წელს მიანიჭეს გია ყანჩელის პრემია. 2019 წლის 10 ოქტომბერს ჯაზ-პიანისტმა თბილისში გამართა კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელზეც მხოლოდ გია ყანჩელის კომპოზიციები შეასრულა.

 2025 წლის 24 მარტს ჯაზმენმა, რომლის ნიჭს გია ყანჩელი დიდად აფასებდა, კომპოზიტორის 90-წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტზე ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად  შეასრულა მისი რამდენიმე პიესის იმპროვიზებული ვერსია და რამდენიმე მელოდია ფილმებიდან - „როცა აყვავდა ნუში’ და „მიმინო“;.

ბექა გოჩიაშვილი 2018 წელს დაქორწინდა. მისი მეუღლეა ანა ხერხეულიძე.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ბექა_გოჩიაშვილი 

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბილისი, 2015, გვ. 122


Share: