The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვაჟა ჩაჩხიანი

ვაჟა ჩაჩხიანი
Other name:ვაჟიკო  (Acronym)
Date of birth:1985  (41 years)
Category:Painter, Filmmaker

Biography

ქართველი არტისტი ვაჟა (ვაჟიკო) ჩაჩხიანი დაიბადა თბილისში. ის თავდაპირველად სწავლობდა მათემატიკასა და ინფორმატიკას თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდგომ სასწავლებლად გადავიდა ხელოვნების მიმართულებით ბერლინში, ხელოვნების უნივერსიტეტში (Universität der Künste (UdK)), სადაც დაასრულა პროფესორ გრეგორ შნეიდერის კლასი. სწავლობდა, აგრეთვე, ამსტერდამის გერიტ რიტველდის აკადემიაში აუდიოვიზუალურ ფაკულტეტზე.

ვაჟიკო  ჩაჩხიანის შემოქმედებაში ხშირად  მეორდება თემები – კულტურა, ბუნება, კონფლიქტი გარე სამყაროსა და ინდივიდის შინაგან, სულიერ ცხოვრებას შორის.

მისი მრავალშრიანი ინსტალაციები, მეტაფორულად, ადამიანის შინაგან, ფსიქოლოგიურსა და სოციალურ მდგომარეობებს გამოხატავენ.

მხატვარი ცდილობს ქანდაკებებისა და ინსტალაციების საშუალებით დაუპირისპირდეს ადამიანის  მარტოობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ასევე, საყოველთაო ძალადობასა   და შფოთვას, რომელთაც აერთიანებს  რელიგიურ, პოლიტიკურსა  და ლიტერატურულ თემებთან.

2013 წლიდან ვაჟა  ჩაჩხიანის ნამუშევრები ხშირად  იფინება ევროპის მნიშვნელოვან სახელოვნებო სივრცეებში ჯგუფური თუ სოლო გამოფენების სახით, რომელთა   ნუსხა  საკმაოდ შთამბეჭდავია: სოლო გამოფენა Gegenwartskunst მუზეუმში, სიგენი, გერმანია (2014); მისი პერფორმანსი „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომებს შორის“, 2017 წელს წარმოდგენილი იყო ვენეციის 57-ე ბიენალეზე, იტალიაში; ჰქონდა გამოფენა Moment in and out of time, SCAI The Bathhouse გალერეაში, ტოკიო, იაპონია (2018); ამავე წელს არტისტის სოლო გამოფენას – Heavy Metal Honey – ბუნდესკუნსტჰალემ უმასპინძლა (ბონი, გერმანია); 

ნომინირებული იყო Kunstpreis Böttcherstraße -ზე;   მიღებული  აქვს  ვილა ავრორას სტიპენდია აშშ-ში,  ლოს ანჟელესში; რეზიდენტურის გრანტი ტოკიოში და Rubens Promotional Award-ი (2017);

დიდი საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა მის ნამუშევარს არტ-ბაზელზე (ბაზელი, შვეიცარია);

2019 წელს Berlinische Galerie-ში შედგა ვაჟა ჩაჩხიანის სოლო გამოფენა და ფილმების ჩვენება (ბერლინი, გერმანია);

2020 წელს სიდნეის ბიენალეზე მხატვარმა წარადგინა საკუთარი ნამუშავარი - ინსტალაცია: „არმია გენერლის გარეშე“;

ვაჟიკო ჩაჩხიანის გამოფენას, სახელწოდებით „ჩუმი საუბარი“ (კოლაბორაცია იაპონელ არტისტთან, რეიჯირო ვადასთან) უმასპინძლა გალერეამ Ronaldo Anselmi ბერლინში.

ამჟამად არტისტი ცხოვრობს და მუშაობს ბერლინსა და თბილისში.

ამ დროისთვის, ვაჟიკო ჩაჩხიანს 11 ფილმი აქვს გადაღებული. ფილმებზე მუშაობა მან 2005 წლიდან დაიწყო და ძირითადად მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს ქმნის.

2018 წელს თბილისის მე-19 საერთაშორისოკინოფესტივალზე წარმოდგენილ იქნა მისი ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ზამთარი, რომელიც იქ არ იყო“ (2017) და „ბამბის ნაყინი“ (2018),

ვაჟიკო ჩაჩხიანის სრულმეტრაჟიანი ფილმი “ძაღლი ყეფს”, რომელიც 2024 წელს “ Tokyo Gap-Financing Market”-ზე შეირჩა, აღმოჩნდა პირველი ქართულ-იაპონური პროდუქცია. ფილმის იდეა რეჟისორ  ვაჟიკო ჩაჩხიანს ეკუთვნის, სცენარზე კი იაპონელმა ავტორმა საკიჩო სატომ იმუშავა.

 

წყარო:

https://art.gov.ge/ge/portfolio/ჩაჩხიანი-ვაჟიკო/

ჩაჩხიანი ვაჟიკო. ვაჟიკო ჩაჩხიანი -„ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში[ინტერვიუ

ვენეციის ბიენალეზე წარდგენილი ნამუშევრის შესახებ] / ესაუბრა ნინო დარასელი // Radisson Blu. 

თბილისი, 2017 N21. გვ. 54-60

კილასონია სოფო. ის რაც იყო და აღარ არის… და ისიც, რაც არასდროს ყოფილა: ვაჟიკო ჩაჩხიანის შესახებ // ინდიგო. თბილისი, 2017. ივნისი. N20. გვ.80-83


Share: