The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჯემალ ხუბუა

ჯემალ ხუბუა
Date of birth:14 June, 1939  (86 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

მეცნიერი, ფიზიკოსი ჯემალ ხუბუა დაიბადა 1939 წლის 14 ივნისს, ქ. თბილისში.

1957 წელს დაამთავრა თბილისის მე-7 საშუალო სკოლა (ამჟამად 53-ე), ვერცხლის მედლით. იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1962 წელს ბირთვული ფიზიკის მიმართულებით.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე.

ჯემალ ხუბუას კარიერა რუსეთის ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტს უკავშირდება. დუბნაში მუშაობა 1965 წელს დაიწყო.

1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1974 -1995 წწ, გაიარა სხვადასხვა საფეხურები უმცროსი მეცნიერ თანამშრომლიდან უფროს მეცნიერ თანამშრომლამდე. ამავე პერიოდში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ს მაღალი ენერგიების ინსტიტუტსა და ფიზიკის ფაკულტეტზე.  

1994 წლიდან - მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

მოცემული პერიოდი დასრულდა 1995 წელს - სადოქტორო დისერტაციის მომზადებით და დაცვით ფიზიკის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოზე.

1995 წლიდან -ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1996 წლიდან თსუ-ს პროფესორი.

ჯემალ ხუბუას სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს ფიზიკური ექსპერიმენტები, დანადგარების შექმნა და ექსპერიმენტალური მონაცემების მიღება და ანალიზი.

1994 წლიდან ფიზიკოსის სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში - CERN-ი (ქ. ჟენევა, შვეიცარია), დაგეგმილ ექსპერიმენტ ATLAS-თან. 1994-2017 წლებში ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე ქართულ ჯგუფს ედგა  სათავეში, რისთვისაც მან საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენი მიიღო.

მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა დანადგარის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილის ადრონული ტაილკალორიმეტრის ცენტრალური ნაწილი.

2009 წელს დანადგარი შევიდა მწყობრში, დღევანდლამდე მუშაობს გამართულად და მცირე მოდიფიკაციებით გააგრძელებს მუშაობას უახლოესი 30 წლის განმავლობაში (გეგმის მიხედვით).

პროფესორი ჯემალ ხუბუა არის საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციების ციკლის (2001-2014), "ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე" დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

კოლეგებთან ერთად მინიჭებული აქვს 2010 წლის საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების დარგში, შრომისათვის: „ადრონული კალორიმეტრისა და მიუონური სისტემის ცენტრალური ნაწილების და მაკონტროლებელი სისტემის შექმნა დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილ ექსპერიმენტ ატლასისთვის“.

ფიზიკოსი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებსა და კონფერენციებში (ჟენევა, დუბნა, ათენი, რომი და სხვა).

2004 წელს მას მიენიჭა ქ. დუბნის, „ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო თანამშრომლის“ წოდება. ხოლო 2006 წელს მიღებული აქვს „ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო დიპლომი.

მეცნიერს მიღებული აქვს მონაწილეობა 5-ზე მეტ საერთაშორისო გრანტში.

2012 წლიდან არის მაღალი ენერგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

ჯემალ ხუბუას ხანგრძლივი პედაგოგიური სტაჟი აქვს. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

თსუ-ში ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, დაბადებიდან 80-წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.

2007 წლის მაისში ჯემალ ხუბუას მიენიჭა საქართველოს მთავრობის ღირსების ორდენი, „საქართველოში ფიზიკის განვითარების საქმეში, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განმტკიცებასა და ახალგაზრდა ფიზიკოსთა აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.

2012 წლის ნოემბერში, პროფესორ ჯემალ ხუბუას მიერ თანაავტორებთან ერთობლივად გამოცემული წიგნი (2-ტომეული): "JINR contribution to the design and construction of the ATLAS hadron tile calorimeter", დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერების ისტორიის საზოგადოების მედლით, როგორც საუკეთესო წიგნი ფიზიკაში, ქართველი ავტორის მონაწილეობით.

2015 წლის 25 სექტემბერს ქ.დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე მეცნიერს მიენიჭა ამავე საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება.

პროფესორ ჯემალ ხუბუას პოპულარულ საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 850-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 

ჰყავს მეუღლე - ნუნუ ჭუაძე, ქალიშვილი - მაია ხუბუა და შვილიშვილი გიორგი სალუქვაძე.

წყარო:

საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.63; 

http://science.org.ge/newsite/000/candidates/phys-exp/Khubua.pdf

https://tsu.ge/en/news/ჯემალ-ხუბუა---80


Share: