The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ცოტნე ჯავახიშვილი

ცოტნე ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:1958
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 2025  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მფრინავი

ბიოგრაფია

ცოტნე ჯავახიშვილმა სამეცნიერო კარიერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თბილისის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში დაიწყო, შემდეგ საკავშირო აკადემიის ბიოლოგიური ცენტრისა და მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა დაამთავრა.

მომდევნო წლებში მიიწვიეს  აშშ-ში, ჯერ ოლიმპიის (ვაშინგტონის შტატი) “ევერგრინ სტეიტ კოლეჯის” მოლეკულური გენეტიკის დეპარტამენტში პროფესორად, შემდეგ კი - სკრიპსის კვლევების ინსტიტუტის ექსპერიმენტული მედიცინის დეპარტამენტში, უჯრედული განვითარებისა და დიფერენციაციის გენომური პროგრამების კვლევებში მონაწილეობის მისაღებად.

მეცნიერის ძირითადი პროფილი გახლდათ მოლეკულური ბიოლოგია, ფუნქციური გენომიკა, გენეტიკური კოდის მოდიფიცირება და უჯრედის პროგრამირება. მისი ინტერესთა სფერო მოიცავდა: გენეტიკური კოდის ექსპანსიას, გენომების რედაქტირებას (CRISPR და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით), სინთეტური სიცოცხლის შექმნასა და მართვას, ევოლუციის ინჟინერიას, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების დიზაინს,

ახალი თაობის იმუნოთერაპიებსა და ბიოტექნოლოგიურ ინოვაციებს.

იგი არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის, პატენტისა და კვლევითი პროექტის ავტორი იყო. მისი ნამუშევრები ინტერდისციპლინური გავლენით გამოირჩეოდა  -  ბიოლოგიას, ტექნოლოგიასა და ფილოსოფიას შორის დამაკავშირებელ ხიდებს აწყობდა.

1990-იანი წლების შუა ხანებიდან ცოტნე ჯავახიშვილი ბიოტექნოლოგიური კომპანია “დივერსას” მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტში, კომპლექსური მოლეკულური კლონირების, ე.წ. მიმართული ევოლუციისა და კვლევების ხელმძღვანელად მუშაობდა. 2003-2013 წლებში ის, პიტერ შულცსა და რიჩარდ დიმარკისთან ერთად, კალიფორნიულ ბიოტექ კომპანია AmbRX-ის სამეცნიერო დამფუძნებელი და მოლეკულური ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი იყო.

ამ პოზიციებზე საქმიანობის პერიოდში ცოტნე ჯავახიშვილი კვლევებს გენეტიკური კოდის ექსპანსიისა და გენომური ინჟინერიით “შემდეგი თაობის” ე.წ. სინთეტური ონკოთერაპიული დიზაინის მოლეკულური პრინციპების მიმართულებით ახორციელებდა.

2014-2019 წლებში მეცნიერი კორპორაცია DuPont-ში, ჯერ გენომური ინჟინერიისა და ტექნოლოგიური კვლევების უფროსი მენეჯერის, შემდეგ კი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

ბოლო წლებში ცოტნე ჯავახიშვილი კალიფორნიის ბიოსამედიცინო კვლევებისა და  სან დიეგოს სკრიპსის ინსტიტუტებში საქმიანობდა, იყო რამდენიმე საერთაშორისო ბიოტექნოლოგიური კომპანიის გენომური რეპროგრამირებისა და სინთეტური ბიოლოგიის პროგრამების ხელმძღვანელი, შემდეგ - კონსულტანტი, 2020 წლიდან კი ის მოლეკულური და გენომური ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის ( Molecular and Genomic Technologies Ambrx, CA, USA) პოზიციას იკავებდა.

ცოტ­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გახლდათ სინ­თე­ტუ­რი ბი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თბი­ლის­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მფრი­ნა­ვი, ასე­ვე , ფრე­ნის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ტო­რი.

ცოტნე ჯავახიშვილი ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი გახლდათ. იგი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა 2025 წლის 15 ივლისს. კალიფორნიის ქალაქ სანდიეგოს, სადაც მეცნიერი ცხოვრობდა ორი აეროდრომი აქვს. მას ერთძრავიანი კერძოთ ვითმფრინავი გადაჰყავდა ერთი აეროდრომიდან მეორეში, სულ რაღაც 15 წუთის სავალზე. უკვე დაფრენის ნებართვაც მიღებული ჰქონდა, როცა მან, სავარაუდოდ, გონება დაკარგა, შვეულფრენმა კურსიდან გადაუხვია, ერთხანს წყნარი ოკეანის თავზე წრეზე იფრინა, შემდეგ კი ოკეანეში გაუჩინარდა.

წყარო:

https://www.ambebi.ge/article/329677-biologi-da-propesionali-mprinavi-ra-aris-cnobili/

https://genomics.ge/tsotne-javakhishvili/

                                                                         


გააზიარე: