| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ზუბალაშვილი ალექსანდრე![]()
ბიოგრაფიასამხედრო პირი ალექსანდრე ზუბალაშვილი დაიბადა 1876 წელს ქ. გორში, ცნობილი მეურნისა და ვაჭრის ანტონ ზუბალაშვილის ოჯახში. დედა - ეკატერინე ჩიქოვანი. ჰყავდა ორი ძმა - დავითი (1873-1950), ფინანსისტი და კომერსანტი, მონაწილეობდა ბაქოს ნავთობის ბიზნესში, ხოლო საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ მოღვაწეობდა თბილისის კომუნალურ ბანკში. უმცროსი ძმა, პავლე, 1879 წელს დაიბადა. დაამთავრა გორის სემინარია. სასწავლებელში იგი გამოირჩეოდა სიბეჯითითა და განსაკუთრებული ნიჭიერებით, მათემატიკური აზროვნებით. მასწავლებლები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. სემინარიის შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, მაგრამ ვერ აიტანა იქაური კლიმატი, ტუბერკულოზით დაავადდა და ცოტა ხნის შემდეგ იქვე გარდაიცვალა. ალექსანდრე ანტონის ძემ ოჯახური ტრადიციით მიიღო კარგი განათლება. სამხედრო საქმით იგი ბავშვობიდანვე იყო დაიტერესებული. დაამთავრა იუნკერთა სასწავლებელი, რის შემდეგაც გაანაწილეს რუსეთში. წლების მანძილზე მსახურობდა მეფის არმიაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც გამოჩენილი მამაცობისათვის მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ალექსანდრე ზუბალაშვილმა თავი დაანება სამხედრო სამსახურს, ჩამოვიდა საქართველოში, დამკვიდრდა გორში და ხელი მიჰყო სოფლის მეურნეობას. იგი პირადად განაგებდა მათი ოჯახის კუთვნილ წყლის წისქვილს, გატაცებული იყო ცხენების მოვლა-მოშენებითაც. ალექსანდრემ რუსეთში ყოფნის დროს ცოლად შეირთო ანა ვოლკოვა. იგი წლების მანძილზე ქმართან ერთად ცხოვრობდა საქართველოში, გორში. მეუღლეებს შვილი არ ჰყოლიათ. 1924 წლის ცნობილი აჯანყების დროს ალექსანდრე, როგორც მეფის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, დააპატიმრეს. მართალია, იმხანად გადაურჩა დახვრეტას, მაგრამ 1937 წლის რეპრესიების დროს კვლავ შეიპყრეს. გადაასახლეს ყაზახეთში, ყარაგანდის მახლობლად მდებარე ბანაკში, სადაც ტიფით დაავადდა და მალე (დაახლოებით 1937 ან 1938) გარდაიცვალა. ოჯახს ეს ინფორმაცია შეატყობინა იქაურმა მღვდელმა, რომლის ხელშიც სული დალია ავადმყოფმა. წყარო: ფეიქრიშვილი ჟუჟუნა. ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან.-თბილისი, 2011.-გვ.181 (dspace.nplg.gov.ge)
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

