| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნიკოლოზ ზუბალაშვილი![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ ზუბალაშვილი დაიბადა 1820 წელს, ქ. გორში. მამამისი, გიორგი ივანეს ძე ზუბალაშვილი (1783-1864) გახლდათ თავისი დროისთვის თბილისში ცნობილი და გავლენიანი პირი, გონიერი მრეწველ-მეურნე, კარგი შეძლების პატრონი, კომერციული საქმიანობისა თუ პიროვნული თვისებების გამო საკმაოდ აღიარებული ხელისუფლების მაღალ წრეებში. გიორგის ცოლად ჰყავდა თავად ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის ასული, ანნა. მათ 5 ვაჟი ჰყავდათ: სიმონი, ალექსანდრე, იოსები, ნიკოლოზი და ივანე. ნიკოლოზ ზუბალაშვილმა დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. თბილისში ნიკოლოზ გიორგის ძე ცნობილი იყო როგორც დიდად განათლებული პიროვნება, ეროვნული ტრადიციების უაღრესად პატივისმცემელი და ამავე დროს უსაზღვროდ კეთილშობილი. მას განსაკუთრებით აინტერესებდა საქართველოს ისტორია, ზედმიწევნით იცნობდა ძველებურ ამბებს, დიდ პატივს სცემდა მშობლიურ ქვეყანასა და ხალხს; ფლობდა რამდენიმე უცხო ენას და სხვა ქვეყნების ისტორიაშიც კარგად ერკვეოდა. კათოლიკეთა ოჯახში აღზრდილ ნიკოლოზს მშრომელი ხალხის სიბრალული ბავშვობიდანვე ჰქონდა შეთვისებული და მთელი ცხოვრების მანძილზე იყო ღარიბთა შემწე. იგი იყო, მამის მდგავსად, ძალიამ მშრომელი, საქმიანი, ზომიერი ცხოვრების მიმდევარი. მან მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი არ გაფლანგა, არამედ გაჭირვებულთა დასახმარებლად გამოიყენა. ნიკოლოზმა ცოლად შეირთო ფრანგი (პარიზელი) ქალი, ემმა, რომელიც ყოველთვის და ყველა საქმეში მეუღლის გვერდით იდგა, ისინი ეხმარებოდნენ და პატივს სცემდნენ მშრომელ ხალხს, უბრალო ადამიანებს. შემდეგ პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად, მაგრამ ნიკოლოზი 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდიოდა საქართველოში. მათ მემკვიდრე არ ჰყავდათ. ნიკოლოზ გიორგის ძე ზუბალაშვილი გარდაიცვალა ქ. ნიცაში (საფრანგეთი), 1898 წლის 21 იანვარს. სიკვდილის წინ მან მოითხოვა დაესაფლავებინათ თბილისში, ახლობლების გვერდით. მისი გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ ნათესავებმა ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს და დაკრძალეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში, მამის - გიორგის და ძმის - სიმონის (1805-1870) გვერდით. ნიკოლოზ ზუბალაშვილის ანდერძის გახსნის შემდეგ გაირკვა, რომ მან დიდი თანხა დაუტოვა ქალაქის გამგეობას, თბილისში ქრისტიან (კათოლიკე, მართლმადიდებელი, გრიგორიანელი) ბავშვთა თავშესაფრის ასაგებად, იმ ყმაწვილებისთვის, რომელთაც მუშაობა არ შეეძლოთ. თავშესაფარი მისი სახელობისა უნდა ყოფილიყო. ანდერძის გახსნის შემდეგ, ნიკოლოზის ნათესავებმა და ქალაქის გამგეობამ, თბილისში მცხოვრებთა სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, უფრო მართებულად ჩათვალეს ბავშვთა თავშსაფრის ნაცვლად დაეარსებინათ საერთოდ შეუძლოთა სახლი, რომელიც შეიფარებდა ყველა ასაკის ღარიბს, სნეულს თუ მოხუცს (დაახლოებით 70 ადამიანის რაოდენობით). ნიკოლოზ ზუბალაშვილის შემოწირული თანხით, ყოფილი სასამართლოს ქუჩაზე (დღევანდელი ძმები ზუბალაშვილების ქუჩის N48-ში), სადაც იდგა ნიკოლოზის კუთვნილი სახლი (საკმაოდ დიდი ეზოთი), აშენდა სამსართულიანი აგურის მშვენიერი შენობა, რომელიც უპოვართა თავშესაფრად გადაეცა ქალაქის გამგეობას. უპოვართა სახლი გაიხსნა 1906 წელს. თავდაპირველად შენობის მთავარ ფასადს შემომწირველის პატივსაცემად ამშვენებდა წარწერა: ДОМ НЕЙМУЩИХ ИМЕНИ Н. Е. ЗУБАЛОВА. 1902-1906, ხოლო ვესტიბიულში მადლიერების ნიშნად ქალაქის ხელმძღვანელობამ დადგა ნიკოლოზ ზუბალაშვილის ბიუსტი(მწვანე მარმარილოს ქვისა). საბჭოთა პერიოდში, როცა თავშესაფარი გაუქმდა და შენობა უფუნქციოდ დარჩა, 1937 წლის ივნისში ექიმ პედიატრის ილია ლორთქიფანიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით დაფუძნდა ბავშვთა საავადმყოფო. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ გორის მაზრაში მცხოვრები თავად-აზნაურთა წრის ღარიბი ახალგაზრდებისთვის, 1900 წელს დაწესდა ნიკოლოზ ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდია, რომელიც კენჭის ყრით პირველად ერგო მიხეილ თუხარელს. ეს სტიპენდია არსებობდა 1918 წლამდე. წყარო: ფეიქრიშვილი ჟუჟუნა. ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბილისი, 2011.-გვ.53-62 (dspace.nplg.gov.ge) ჭიჭინაძე ზაქარია. ნიკოლოზ გიორგის ძე ზუბალაშვილი. - თბილისი, 1906 იმედაშვილი იოსებ. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბილისი, 2021.-გვ.227
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

