| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დინარა ჟორჟოლიანი![]()
ბიოგრაფიადინარა ჟორჟოლიანი ცნობილი ქართველი მსახიობის ალექსანდრე ჟორჟოლიანის (1888-1969) ქალიშვილია. სანდრო გვიან დაოჯახდა. 42 წლის იყო, როდესაც 19 წლის ირინა ორეხოვსკაია ითხოვა ცოლად. ორეხოვსკაია დედით – ქართველი, ხოლო მამით პოლონელი გახლდათ. იგი პოლონეთში დაიბადა, თუმცა მალე ოჯახი საქართველოში გადმოსახლდა. სწორედ აქ გაიცნო სანდრო ჟორჟოლიანი, რომელმაც თბილისის კონსერვატორიის 18 წლის სტუდნტი ახალგაზრდა ქალი ადვილად მოხიბლა თავისი ნიჭიერებით. ჟორჟოლიანი განათლებული კაცი იყო. მას ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და მსახიობობამდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბაქოსა (1913–1918) და თბილისში (1918–1920). ქალიშვილის გაჩენის შემდეგ ირინა ორეხოვსკაიამ პიანისტობას თავი დაანება და მუსიკის მასწავლებლობა დაიწყო. დინარას ნათლია კოტე მარჯანიშვილის მეუღლე, ელენე დონაური იყო, სახელიც მან შეურჩია. კომპოზიტორი გია ყანჩელი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში იხსენებს, რომ ირინა ორეხოვსკაია იყო მისი მუსიკის პედაგოგი მუსიკალურ სკოლაში. 1990-იან წლებში შედგა ყანჩელის ერთ-ერთი ნაწარმოების პრემიერა აშშ-ში, სიეტლში. აქ მან შემთხვევით გაიგო, რომ ირინა ორეხოვსკაია იმყოფებოდა თავის ქალიშვილთან, რომელიც ასწავლიდა სიეტლთან ახლოს მდებარე უნივერსიტეტში. კომპოზიტორის თხოვნით მუსიკოსები ჩავიდნენ აღნიშნულ უნივერსიტეტში და დაუკრეს იგივე ნაწარმოები. კონცერტი მიეძღვნა ირინა ორეხოვსკაიას, რომელიც იმ დროს დარბაზში იჯდა. ცოლ-ქმარი ერთად დიდხანს არ ყოფილა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. არცერთი აღარ დაქორწინებულა. დინარას მამის არყოფნა დისკომფორტს არ უქმნიდა, რადგან სანდრო ცოლყოფილთან ხშირად დადიოდა სადილად და ერთადერთ ქალიშვილს, შემდეგ კი შვილიშვილებსაც, საჩუქრებით ანებივრებდა. დინარას დედისგან სილამაზე გამოჰყვა, მამისგან კი უცხო ენების სიყვარული. სანდრომ ბრწყინვალედ იცოდა ფრანგული ენა, ჯერ კიდევ ოდესის უნივერსიტეტში შეისწავლა. ორიგინალში კითხულობდა ფრანგულ მხატვრულ ლიტერატურასაც და ფრანგ ფილოსოფოსთა შრომებსაც. დინარა ჟორჟოლიანმა დაამთავრა უცხო ენების ინსტიტუტი, ინგლისური ენის სპეციალობით. იქვე დარჩა პედაგოგად, სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა და კარგა ხანს იყო კათედრის გამგეც. აქვს დოქტორის ხარისხი შედარებით ლინგვისტიკასა და თარგმნის თეორიაში. 1957 წელს დინარა გადაიღეს კესოს როლში რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ფილმში „ოთარაანთ ქვრივი“. მისი არისტოკრატიული გარეგნობა ძალიან მოუხდა ამ როლს და მაყურებელს თავი დაამახსოვრა. იგი ასევე გადაღებულია ფილმებში: „მე დავბრუნდები“ (1982); „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (1965); „ერთი მოთხრობის ფინალი“ (1963); „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (1959); დინარა ჟორჟოლიანი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. იგი გაცვლითი პროგრამით ერთი წლით 1990 წელს გაემგზავრა, მაგრამ ვიდრე ის ამერიკაში იმყოფებოდა, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჟორჟოლიანი აღმოჩნდა ათასეული მილით დაშორებული საკუთარი ოჯახისგან, ხელში იმ ქვეყნის პასპორტით, რომელიც აღარ არსებობდა. საქართველოში კი იმ დროს სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. 1992 წელს, საქართველოდან ამერიკაში გადასახლდა დინარას ორივე ქალიშვილი და დედა, მაგრამ აქ დარჩა მისი მეუღლე. ზურაბ ჩაჩავა რამდენჯერმე იყო ჩასული ამერიკაში, მაგრამ ვერ შეეწყო იქაურობას და კვლავ საქართველოში ცხოვრობს. დინარა ჟორჟოლიანი მოღვაწეობდა ვაშინგტონის ცენტრალურ უნივერსიტეტში – ასწავლიდა რუსულ ენასა და ლინგვისტიკას, აქვს ამერიკის მოქალაქეობა. დინარას ქალიშვილი მაია ჩაჩავა 29 წლის იყო, ამერიკაში დედის სანახავდ რომ წავიდა შვილთან, ნინო გაბუნიასთან ერთად. დარჩენას არ აპირებდა, მაგრამ დარჩა. აქ თუ უცხო ენების სპეციალისტი იყო, იქ მხატვარი გახდა. შესაბამისი განათლება მიიღო და ფერწერას, გრაფიკასა და დიზაინს ასწავლიდა სიეტლის უნივერსიტეტში. დღეს ხელოვნების პროფესორია ვაშინგტონის ცენტრალურ უნივერსიტეტში. მისი და, ნინო მერაბიშვილი პიანისტი და ინსტრუქტორია, დოქტორის ხარისხით, ვაშინგტონის უნივერსიტეტში. დინარა ჟორჟოლიანის შვილიშვილი ნინო გაბუნია მხოლოდ ექვსწლინახევრის იყო, ამერიკაში რომ ჩავიდა. ის იქ გაიზარდა. დღეს კომპიტერული დიზაინერია. წყარო: https://www.ambebi.ge/article/272483-miuxedavad-didi-momavlisa-kinos-ar-gahqva-ame/ https://rezoshatakishvili.wordpress.com/tag/დინარა-ჟორჟოლიანი/ https://www.nplg.gov.ge/opentext/index.php?m=88&y=2010&art=21462 https://sputnik-georgia.com/20181108/---------242860880.html
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

