| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნინო მამუკაძე-სორდინი![]()
Biographyიტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია. იგი ქართულ-იტალიურ მედია ERMES•TV-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, ქ. თბილისში. 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ახალგაზრდულ ჟურნალში დაიწყო მუშაობა. გაუმართლა და სულ მალე გადავიდა ჰოლდინგ „პალიტრა მედიაში“. აქ გატარებულმა წლებმა დიდი გამოცდილება შესძინა, რადგან ჰოლდინგის სპეციფიკიდან გამომდინარე, უხდებოდა თანამშრომლობა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან და განსხვავებულ თემებზე მუშაობა. ჰოლდინგში მიღებული ცოდნა-ძალიან გამოადგა ემიგრაციაში, სადაც ქართველი ჟურნალისტები მუშაობენ ყველა თემაზე, რაც წაადგება საქართველოს პოპულარიზაციას ან საჭირო, საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის. ნინა მამუკაძემ საქართველო 2011 წლის მიწურულს დატოვა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა, ოჯახის დახმარების გარეშე მაინც ვერ ახერხებდა საკუთარი თავისა და პატარა ქალიშვილის რჩენას, თანაც გრძნობდა, რომ პროფესიულ ჩიხში შევიდა და იქიდან გამოსასვლელ გზებს ეძებდა. ასეთი ალტერნატიული გზა ემიგრაცია აღმოჩნდა. ნინა მამუკაძე იტალიაში ჩამოსვლის დღიდან ფლორენციაში ცხოვრობს. როდესაც იტალიაში ჩავიდა ამ ენაზე ერთი სიტყვაც არ იცოდა. სწრაფად მიხვდა, რომ ენის შესწავლის გარეშე ვერაფერს გახდებოდა და ინტენსიურად დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა, ჯერ დამოუკიდებლად, ბინადრობის ნებართვის მიღების შემდეგ კი საუნივერსიტეტო კურსებიც გაიარა. ჩამოსვლიდან ორწელიწადნახევარში უკვე ოფიციალურ უწყებებში თარჯიმნად მუშაობდა. პარალელურად, განაგრძობდა ჟურნალისტიკაში მოღვაწეობას, დისტანციურად თანამშრომლობდა ქართულ გამოცემებთან. შემდეგ ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაც დაამთავრა და დღეს, მისთვის უცხო ქვეყანაში, წარმატებულ ჟურნალისტად მიიჩნევა. აქვს საკუთარი საავტორო სატელევიზიო გადაცემაა “LA PIAZZA”. ნინომ ფლორენციაში გაიცნო მომავალი მეუღლე მარკო სორდინი. ქორწილი 2018 წლის გაზაფხულზე გადაიხადეს. მარკოს დახმარებით მან დაგეგმილზე ადრე მოახერხა იტალიაში ჩაეყვანა ქალიშვილი, რომელიც მშობლებთან ჰყავდა დატოვებული. ქეთამ ლიცეუმი იტალიაში დაამთავრა, დღეს კი ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. 2023 წელს კიდევ ერთი გარდატეხა მოხდა ნინო მამუკაძის ცხოვრებაში, როცა, ასევე ემიგრანტი ჟურნალისტის, ხათუნა შარაძის ინიციატივით, გახდა მედიამაუწყებელ ExclusiveTV-ის ჟურნალისტი და იტალიის ბიუროს ხელმძღვანელი. მათი ყოველდღიურ რეჟიმში საქმიანობით შეიქმნა ახალი ფენომენის პრეცედენტი - ცოცხალი ჟურნალისტიკა ემიგრაციაში, შემდეგ კი ერთობლივი საქმეც წამოიწყეს და დააფუძნეს ტურისტული კომპანია „არგონავტების ოქრო“, რომლის მიზანია, მაქსიმალურად ბევრი იტალიელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს. ბოლო დროის განხორციელებულ პროექტებს შორისაა ბაადურ წულაძის მოკლემეტრაჟიანი კინოკომედიის ,,ფეოლას“ იტალიურად გახმოვანება და წარმატებული კინოპრემიერა, რომელმაც იტალიური მედიის დიდი ყურაღება მიიქცია. ფეხბურთით ნინა ბაკურაძე-სორდინი ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში ჩასვლის შემდეგ დაინტერესდა. დაიწყო სპორტის მიმართულებით წერა, ესწრებოდა მატჩებს როგორც აკრედიტებული ჟურნალისტი, ამზადებდა სტატიებს თუ სიუჟეტებს და სულ მალე მოექცა ნეაპოლელი კოლეგების ყურადღების ცენტრში, როგორც იტალიურენოვანი ქართველი ჟურნალისტი. სიუჟეტების მომზადების დროს ნინომ გააცნობიერა, რომ კითხვებს უსვამდნენ არა მხოლოდ კვარაცხელიაზე, არამედ საქართველოზე, მის კულტურაზე, ისტორიაზე, მუსიკაზე და არაერთ სხვა თემაზე. ამან გადააწყვეტინა ისეთი რამ გაეკეთებინა. რაც ფეხბურთის გავლით, საქართველოს პოპულარიზაციის საშუალებას სხვა კუთხითაც მისცემდა. ასე დაიბადა „ფეოლას“ გაიტალიურების იდეა. პროექტმა, რომელიც აკა სულავასთან ერთად შეიქმნა, გაიმარჯვა საქართველოს საგარეო სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის კონკურსზე - „დიასპორული ინიციატივები“ და განხორციელდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. 2024 წლის 9 მაისს, ნეაპოლში შედგა მისი გრანდიოზული პრემიერა. გამოხმაურებებისა და რეცენზიების თავმოყრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სიუჟეტი „ფეოლას“ შესახებ, დაახლოებით, ორმოც იტალიურ და ქართულ მედიასაშუალებაში გაშუქდა და აქედან ნახევარზე მეტი იტალიური მედიაა, მათ შორის ყველაზე დიდი გამოცემები, როგორებიცაა “Corriere Dello Sport”, “La Repubblika”, “La Stampa” და სხვა არაერთი, რაც პროექტის დიდ წარმატებას, მიზნის მიღწევასა და გამარჯვებას ნიშნავს. წყარო: მამუკაძე ნინა. ქართველი ჟურნალისტი იტალიაში ამერიკის კონსულთან ერთად დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს: ინტერვიუ / ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე // გზა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. თბილისი. 2024. 23-29 მაისი. N21 (1250). გვ.52-53 მამუკაძე-სორდინი ნინა. ფეოლა მალე იტალიურად ალაპარაკდება: ინტერვიუ / ესაუბრა ეკა სალაღაია // კვირის პალიტრა. თბილისი, 2024. 22-28 აპრილი. N 17 (1552). გვ. 14
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

