| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
შოთა ნიკოლაძე![]()
Biographyშოთა კონსტანტინეს ძე ნიკოლაძე დაიბადა 1899 წლის 25 მარტს, ქუთაისში. პირველდაწყებითი განათლება ხონის გიმნაზიაში მიიღო, საიდანაც ქუთაისში გადავიდა, შემდეგ თბილისში. საბოლოოდ, დაამთავრა თბილისის მე-5 გიმნაზია და შევიდა თბილისის სამხედრო სასწავლებელში. მესამე კურსზე იყო იუნკერთა სკოლაში, როდესაც 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. უფროსი იუნკერი ნიკოლაძე იბრძოდა ტაბახმელასა და კოჯორთან საარტილერიო ნაწილში, გადარჩა და თავის ხუთ მეგობართან ერთად ემიგრაციაში გაჰყვა გენერალ კვინიტაძეს. 1921 წლის მარტში ერთი გემით საქართველოს მთავრობა წავიდა ბათუმიდან სტამბოლისკენ, მეორე გემით კი - იუნკრები და გენერალი კვინიტაძე. იუნკრებმა სტამბოლიდან საბერძნეთში გადაინაცვლეს. იქ სამხედრო სასწავლებელში ორ წელიწადს დარჩნენ. ამასობაში საბერძნეთში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ძალაუფლება ხელში სამხედროებმა აიღეს და იუნკრები პოლონეთში გადავიდნენ. შოთამ პოლონეთში ცხენოსნობის დროს ფეხი დაიზიანა და იძულებული გახდა სამხედრო სამსახურზე ხელი აეღო. პოლონეთში ბევრი იუნკერი დარჩა, რომლებიც პოლონეთის არმიაში შევიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი მათგანი კატინში წითელ არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა. შოთა ნიკოლაძე ვარშავიდან პარიზში ჩავიდა, სადაც საქართველოდან წასული 20-25 წლის ახალგაზრდები მრავლად იყვნენ. მან იქ მყოფი ქართველები გაიცნო და დაუახლოვდა მომავალ სიმამრს - ვახტანგ ღამბაშიძეს, რომელიც იმ დროს ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე გახლდათ. იუნკერთა უმრავლესობამ საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში გააგრძელა კარიერა, შოთამ კი სამოქალაქო სამსახური დაიწყო და ცოლად შეირთო ვახტანგ ღამბაშიძის უფროსი ქალიშვილი - მედეა (1899-1975). მათ 1928 წელს იქორწინეს. ორი შვილი შეეძინათ - ნათელა და რევაზი. 1928-1932 წლებში შოთა ნიკოლაძე პარიზში იუნკერთა კავშირის წევრი იყო. 1928 წელს, მან არჩილ ზურაბიშვილთან ერთად პარიზში აღადგინა სპორტული საზოგადოება "შევარდენი". დამოუკიდებელი ტანვარჯიშული საზოგადოება „შევარდენი“ საქართველოში არსებობდა 1918 წლის 25 აგვისტოდან 1922 წლის 3 ნოემბრამდე და გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო. პარიზში მცხოვრები ქართული ემიგრაციისთვის, მითუფრო მათი შვილებისთვის, ამ საზოგადოების თავიდან დაფუძნებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ახალი თაობის ფიზიკური აღზრდისთვის „შევარდენში“ ფუნქციონირებდ სატანვარჯიშო, ფარიკაობის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის და კემპინგის სექციები. შოთამ პარიზში ქართველებისთვის, ასევე, დააარსა საბავშვო ბაღი, სოფიო ჩიჯავაძე-კედიასთან ერთად კი „ქართული კერა“, სადაც კვირაში ორჯერ მისი შვილებიც დადიოდნენ - სწავლობდნენ ქართულ წერა-კითხვას, ცეკვას, სიმღერას და ისტორიას. ქართული ემიგრაცია ცდილობდა საქართველოსთან კავშირი არ დაეკარგა, დღესასწაულებს ერთად აღნიშნავდნენ, 26 მაისსა და შობას ქართულ ეკლესიაში ხვდებოდნენ. მედეა და შოთა ქალ-ვაჟს ქართულად ზრდიდნენ, იმ იმედით, რომ ოდესმე საქართველოში დაბრუნდებოდნენ. მაგრამ შვილებისაგან განსხვავებით, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ სამშობლო ვეღარ ნახეს და საქართველოს ნატვრაში დალიეს სული. შოთა ნიკოლაძეს სიცოცხლის ბოლო წლებში განსაკუთრებით სტანჯავდა ნოსტალგია. მისი ვაჟი რეზო ნიკოლაძე იგონებს: „საბჭოთა რეჟიმი ცოტა რომ შესუსტდა, საფრანგეთში სუხიშვილების ანსამბლი ჩამოვიდა. მამა ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე მიდიოდა კონცერტზე და სიხარულით ტიროდა, როცა სცენაზე ქართულ ცეკვას უყურებდა. ამის შემდეგ გამოვიდა ფილმი - „ჯარისკაცის მამა“; დღეში სამჯერ უჩვენებდნენ და ქართველთა სათვისტომო სამივე სეანსს ესწრებოდა. საოცარი ნოსტალგია ჰქონდათ, მაგრამ იცოდნენ, რომ სამშობლოში ვერ დაბრუნდებოდნენ“. შოთა ნიკოლაძე გულის შეტევით გარდაიცვალა 1963 წლის 24 ივლისს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მეუღლის ოჯახის წევრებთან ერთად: ღამბაშიძე, გივი (1902-1930); ჰოპი-ღამბაშიძისა, ვანდა (1877-1945); ღამბაშიძე-ნიკოლაძისა, მედეა (1899-1975); ნიკოლაძე, შოთა (1899-1963); თოხაძე, ნიკოლოზ (კუკური) (1901-1975); ღამბაშიძე-თოხაძისა, თამარ (სუნანა) (1901-1996). წყარო: ღამბაშიძე ვახტანგ. ჩემი თავგადასავალი. - თბილისი, 2018. გვ.29 ცნობის ფურცელი / იუნკერთა ორგანო. პარიზი. 1964. ნეკროლოგიური კრებული: ეძღვნება შოთა ნიკოლაძის ხსოვნას
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

