| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
შალვა ქიქოძე![]()
Biographyქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, თეატრის მხატვარი, ფერმწერი შალვა ქიქოძე დაიბადა 1894 წლის 27 მაისს, სოფელ ბახვში (ოზურგეთის მაზრა). მამამისი - გერასიმე ქიქოძე - კოლეგიის რეგისტრატორი და ერთხანს სოფლის მასწავლებელი იყო. დედის ავადმყოფობის გამო, ყმაწვილს ძირითადად ბებია ზრდიდა. მხატვრის ბიძაშვილი, მწერალი გერონტი ქიქოძე იგონებს, რომ შალვამ ხატვა ლაპარაკთან ერთად დაიწყო და ფანქრით ხატავდა ყველაფერს, რაც მასზე შთაბეჭდილებას ახდენდა. მას ბავშვობაში მძიმე ტრამვა მიუღია, 3 წლის ასაკში მარჯვენა ხელზე დამბლა დაეცა, მაგრამ არ დანებდა და მარცხენა ხელით ხატვა ისწავლა. გერასიმე ქიქოძის ოჯახის თბილისში გადმოსვლის შემდეგ შალვა შეიყვანეს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (1902-1912). სწავლის პერიოდში მან რუსულიდან თარგმნა და თვითონვე დაასურათა სერ არტურ კონან დოილის "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი"; შექმნა ილუსტრაციები „ამირანის“ თქმულებისათვის (1912); ხატავდა რეაქციონერი პედაგოგების კარიკატურებს; ქართული გიმნაზიის სრული კურსის დამთავრების შემდეგ 1914 წელს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოების" სტიპენდიით შალვა ქიქოძე შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; პარალელურად იგი ორი წლის მანძილზე ცდილობდა ჩაბარებას მოსკოვის „ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების“ ინსტიტუტის ფერწერის ჯგუფში, სადაც მხოლოდ1916 წელს ჩაირიცხა და ორი წელი ისწავლა; უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში სწავლასთან ერთად, მხატვარი აქტიურად იყო ჩაბმული მოსკოვის სათეატრო ცხოვრებაში, კერძოდ, 1916-1918 წლებში იგი „შალიკოს“ ფსევდონიმით აქვეყნებდა მოსკოვის სათეატრო ჟურნალში - «Рампа и жизнь» - მეგობრულ შარჟებსა და კარიკატურებს, ხოლო, ნიკიტა ბალიევის თეატრ-კაბარეში - «Летучая мышь»- მოხატა ფარდა, რომელიც ამჟამად დაცულია მოსკოვის ა. ბახშურინის სახელობის სახელმწიფო თეატრის მუზეუმში; საზაფხულო არდადეგებზე შალვა ხშირად ჩამოდიოდა სამშობლოში. ერთ-ერთი ასეთი ჩამოსვლისას, იგი არა მხოლოდ გაწევრიანდა დიმიტრი შევარდნაძის მიერ ტფილისში დაარსებულ „ქართველ ხელოვანთა საზოგადოებაში“, არამედ მისი აქტიური წევრიც გახდა. მან „საზოგადოების“ 1916 წლის ისტორიულ სხდომაზე, რომელზეც ნიკო ფიროსმანაშვილი იყო მიწვეული, ფიროსმანის ორი გრაფიკული პორტრეტული ჩანახატი შეასრულა; ასევე, მონაწილეობა მიიღო ნაბახტევის კედლის მხატვრობის გადარჩენისა და ფრესკების ასლების დამზადების მიზნით, „საზოგადოების“ მიერ მოწყობილ სამეცნიერო-სამხატვრო ექსპედიციაში; ცხენით იმოგზაურა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კახეთსა და აჭარაში და მოგზაურობა აღწერა დღიურებში; მოსკოვის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1918 წელს ტფილისში დაბრუნებული შალვა ქიქოძე აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან განაგრძო თანამშრომლობა თეატრთან და რეჟისორ გიორგი ჯაბადარის მიწვევით 1919 წელს გააფორმა ჯაბადარის თეატრ-სტუდიის სპექტაკლები (ე. ბრიეს „სარწმუნოება“, გ.ჰაუპტმანის „ჰანელე“, ე.როსტანის „თეთრი ვახშამი“ და დ.ჯაკოსის „ვითა ფოთლები“). სამწუხაროდ, დეკორაციები არ შემორჩენილა; ამავე წლის ბოლოს შალვა ქიქოძე „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მდივნად აირჩიეს; მხატვარი კვლავ თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან, მათ შორის: თეატრალურ ჟურნალებთან - "თეატრი და ცხოვრება", "თეატრი და მუსიკა", რუსულენოვან ჟურნალთან - "ხელოვნება"; „Chalico“-ს ფსევდონიმით აქვეყნებდა მეგობრულ შარჟებსა და კარიკატურებს იმდროინდელ ქართულ სატირულ-იუმორისტულ ჟურნალებში - "ლახტი", "ეშმაკის მათრახი". ქმნიდა იმ პერიოდის პოლიტიკოსების, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და კულტურული მოვლენების კარიკატურებს; შალვა ქიქოძემ ფეხით შემოიარა საქართველოს მთა-ბარი და ამ მოგზაურობის შედეგად, შეასრულა როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული პეიზაჟური მხატვრობის საინტერესო ნიმუშები. ამ პერიოდს განეკუთვნება, ასევე, მხატვრის რამდენიმე ავტოპორტრეტი და ახლობელთა პორტრეტული გალერეა; 1919 წელს მხატვარმა მონაწილეობა მიიღო თბილისში "დიდების ტაძარში" გამართულ მასშტაბურ გამოფენაში; შალვა ქიქოძის ადრეული პერიოდის შემოქმედებიდან აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ილუსტრაციები წიგნებისათვის: ხალხური თქმულებები - „ამირანი“ და „ეთერიანი“, ლეო ქიაჩელის საბავშვო მოთხრობები - „მეგობრები“ და „ნატვრის-თვალი“; ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის წლებთან დაკავშირებულ შალვა ქიქოძის მიერ შექმნილი პოლიტიკური ხასიათის გრაფიკულ ჩანახატებსა და მეგობრულ შარჟებს, რომლებიც ასახავენ ამიერკავკასიის სეიმის მონაწილეებს, საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და მენშევიკური მთავრობის ლიდერებს; ამავე პერიოდს განეკუთვნება მხატვრის საპროგრამო ხასიათის ფერწერული ტილო - „ქართველი ქალი“; ზოგიერთ ნაწარმოებში ქიქოძე მიმართავდა სიმბოლურ-ალეგორიულ სახეებს, მაგ.: „დაკარგული მეგობრის გახსენება“ (1920); 1920 წლის 13 იანვარს "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" მიერ დანიშნული სტიპენდიით შალვა ქიქოძე სხვა ნიჭიერ მხატვრებთან ერთად სასწავლებლად პარიზში გაემგზავრა; პარიზში შეიქმნა ფერწერული ტილოების სერია, რომლებშიც შალვა ქიქოძემ წარმოსახვით ასახა საქართველოს რეგიონები („გურია“, „გურული ქალი“, „ქალ-ვაჟი“, „აჭარა“, „ხევსურეთი“, „ დღეობა“). ამ ნაწარმოებებში აშკარად ჩანს ეროვნული მხატვრული ფორმის ე.წ. „მხატვრული ქართულობის“ ის ძიებები, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლების მხატვართა თაობის შემოქმედებას მაგისტრალურ ხაზად გასდევს; ხელოვანის გამორჩეული ქმნილებები ფერწერასა და გრაფიკაში გამოიფინა ლადო გუდიაშვილის და დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან ერთად „ლა ლიკორნსა“ და „დამოუკიდებელთა სალონში“. მისმა სურათებმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც პარიზის პრესაშიც იყო აღნიშნული; 1921 წელს შალვა ქიქოძემ მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელი მხატვრების საზოგადოების ყოველწლიურ გამოფენაში; აღსანიშნავია, რომ მხატვარს პარიზში ვასო ყუშიტაშვილის რეკომენდაციით შეუსრულებია რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვეთა, რომელიც ცნობილ ფრანგულ თეატრებს: „ოდეონს“, „ატელიეს“ და „ძველი სამტრედეს“(Theatre de v’eux colombiere) თეატრს უკავშირდება. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, ამ სცენოგრაფიული დაკვეთების ხასიათი და მათი ადგილსამყოფელი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი) ფონდებში დაცულია შალვა ქიქოძის მიერ, დაკვეთით შესრულებული ჩინელი ახალგაზრდა კაცის ფერწერული პორტრეტი და მშვენიერი ესპანელი ქალბატონის პორტრეტის ფოტო. სწორედ, ამ პორტრეტების შესრულების შედეგად აღებული ჰონორარით გაემგზავრა შალვა ქიქოძე გერმანიაში. სამშობლოში დაბრუნებამდე, მხატვარს განზრახული ჰქონდა ევროპის სხვა ქვეყნების მონახულებაც, მაგრამ მისმა ბედისწერამ სამწუხაროდ, სხვაგვარად განსაჯა. გერმანიაში მოგზაურობის დროს, მხატვარი შეუძლოდ გახდა, თავი იჩინა ორგანიზმში დაბუდებულმა, იმდროისათვის უკურნებელმა სენმა - ჭლექმა. გერმანიაში მყოფმა ქართველობამ, ის საავადმყოფოში მოათავსა, სადაც მის მიმართ გერმანელი ექიმების მიერ გამოჩენილი დიდი ყურადღების მიუხედავად, 1921 წლის 7 ნოემბერს შალვა ქიქოძე გარდაიცვალა. დაკრძალულია გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში. მხატვრის მეგობრების: დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ბიძინა რამიშვილის და მამის, გერასიმე ქიქოძის ძალისხმევით მხატვრის მემკვიდრეობა პარიზიდან სამშობლოში ჩამოიტანეს. 1928 წელს „ქართველ მხატვართა საზოგადოებამ“ მოაწყო ქიქოძის პერსონალური გამოფენა და გამოსცა მისი ნამუშევარების კატალოგი. შალვა ქიქოძის ნამხატები: „ხევსურეთი“ (1920), „გურული ქალი დოქით ხელში“ (1921), „აჭარელი ჩადრიანი ქალები“ (1921); აგრეთვე პარიზის ცხოვრების სცენები; „ლუქსემბურგის ბაღი“ (1920), „რესტორანში“ (1921).და სხვ. ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში. წყარო: შალვა ქიქოძე = Shalva Kikodze : [ალბომი].- თბილისი, 2015 აბესაძე, ირინე. შალვა ქიქოძე = Shalva Kikodze : კულტურული მემკვიდრეობა . - [თბ.], 2005 https://art.gov.ge/ge/portfolio/ქიქოძე-შალვა-2/ https://ka.wikipedia.org/wiki/შალვა_ქიქოძე https://helloblog.ge/story/KikodzeShalva
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

