| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნიკოლოზ სხირტლაძე![]()
Biography2024 წლის 17-24 დეკემბერს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გურჯაანი) ჩატარდა STEM მასტერკლასები, რომლის თემა გახლდათ „თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული სამყაროს როლი მეცნიერებაში“. მსმენელებს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ქართველმა მეცნიერებმა, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში და საგანმანათლებლო ინსტიტუტებში მუშაობენ. მოწვეული მეცნიერებიდან ერთ-ერთი გახლდათ ნიკოლოზ სხირტლაძე – მონაცემთა მეცნიერი AI-ს მიმართულებით (Samsung-America). იგი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო, ჯერ ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა მიკროელექტრონიკაში, მოგვიანებით მაგისტრატურა დაამთავრა პლაზმის ფიზიკის მიმართულებით. 2008 წელს ნიკოლოზ სხირტლაძე ამერიკაში გაემგზავრა და ჩაირიცხა ფლორიდის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე, ექსპერიმენტალური ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით. საუნივერსტიტეტო პროგრამა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად მოიცავდა ამერიკაში სწავლას და შვეიცარიაში სამწლიან კვლევას, სადაც ახალგაზრდა მეცნიერმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. ნიკოლოზ სხირტლაძე წლების განმავლობაში მონაწილეობდა „ცერნის“ დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტებში, რაც, თავისთავად, ელემენტარული ნაწილაკების კვლევაში ჩართული ნებისმიერი ფიზიკოსის ოცნებაა. ჯგუფს, რომელშიც ქართველი მეცნიერი შედიოდა დიდი წვლილი მიუძღვის ჰადრონული ამაჩქარებლის ( Large Hadron Collider), კერძოდ Compact Muon Solenoid (CMS) ექსპერიმენტის მშენებლობასა და შემდეგ ექსპლუატაციაში გაშვებაში. ნიკოლოზ სხირტლაძის სადოქტორო კვლევა ეხებოდა ახალი ტიპის ნაწილაკების აღმოჩენასა და შესწავლას ( ე.წ. სუპერ- სიმეტრიული მოდელის გათვალისწინებით). სადოქტოროს დამთავრების შემდეგ, მან კვლევითი მეცნიერის პოზიციაზე გააგრძელა საქმიანობა კანზასის უნივერსიტეტში, სადაც თავისი წვლილი შეიტანა ახალი ტიპის ნაწილაკების ანალიზის შექმნაში, ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობაში. მუშაობდა CMS ექსპერიმენტისთვის ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა და შემდგომ აღჭურვის მიმართულებით. კანზასის უნივერსიტეტში პოსტ-დოკზე მუშაობის დროს ძალიან დაინტერესდა მონაცემთა მეცნიერებით და გადაწყვიტა ამ სფეროში ემუშავა და კარგად გარკვეულიყო. ნიკოლოზ სხირტლაძე ამჟამად კორეული ტექნოლოგიური გიგანტის, „სამსუნგის“ ამერიკულ ოფისში, Samsung America-ში მუშაობს, big data and artificial inteligence-ს ჯგუფში, რომლის საქმიანობა მოიცავს ორგანიზაციის სხვადასხვა დეპარტამენტთან ურთიერთობას, ბიზნეს პრობლემის დადგენას, არსებული ინფომაციის დამუშავებას და შესაბამისი მოდელების შექმნას, რაც ეხმარება ბიზნესს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. როგორც მენტორი, ნიკოლოზ სხირტლაძე გაწევრიანებულიასან-ფრანცისკოში საგანმანათლებლო ორგანიზაციაში, რომლის მიზანია მოტივირებულ ადამიანებს დაეხმაროს მონაცემთა მეცნიერებაში განათლებისა და გამოცდილების მიღებაში. ბოლო რამდენიმე წელია ეს სფერო ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო სამუშაოდ ითვლება აშშ-ში. მეცნიერის დიდი სურვილია, დაეხმაროს ქართველ ახალგაზრდებს მიმართულების არჩევაში და შემდგომ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. ქართველი მეცნიერი Samsung ამერიკის ხელოვნური ინტელექტის ჯგუფში ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის ინჟინერია. იგი, უშუალოდ, რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ერთ-ერთია Chatbox in Samsung.com, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში გამოიყენება. ნიკოლოზ სხირტლაძე მის პერსონალიზაციაზე და სხვადასხვა აქტივობაზე მუშაობს. წყარო: https://forbes.ge/nikoloz-skhirtladze-samsungis-tsiphruli-revolutsiis-sadarajoze/ https://speech.ge/metsniereba/nikoloz-skhirtladze-metsnieri-ashsh/
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

