| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ვანო ქიქოძე![]()
Biographyგერმანიაში მოღვაწე ქართველი ფოტოგრაფი, კოლექციონერი ვანო (ივანე) ქიქოძე დაიბადა 1905 წელს ექიმ ტიტე ქიქოძისა და ნინო ბარათაშვილის ოჯახში. მამამისმა, გერონტი (ტიტე) სვიმონის ძე ქიქოძემ (1863-1939), 21 წელი იმუშავა თბილისში გუბერნიის ექიმად. მისი თაოსნობით დაარსდა 13 ქსენონი და 18 სახელმწიფო სასოფლო საავადმყოფო, შეიქმნა მალარიის საწინააღმდეგო ამბოლატორიული ქსელი, რომელმაც ასობით მალარიით დაავადებული ადამიანი იხსნა სიკვდილისაგან. ვანო ქიქოძე სწავლობდა თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში, ხოლო 1924 წელს თავის და-ძმასთან, ეკატერინესა და გიორგისთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში უმაღლესი განათლების მისაღებად. იგი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. საქართველოში დაბრუნებული ვანო ქიქოძის ძმა - გიორგი ოთხჯერ დაიჭირეს, როგორც ევროპაში განათლება მიღებული არასაიმედო პიროვნება და ჯაშუში. ვანო ქიქოძე თავის დასთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში დარჩა. 1960-იან წლებში ქართველმა ემიგრანტმა იმოგზაურა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, მაშინდელ თურქეთის ტერიტორიაზე და ფერად სლაიდებზე აღბეჭდა ქართული კულტურის ძეგლები. მანამდე ამ ძეგლების ფერადი ფოტოები არ არსებობდა. დიაპოზიტივების კოლექცია, მის საკუთრებაში დაცულ ქართული იარაღის მდიდარ კოლექციასთან ერთად, მან უსახსოვრა საქართველოს (გარდაცვალების შემდეგ). ამის შესახებ მოთხრობილია რეზო თაბუკაშვილის ფილმში "მიუნხენიდან საქართველოში". კოლექცია მწერალმა და რეჟისორმა 1987 წელს მიუნხენიდან თბილისში ჩამოიტანა და ეროვნულ არქივს გადასცა. ვანო ქიქოძე საქართველოში მხოლოდ ერთხელ, 1979 წელს ჩამოვიდა. მოინახულა მშობლიური სოფელი, ნათესავები, ყველაფერი ფირზე გადაიღო და თან წაიღო. ანდერძის თანახმად, 1990 წლის 16 იანვარს მისი ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს და მიაბარეს ქართულ მიწას, სადაც მისი დიდი წინაპრები ზაალ ბარათაშვილი (დედის პაპა) და გაბრიელ ეპისკოპოსი (პაპის ძმა) განისვენებდნენ. დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე თავისი ძმის გიორგი ქიქოძის გვერდით. 2023 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ფოტოკოლექცია „ფერადი ტაო-კლარჯეთი“. ონლაინკოლექციაში წარმოდგენილია ვანო ქიქოძის მიერ 1950-1970 წლებში ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას ფერად ფოტოსლაიდებზე გადაღებული ისტორიული ძეგლები: ბანა, ოშკი, ოპიზა, ტბეთი, იშხანი, ხახული, სოლომონისი, თეთრციხე, ქაჯისციხე და სხვა. კოლექცია აერთიანებს 550 დიაპოზიტივს და ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებთან ერთად ასახავს ერზრუმის, ანტიოქიის, დიარბექირის, ტრაპიზონისა და თურქეთის სხვა დასახლებების ძეგლებს. „პირველ რიგში მაინტერესებდა ის რაიონები, რომელიც ქართულად ითვლებოდა. მე თავად ვიღებდი. შესაძლოა, არ აქვს შესაფერისი ხარისხი, მაგრამ რაც არის, არის“, - ამბობდა კოლექციის შესახებ ვანო ქიქოძე დოკუმენტური ფილმში „მიუნხენიდან საქართველოში“. წყარო: https://archive.gov.ge/ge/news/tao-klarjetis-feradi-slaidebi-onlain-gamokveqnda-1 https://ka.wikipedia.org/wiki//ვანო_ქიქოძე
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

