| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მუსტაფა გურჯი![]()
Biographyმონათაჭრობამ საქართველოში XVIII საუკუნეში უკიდირესობას მიაღწია. ახლო აღმოსავლეთის მონათა ბაზრები ქართველებით აივსო. ნაყიდი მონების დიდი ნაწილი ეგვიპტეში, ერაყში, სირიასა და ოსმალეთის იმპერიის ცენტრალურ ქალაქებში ხვდებოდა, ზოგიერთი კი უფრო შორეულ მხარეებშიც მიჰყავდათ, მათ შორის, ლიბიაში (ტრიპოლის საფაშო). ტრიპოლის საფაშოს საზღვაო ძალების მეთაური, ყოფილი მეკობრე მუსტაფა გურჯი, ყმაწვილი იყო, როცა იგი სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე შეუძენია ტრიპოლის მომავალ ფაშას, იუსუფ კარამანლის. მისი საფაშო ოსმალეთს ეკუთვნოდა, თუმცა კარამანლის ადგილობრივი დინასტია ტრიპოლის საფაშოს, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად განაგებდა. სულთნისადმი ლოიალობა უბრალო ფორმალობას წარმოადგენდა და, როგორც წესი, ოსმალეთის ომებში მცირე სამხედრო დახმარებით შემოიფარგლებოდა. საქართველოდან გატაცებული მოზარდი თავისი ნიჭის, უნარებისა და იუსუფ ფაშას ხელშეწყობით, მოგვიანებით, დაინიშნა რაის ალ-მარსას, ანუ ნავსადგურის კაპიტნის თანამდებობაზე. ეს თანამდებობა საფაშოში მხოლოდ ფაშასა და მის პირველ მინისტრს ჩამოუვარდებოდა. ევროპელები მუსტაფა გურჯის საზღვაო მინისტრად მოიხსენიებდნენ და მას მამაც მეომრად, კარგ დიპლომატად და ნამდვილ მუსლიმად ახასიათებდნენ. ის ყველაფერს აკეთებდა ტრიპოლის საზღვაო ფლოტის გასაძლიერებლად. მის ხელში იყო ტრიპოლის პორტისა და მთლიანად საფაშოს შემოსავლების მართვა. მან შეაკეთა ტრიპოლის პორტის ფორტიფიკაციები, დაუნიშნა ხელფასები მეზღვაურებს, ააგო და შეიძინა არაერთი ხომალდი, გააუმჯობესა შეიარაღება, მოაგვარა არტილერიის საორგანიზაციო საკითხები. 1810-1811 წლებში მადლიერების ნიშნად, იუსუფმა მუსტაფას საკუთარი ქალიშვილი, ფატიმა, მიათხოვა. იმხანად ტრიპოლის საფაშოს ძირითადი შემოსავალი მეკობრეობა იყო, თუმცა მე-19 საუკუნის ოციან წლებში, ევროპაში ნაპოლეონის ომების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მეკობრეობა აიკრძალა და ტრიპოლის საფაშოში დაიწყო საფინანსო კრიზისი. 1832 წელს ტრიპოლის ფაშა იუსუფი თავისი ვაჟის, ალის (1832-1835) სასარგებლოდ გადადგა. ამ დროს საფაშოში უკვე სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მუსტაფა გურჯიმ ალი ფაშას მხარე დაიჭირა, თუმცა ლიბიის მთავარი უბედურება შიდა პროცესები კი არა, ოსმალეთი იყო. 1835 წელს სულთანმა მაჰმუდ მეორემ ტრიპოლიში ახალი ფაშა მიავლინა და კარამანლის დინასტიის წევრები ოსმალეთში გადაასახლა, მოხუცი იუსუფის გარდა. მუსტაფას საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდა, როგორც ოსმალებთან, ასევე ეროვნული მოძრაობის მეთაურებთან, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ოსმალეთის მმართველობას. XIX საუკუნის 40-იან წლებში ის არაერთხელ გამოვიდა მედიატორის როლში ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. მუსტაფა გურჯის სახელს უკავშირდება ულამაზესი მეჩეთი (“გურჯი ჯამე”) ტრიპოლიში, რომლის მშენებლობა 1834 წელს დასრულდა. ამას იუწყება სამშენებლო წარწერა მეჩეთზე და 2005 წელს, რესტავრაციის დროს გაკეთებული დაფა. მეჩეთი მდებარეობს ძველი ტრიპოლის (მედინას) შუაგულში და წარმოადგენს ისტორიული შენობების კომპლექსის ნაწილს. საკმაოდ განსხვავებული მეჩეთია, განსაკუთრებით მის მინბარზე არსებული ფერადი დეკორაციებით. ამის გარდა, მას გარკვეული დეტალები თურქული მეჩეთებისგან აქვს ნასესხები, მასში ასევე დიდი რაოდენობითაა გამოყენებული ტუნისური კერამიკული ნამუშევარი. მარმარილოს კოლონები, სავარაუდოდ, იტალიიდან ჩამოიტანეს, ხოლო კედლები მაროკოული ამოკვეთილი ბათქაშითაა დაფარული. მეჩეთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, ისევე როგორც მთელი მიმდებარე არეალი. მეჩეთთან ახლოს მდებარეობს მარკუს აურელიუსის რომანული თაღი. საერთო აზრია, რომ არქიტექტურული და სტრუქტურული თვალსაზრისით ეს მეჩეთი აშკარა სიახლეს წარმოადგენდა და არც მანამდე და არც შემდეგ მსგავსი სილამაზის მეჩეთი ლიბიაში აღარ აშენებულა. მეჩეთს ტრიპოლიში ყველაზე მაღალი, რვაკუთხა მინარეთი აქვს და გარს აკრავს ორმაგი აივანი, რაც ლიბიისთვის უჩვეულოა. ასევე, მეჩეთი საკმაოდ მცირე ზომისაა, მაგრამ ამისდა მიუხედავად ოთხ-ოთხ ნაწილად დაყოფილი 16 გუმბათი აქვს სამლოცველო დარბაზის თავზე. მშენებლობაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე მეზობელი ქვეყნებიდან და ევროპიდან მოწვეული ხელოსნები. მეჩეთთან დაფუძნებული სასწავლებელი მუსტაფა გურჯის სახელს ატარებს. მუსტაფა გურჯი, სავარაუდოდ, 1840-1850-იანი წლების მიჯნაზე აღესრულა. იგი ოჯახის წევრებთან ერთად განისვენებს მის მიერ აშენებული მეჩეთის შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარე ვესტიბიულის აკლდამებში. აქვეა მუსტაფას შვილი ჰაჯჯ 'ალი, რომელიც წარმატებით მოღვაწეობდა ლიბიის პოლიტიკურ სარბიელზე. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/გურჯის_მეჩეთი https://georgianjame.wordpress.com/2015/11/19/გურჯი-ჯამე-ლიბიაში/ https://georgianencyclopedia.ge/en/form_eng/155 ფერაძე, კონსტანტინე. გურჯის მეჩეთი ტრიპოლში // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2008. - 12 სექტემბერი. - N19 (71). - გვ. 55-58 მუსტაფა გურჯი // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.222-225.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

