The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გურჯი იუსუფ-ფაშა

Date of birth:1652
Date of death:1714  (at 62 years)
Burial location:მურატ რეისის სასაფლაო, კუნძული როდოსი
Category:Diplomat, Historical Person, Military Person

Biography

ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, დიპლომატი იუსუფ ფაშა 1652 წელს საქართველოშია დაბადებული. ბავშვობაში მოიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს. განათლება იანიჩართა კორპუსში მიიღო. მალე დაწინაურდა. 1694 წელს ურფას სანჯაყბეგად დაინიშნა. 1702 წელს იანიჩართა ერთ-ერთი ოდის (ნაწილის) უფროსი გახდა. მისი მოვალეობა იყო ნადირობისას სულთნის თანხლება და მომსახურება.

მსახურობდა კრეტაზე, შემდეგ კვიპროსზე. 1706 წელს ჯერ რესმოს, ხოლო შემდეგ ლეპანტოს მმართველად დანიშნეს.

1707 წელს იანიჩართა კორპუსიდან წავიდა. პენსიაზე გავიდა, მაგრამ 1710 წელს სამსახურში დააბრუნეს და ისევ იანიჩართა აღად (უფროსად) გაამწესეს. 1711 წელს ვეზირის წოდება უბოძეს.

იუსუფ ფაშა თავის ნაწილთან ერთად, დიდვეზირ ბალთაჯი მეჰმედ ფაშას სარდლობით, მონაწილეობდა პრუტის ლაშქრობაში რუსეთის წინააღმდეგ და ლაშქრობისას გამოჩენილი გმირობით სახელიც მოიხვეჭა.

რუსეთის ჯარი ბალკანეთში შეჭრას ცდილობდა, მაგრამ დამარცხდა და პეტრე პირველი თავისი შტაბით ალყაში აღმოჩნდა. სრულიდ მოულოდნელად, ოსმალებმა პეტრე პირველს გზა გაუხსნეს რუსეთის საზღვრებისკენ. მაშინ გავრცელდა ხმები, რომ პეტრე პირველმა ალყას დიდი ოდენობით ქრთამის გაღების ფასად დააღწია თავი.

რუსეთთან დაპირისპირება პრუტის შეთანხმებით (ზავით) დასრულდა. სულთანი აჰმედ III უკმაყოფილო დარჩა ლაშქრობის შედეგებით და ბალთაჯი მეჰმედ ფაშა 1711 წლის 9 ნოემბერს თანამდებობიდან გადააყენა. იმავე თვის 20 ნოემბერს დიდ ვეზირად გურჯი იუსუფ-ფაშა დანიშნეს. სულთანმა მას გამარჯვებულის ტიტული უბოძა.

რუსეთის მეფე პეტრე I-მა, პრუტში გადარჩენის შემდეგ, შეთანხმების პირობები არ შეასრულა. გადაწყდა რუსების წინააღმდეგ ხელახლა გალაშქრება. თუმცა მათ ახალი ხელშეკრულების დადება მოითხოვეს, რასაც იუსუფ ფაშა დათანხმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, რუსულ ჯარებს სამი თვის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ პოლონეთი და შვედეთის მეფისთვის სამშობლოში თავისუფლად დაბრუნების საშუალება მიეცათ. რუსებმა შეთანხმება კვლავ დაარღვიეს. სულთანმა აჰმედ III-მ იუსუფ ფაშას მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გაელაშქრა რუსების წინააღმდეგ. რასაც იუსუფ ფაშა შეეწინააღმდეგა. მან განაცხადა, რომ ლაშქრობისთვის ჯარი დაღლილი და მოუმზადებელი იყო. ამ დაუმორჩილებლობის გამო 1712 წლის 12 ნოემბერს გურჯი იუსიფ ფაშა დიდ ვეზირობიდან გადააყენეს და როდოსზე გადაასახლეს, თუმცა საზავო შეთანხმების მის მიერ შემუშავებული პუნქტები 1713 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს.

იუსუფ ფაშა 1714 წელს კუნძულ როდოსზე სიკვდილით დასაჯეს. დაკრძალულია იქვე, მურატ რეისის სასაფლაოზე.

გურჯი იუსიფ ფაშა  ავტორიტეტული პოლიტიკური მოღვაწე იყო, თავის აზრებსა და პრეტენზიებს არასდროს მალავდა. სწორედ ამ პიროვნული თვისებების გამო დაუპირისპირდა სულთანსაც. მას იანიჩართა კორპუსს გარდა არსად არ უმსახურია. ამის გამო ცნობები მის შესახებ ცოტაა შემორჩენილი. ცნობილია, რომ იუსუფ ფაშა თურქულად კარგად ვერ ლაპარაკობდა. იანიჩარების უფროსობიდან პირდაპირ დიდვეზირად დანიშვნის გამო მას "აღა იუსუფ ფაშად" მოიხსენიებდნენ. გულკეთილი იყო და ცუდი არავისთვის უნდოდა, მაგრამ მის მიმართ ჩადენილ ბოროტებას არავის პატიობდა.

სტამბოლის უბანი, აქსარაი, იუსუფ ფაშას სახელობისაა. იმ ადგილას ავტობუსებისა და ტრამვაის გაჩერებაც მის სახელს ატარებს. ამის გამო ყოველ დღე ათი ათასობით სტამბოლელი ახსენებს იუსუფ ფაშას სახელს. მის მიერაა დაარსებული დაწყებითი სკოლაც, რომელიც ერთ ხანს ბიბლიოთეკადაც გამოიყენებოდა.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია. 2.-თბ., 2012.-გვ. 232

https://kvirispalitra.ge/article/36185-osmalethis-qarthveli-didvezirebi-petre-i-than-omis-periodshi/

 


Share: