The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ილია თოფურია

ილია თოფურია
დაბადების თარიღი:1997  (29 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი ილია თოფურია დაიბადა 1997 წლის 21 იანვარს გერმანიის ქ. ჰალეში. დედამისი, ინგა ბენდელიანი-თოფურია აფხაზეთის მკვიდრია. 1993 წლის სექტემბრის ბოლომდე ის გულრიფშის რაიონში ცხოვრობდა. 21 წლის იყო, როდესაც ორი პატარა ბავშვით დევნილი გახდა. აფხაზეთის ომში დაღუპული ქმარი და ძმა დაკრძალა და მშობლიური მიწის დატოვება ჭუბერის უღელტეხილის გავლით მოუხდა, ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან შვილებთან, ანასა და მარიამთან ერთად.

სამშვიდობოზე გამოსულები რუსთავში, ახლობლის ბინაში ცხოვრობდნენ. რუსთავშივე გაიცნო ზაზა თოფურია, მომავალი მეუღლე. ზაზაც აფხაზეთის ომში ნაბრძოლი მეომარი კაცია. მალე ოჯახი ემიგრაციაში, გერმანიაში წავიდა, სადაც რამდენიმე თვეში ჯერ ალექსანდრე დაიბადა, ერთ წელიწადში კი - ილია.

7 წლის იყო ილია, როდესაც მშობლებმა ძმები საცხოვრებლად საქართველოში გამოაგზავნეს. ცხოვრობდნენ ბებია - ბაბუასთან. აქვე დაიწყეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიში, მანამდე გერმანიაში ძიუდოზე დადიოდნენ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ გერმანიიდან მშობლებიც დაბრუნდნენ, მაგრამ 2013 წელს, როცა ილია თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი მეორედ წავიდა ემიგრაციაში, ამჯერად ესპანეთში. დასახლდნენ ქალაქ ალიკანტეში, სადაც ილიამ დაიწყო ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში „კლიმენტ კლუბში“.

ილია და ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.

2015 წელს შედგა ილია თოფურიას დებიუტი პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში. მისი მეტსახელია მატადორი.

27 წლის ასაკში ილია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში.  ის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“= Ultimate Fighting Championship, UFC -ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული..

2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია „მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპრდა და სამრაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მეოთხე ორთაბრძოლა გამართა და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

2024 წლის 18 თებერვალს UFC 298-ზე ქვემსბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზონის ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკის და ბრძოლა მეორე რაუნდში ნოკაუტით მოუგო. ამ ბრძოლის შემდეგ, იგი გახდა UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი.

ამავე წელს მიანიჭეს ესპანეთის მოქალაქეობა.

2025 წლის 28 ივნისს, UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა მძიმე ნოკაუტში გაისტუმრა და UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა. ამ გამარჯვების შედეგად ის არის პირველი ქართველი UFC-ის მებრძოლი, ვინც ორი წონითი დივიზიონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

2025 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, ილია თოფურია მამაკაცთა შორის UFC-ის pound-for-pound რეიტინგში პირველ ადგილზეა. ის ერთხელაც არ დამარცხებულა.

მას შემ­დეგ, რაც "ელ მა­ტა­დო­რი" უმაღ­ლეს ვარ­სკვლა­ვურ სა­ფე­ხურ­ზე ავი­და, საცხოვრებლად ალიკანტედან მად­რიდში  გა­და­ვი­და, რათა ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვის­თვის უკეთ მო­ემ­ზა­დოს.

2024 წელს ილია თოფურია და მისი მე­უღ­ლე, „ინფლუ­ენ­სე­რი“ და ბიზ­ნეს­მე­ნი ჯორ­ჯი­ნა უს­კა­ტე­გი, მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. მათ გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ. ილია თოფურიას ჰყავს უფროსი ვაჟი ჰუგო.

2024 წელს ილია თოფურია საქართველოს მთავრობამ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_თოფურია

https://www.ufc.com/athlete/ilia-topuria

https://www.ambebi.ge/article/328931-espaneli-selebritebi-mezoblad-da-24-saatiani-gaz/

კერესელიძე იუზა. ჩემპიონის გამზრდელი ბაბუის ემოციები „ბედნიერების იალბუზიდან“: როგორ გადაურჩა ილია თოფურიას ოჯახი დაბომბვას: ინტერვიუ/ ესაუბრა თამუნა კვინიკაძე // გზა; საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. თბილისი, 2024, 28 მარტი-3 აპრილი. N13 (1242). გვ.20-21


გააზიარე: