| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ოთარ იოსელიანი![]()
Biographyკინორეჟისორი ოთარ იოსელიანი დაიბადა 1934 წლის 2 თებერვალს, თბილისში. მამამისი დავით იოსელიანი მეფის არმიის ოფიცერი იყო, საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რკინიგზაზე მუშაობდა ინჟინრად. 1920-1930-იან წლებში იგი 5-ჯერ დააპატიმრეს (დროდადრო სახლში ბრუნდებოდა) და საბჭოთა ბანაკებსა და გადასახლებებში წლები გაატარა. ოჯახს საბოლოოდ მხოლოდ 1957 წელს დაუბრუნდა. მისი ერთადერთი შვილი ქალებმა გაზარდეს, დედამ, დეიდამ და ბებიამ. დედას,მარო მიქაბერიძეს, კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. ოთარ იოსელიანი ყოველმხრივ ნიჭიერი ახალგაზრდა გახლდათ. სიყმაწვილეში დაკავებული იყო გრაფიკით და ფერწერით, ბავშვობიდან ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს, დაამთავრა მუსიკალური სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება, 1952 წელს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული კომპოზიციის კურსები. როცა მომავალი რეჟისორი მიხვდა, რომ მისგან დიდი მუსიკოსი არ გამოვიდოდა მოსკოვში გაემგზავრა და 1953 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც სამი კურსი გაიარა. დიდი წარმატებები ჰქონდა, ნიუტონის სახელობის სტიპენდიაც კი დაუნიშნეს, რაც ჩვეულებრივ სტიპენდიაზე სამჯერ მეტი იყო, მაგრამ უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ერთ დღეს უნივერსიტეტში სამხედროები მივიდნენ და წარჩინებული სტუდენტების შერჩევა დაიწყეს ახალი იარაღის შესაქმნელად, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 1956 წელს ოთარ იოსელიანმა ჩააბარა მოსკოვის საკავშირო სახელნწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ВГИК) და უკვე პირველ კურსზე მიხვდა, რომ კინო მისი საქმე იყო. სწავლის პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959 წწ.- მემონტაჟედ; 1959-1961 წწ.- დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი; 1958 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "აკვარელი", ალექსანდრე გრინის მოთხრობისმიხედვით; 1959 წელს - ალეგორია „საპოვნელა“; 1961 წელს კი, თავისივე სცენარით - "აპრილი", რითაც დასრულდა ადრეულ ძიებათა პერიოდი. 1961 წელს იოსელიანმა დაამთავრა კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოს სახელოსნოში სწავლობდა. 1964 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „თუჯი“, რომელშიც აღწერა მეტალურგიული კომბინატის მუშაობის ერთი დღე. ამ ფილმისთვის სცენარის დასაწერად მან რამდენიმე თვე მუშად იმუშავა (ინკოგნიტოდ) რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. ოთარ იოსელიანის ორიგინალური სტილი უკვე მის მცირემეტრაჟიან ფილმებში გამოჩნდა, რაც უფრო აშკარა გახდა რეჟისორის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში "გიორგობისთვე" (1966). ამ ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალზე ფიპრესისა და ჟორჟ სადულის პრემიები დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის (1968). 1968 წელს თავისივე სცენარით გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ძველი ქართული სიმღერა"; 1970 წელს ეკრანებზე გამოვიდა მხატვრული ფილმი „იყო შაშვი მგალობლი“, ხოლო 1976 წელს კიდევ ერთი მხატვრული ფილმი „პასტორალი“, რომელმაც ბერლინის კინოფესტივალის ფიპრესის ჯილდო დაიმსახურა. ორივე ფილმის სცენარი თავად რეჟისორს ეკუთვნის. 1979 წელს მიანიჭეს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, 1984 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ოთარ იოსელიანის ყველა ფილმი საბჭოთა ხელისუფლების კრიტიკას იმსახურებდა და ეკრანებზე რამდენიმე წლის დაგვიანებით გამოდიოდა. „პასტორალის“ შემდეგ მას საერთოდ აუკრძალეს ფილმის გადაღება. 1971-1982 წლებში რეჟისორი კითხულობდა ლექციების კურსს - „კინორეჟისორის ოსტატობა“ - სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლეს კურსებზე. საბჭოთა ცენზურასთან პრობლემების გამო ოთარ იოსელიანი 1980-იანი წლების დასაწყისიდან ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა და მუშაობდა საფრანგეთში, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. რეჟისორმა საფრანგეთში რამდენიმე დოკუმენტური და მხატვრული ფილმი გადაიღო: 1982 – „7 პიესა შავ-თეთრი კინოსათვის“ ( Lettre d'un cinéaste: 7 pièces pour le cinéma noir et blanc); 1983 - "ბასკთა ქვეყანაში"; 1984 - „მთვარის რჩეულნი“ ( Les Favoris de la lune); 1989 – „და იქმნა ნათელი“ ( Et la lumière fut); 1992 - „პეპლებზე ნადირობა“ ( La Chasse aux papillons); 1995 - „საქართველო ეული“ (Seule, Géorgie); 1996 - „ყაჩაღები“. თავი VII“ ( Brigands, chapitre VII; სცენარის ავტორი, მემონტაჟე); 1999 – „მშვიდობით მშობლიურო მიწავ“ (In vino veritas!); 1999-2002 – „ორშაბათი დილა“ (Lundi matin); 2006 – „შემოდგომის ბაღები“ (Jardins en automne); 2015 – „ზამთრის სიმღერა“ ( Chant d'hiver); ფილმში „In vino veritas!“ ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 1984, 1989, 1996 წწ.ოთარ იოსელიანმა ვენეციის საერთაშორისოკინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა საუკეთესო რეჟისურისათვის (ფილმებისათვის - „მთვარის ფავორიტები“, „და იქმნა ნათელი“ და „ყაჩაღები. თავი VII“). 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იყო რეჟისორის ფილმი „შანტრაპა“( Chantrapas; სცენარის ავტორი, მემონტაჟე); ჯილდოები: 1993 წელს მიიღო რუსეთის დამოუკიდებელი პრემია - „ტრიუმფი“; 1995 - ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია; 1998 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; 1999 - საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი; 1999 - რუსეთის კინომატოგრაფიული პრემია „ნიკა“ საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისათვის (ფილმისათვის „ავაზაკები, თავი VII“); 1999 - ევროპის კინოაკადემიის კრიტიკოსთა ჯილდო - Prix Fipresci (ფილმისათვის „მშვიდობით, მშობლიურო მიწავ!“); 1999 - ლუი დელუკის პრემია წლის საუკეთესო ფრანგული ფილმისათვის („მშვიდობით, მშობლიურო მიწავ!“); 2002 - ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისათვის (ფილმი „ორშაბათი დილა“); 2006 - საპატიო ლეგიონის ორდენი; 2011 = მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია CineMerit სიცოცხლეში მიღწეული წარმატებებისთვის. 2013 - ლუკარნოს კინოფესტივალის ჯილდო „Pardo alla carriera“; 2019 - რუსეთის კინომატოგრაფიულ პრემია „ნიკას“ ჯილდო „პატივი და ღირსება“; 2022 - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო „პრომეთე“; მომავალი მეუღლე ოთარ იოსელიანმა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფაკულტეტზე სწავლის დროს გაიცნო. ისინი თანაკურსელები იყვნენ. მალე დაქორწინდნენ. რიტა (რიკა) სემიონოვა ქმარს საქართველოში გამოჰყვა, ქართული ენაც შეისწავლა და მთელი ცხოვრება მხარში ედგა. იგი ყოველთვის იზიარებდა მეუღლის მრწამსსა და შეხედულებებს, ხელს უწყობდა მის შემოქმედებით წინსვლას. ეყოლათ ქალიშვილი ნანა, რომელიც მონაწილეობს მამის ფილმებში - „გიორგობისთვე“ და „პასტორალი“. „საფრანგეთში გადაღებული ფილმები ფრანგებს ფრანგული ჰგონიათ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქართველებმა იციან - ქართულ ფილმებს ვიღებ დღევანდელობაზე, ანუ იმაზე, რაც ვიცი. თუ ფილმს არ ვიღებ, ცხოვრებას საქართველოში ვამჯობინებ. ჩემი საფრანგეთში ცხოვრებით ბევრი არაფერი შეცვლილა... ერთი თბილისელი კაცი ვარ...", - წერდა ოთარ იოსელიანი. რეჟისორმა აღდგენილი შემოქმედებითი მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული არქივის კინოფონდს უსახსოვრა. მისი ფილმების სკანირება და რესტავრაცია საფრანგეთში მოხდა. ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა 2023 წლის 17 დეკემბერს, თბილისში. განისვენებს ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_იოსელიანი http://geocinema.ge//ka/persons/5820 https://ru.wikipedia.org/wiki/Иоселиани,_Отар_Давидович ამირეჯიბი, ნათია. კინორეჟისორი-ოთარ იოსელიანი . - თბილისი, 2003 ქარცივაძე მარინა. Modus Vivendi (ცხოვრების წესი). - თბილისი, 2017 http://kartuli.kvira.ge/2024/02/02/ოთარ-იოსელიანი-ჩემი-საფ/ https://nostal.ge/2023/12/17/kinorejisori-otar-ioseliani-gardaicvala/
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

