The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბადრი მაისურაძე

ბადრი მაისურაძე
Date of birth:13 November, 1966  (59 years)
Category:Singer

Biography

საოპერო მომღერალი (ტენორი) ბადრი მაისურაძე დაიბადა 1966 წლის 13 ნოემბერს, თბილისში, მუსიკოსების ოჯახში. რვა წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო ლ. რობიტაშვილის საბავშვო ოპერის - „პატარა იას დაბადების დღე“- სტუდიურ ჩაწერაში. არის საბჭოთა მასშტაბით ჩატარებული ორი საბავშვო კონკურსის გამარჯვებული.  სწავლობდა შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე. ერთხანს მუშაობდა კინომსახიობის თეატრში.

გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: "ნეილონის ნაძვის ხე" (1985), "ახალი წელი" (1982), "პირველი სიყვარული";

საოპერო მომღერლის მონაცემები ახალგაზრდა მსახიობში „სამ გროშიან ოპერაში“ მონაწილეობისას აღმოაჩინა ქართველმა ტენორმა ზურაბ ანჯაფარიძემ. მისი რჩევით ბადრიმ პროფესიული მუსიკალური (ვოკალური) განათლება მიიღო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსევატორიაში, რომლის  დასრულების შემდეგ, 1989 წელს, სტაჟირება გაიარა მოსკოვის დიდ თეატრში ზურაბ სოტკილავას ხელმძღვანელობით.

1990 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. მისი დებიუტი შედგა ოთარ თაქთაქიშვილის ოპერაში „მინდია“;

1993 წლიდან მონაწილეობდა ბათუმის საოპერო თეატრის საპრემიერო სპექტაკლში (აბესალომის პარტია, ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"). ამავე წლიდან დაიწყო ბადრი მაისურაძის საერთაშორისო კარიერა  - ლიეჟის სამეფო ოპერის თეატრში მან შეასრულა ცრუ დიმიტრის როლი მუსორგსკის ოპერაში „ბორის გოდუნოვი“;

მომღერალი არაერთი მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებულია. 1994 წელს მან ლაურეატის წოდება მოიპოვა ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ბარსელონაში და ბიერლინგის საერთაშორისო კონკურსზე შვედეთში (სტოკჰოლმი);

1994 წელს ბადრი მაისურაძე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი გახდა, 2002 წლიდან კი გალინა ვიშნევსკაიას საოპერო სიმღერის ცენტრის პროფესორია.

1999 წელს პირველად გამოვიდა მილანის "ლა–სკალას" სცენაზე (ანდრეის პარტია, პ. ჩაიკოვსკის "მაზეპა");

2004 წელს მომღერალმა მონაწილეობა მიიღო მილანის ლა სკალას საოპერო სეზონის გახსნაში (დირიჟორი რიკარდო მუტი);

ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის მანძილზე ბადრი მაისურაძეს შესრულებული აქვს 50-ზე მეტი პარტია მსოფლიოს მრავალი ცნობილი თეატრის სცენაზე, მათ შორისაა: ბერლინის Deutsche Opera („ტრუბადური“, „აიდა“, „ნაბუქო“), ვენის Staatsoper („ტოსკა“), მილანის La scala („მაზეპა“), ფლორენციის Teatro Comunale („მადამ ბატერფლაი“, „ქალიშვილი დასავლეთიდან“), მადრიდის Teatro Real („აიდა“, „ერნანი“, „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი“), ნეაპოლის Teatro di San Carlo („ლედი მაკბეტი“), პალერმოს Teatro Massimo („ტურანდოტი“, „აიდა“), ბარსელონას Gran Teatre del Liceu („ბალ-მასკარადი“), დრეზდენის Semprer Oper („ბალ-მასკარადი“, „აიდა“, „დონ კარლოსი“), პეტერბურგის მარიას თეატრი („აიდა“, „მოსასხამი“),სტოკჰოლმის სამეფო ოპერის თეატრი („ოტელო“, „დონ კარლოსი“, „ტრუბადური“, „მაკბეტი“), დალჰალას საოპერო მუსიკის ფესტივალი შვედეთში („ტოსკა“, „სამსონი და დალილა“), მონპელიეს ნაციონალური ოპერის თეატრი („აიდა“, „ოტელო“, „სამსონი და დალილა“), კანადის ოპერის თეატრი („მანონ ლესკო“, „ტოსკა“, „ჟანა დ’არკი“, „მადამ ბატერფლაი“), ოპერა ავსტრალია („აიდა“, „სამსონი და დალილა“, „ჯამბაზები“), პუჩინის ფესტივალი ტორე დელ ლაგოში („მედიჩი“), მესინას Teatro Vittorio Emanuele („ქალიშვილი დასავლეთიდან“, „მოსასხამი“), მოსკოვის დიდი თეატრი („ტოსკა“, „პიკის ქალი“, „ბალ-მასკარადი“, „ბედის ძალა“, „აიდა“, „ნორმა“, „ლუჩია ლამერმურიდან“, „ტრავიატა“, „მაკბეტი“), უნგრეთის ნაციონალური ოპერა („სოფლის ღირსება“, „ჯამბაზები“, „პიკის ქალი“, „ბედის ძალა“), ისრაელის ფილარმონიის ორკესტრი („აიდა“), ტულონის ოპერის თეატრი („სოფლის ღირსება“, „ჯამბაზები“, „ოტელო“), ესტონეთის ნაციონალური ოპერის თეატრი („პიკის ქალი“, „ტოსკა“, „სიმონ ბოკანეგრა“), ლიტვის ნაციონალური ოპერის თეატრი („აიდა“, „ტოსკა“) და ასე შემდეგ;

რეპერტუარში აქვს კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები, ასრულებს ტენორის პარტიას ბეთჰოვენის მე–9 სიმფონიაში, ვერდის "რეკვიემში", ბრიტენის "სამხედრო რეკვიემში"; 

დიდ წარმატებას მიაღწია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადაში, ირლანდიაში, სამხრეთ აფრიკაში; 

მომღერალს თანამშრომლობა აკავშირებს  გამოჩენილ მუსიკოსებთან (მ. როსტროპოვიჩი, ვ. გერგიევი, რ. მუტი, ს. ოზავა) და ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიცაა: სეიჯი ოძავა, ზუბინ მეტა, დანიელ ორენი, ანტონიო გუადანიო, მარჩელო ვიოტი, მაურიციო ბარბაჩინი, პეტერ ფერენეცი, კარლო რიცი, არვო ვოლმერი, ალექსანდრ ვედერნიკოვი, მაურიციო არენა, გარსია ნავარო, მაურიციო ბენინი, ჯორჯო მორანდი, ნელო სანტი, ლოურენს ფოსტერი, ჯანსუღ კახიძე, გივი აზმაიფარაშვილი, ოდისეი დიმიტრიადი და სხვა;

ბადრი მაისურაძე ისეთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრია, როგორებიცაა: ბუსეტოს საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“, პარიზის ვინჩენცო ბელინის სახელობის კონკურსი, გალინა ვიშნევსკაიას სახელობის ვოკალისტთა კონკურსი, მელბურნის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, რიკარდო ზანდონაის სახელობის ახალგაზრდა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, ფლავიანო ლაბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსი, საოპერო მუსიკის კონკურსი „ჯოვანი მარტინელი-აურელიანო პერტილე“ (ჟიურის თავმჯდომარე), თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN (ჟიურის თავმჯდომარე);

ბადრი მაისურაძე ბუსეტოს ვერდის სახელობის თეატრის, პუჩინის ფესტივალის, კორეის ნაციონალური ოპერის, ჰონგ-კონგის ოპერის, სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის სახელობის თეატრის კონსულტანტი, ასევე ART FESTIVAL-ის (პრაღა და უმბრია) და მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მენეჯერი იყო;

მომღერალი რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, კანადასა და ავსტრალიაში;

2016 წლის ნოემბრიდან ბადრი მაისურაძე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია;

2019 წელს მომღერალი დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ. ამავე წელს მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ვერდის ფესტივალს საქართველოში.

2001 წელს ბადრი მაისურაძე გახდა ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერი;

2005 წელს მიენიჭა რსფსრ დამსახურებული არტისტის წოდება.

წყარო: 

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.466-467; 

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 293

https://ka.wikipedia.org/wiki/ბადრი_მაისურაძე

https://www.mes.gov.ge/content.php?id=9506&lang=geo


Share: