| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
სილიბისტრო ლომია![]()
Biographyირანისტი, ფილოლოგი, ენათმეცნიერი სილიბისტრო გიორგის ძე ლომია დაიბადა 1891 წელს, სოფელ თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი). ფოთის გიმნაზია ექსტერნად დაამთავრა, რადგან გადამწერად მუშაობდა ნოტარიუსის კანტორაში და გიმნაზიაში ვერ დადიოდა. შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა სოფლის სკოლაში. 1913 წელს სილიბისტრო ლომია პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის ქართულ-სომხური განყოფილების სტუდენტი გახდა. მისი მასწავლებელი იყო ნიკო მარი. 1917 წელს, ახალგაზრდა მეცნიერი კავკასიის არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის ნ. მარის დავალებითა და მისივე პროგრამით გაემგზავრა მესხეთში, მესხური კილოკავის გამოსაკვლევად. ამ პერიოდს განეკუთვნება მესხეთ-ჯავახეთში მოგზაურობის დღიურები (დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში, აკად. ე. თაყაიშვილის ფონდში 2034 და 2035 ნომრებით). ექსპედიციიდან დარუნებული მუშაობდა ტფილისში. სილიბისტრო ლომიამ სწავლის პერიოდშივე გამოავლინა ცხოველი ინტერესი, როგორც ლიტერატურის, ასევე, ისტორიის მიმართ. იგი მუშაობდა ამირანდარეჯანიანზე და ბაკურ მეფის საკითხზე; დაწერილი აქვს ნაშრომი: „ახალი საფუძველი ბარათაშვილის პოეზიის შესწავლისა“ (დაუმთავრებელია); „ფორმა და შინაარსის საკითხი ალ. ვესელოვსკის პოეტიკაში“ და სხვა. მეცნიერი იყო წევრი საქართველოს ეროვნული საბჭოს განათლების სექციასთან არსებული ქართული ენისა და ლიტერატურის კომისიისა, შემდეგ კი ამ კომისიის მდივანი. სილიბისტრო ლომიას მეუღლე გახლდათ ვერა ბარდაველიძე (1899-1970). მას დამთავრებული ჰქონდა თბილისის მე-8 ქალთა გიმნაზია და გიმნაზიასთან არსებულ ლიტერატურულ წრეშიც იყო გაერთიანებული, რომელსავ იმავე გიმნაზიის პედაგოგი სილიბისტრო ლომია ხელმძღვანელობდა. 1918 წელს, გიმნაზიაში სწავლის დასრულებისთანავე, 19 წლის ვერა ცოლად გაჰყვა სილიბისტრო ლომიას, რომელიც იმ პერიოდში სპარსეთში აპირებდა გამგზავრებას სამეცნიერო მივლინებით. ირანთან დაახლოების სურვილს ყოველთვის გამოხატავდნენ ქართველები. შემთხვევითი არ იყო, რომ ახალდაარსებულმა უნივერსიტეტმა ირანისტების მოსამზადებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა. 1919 წლის თებერვლის ბოლოს სილიბისტრო ლომია სპარსული ენის დასახვეწად ირანში გაიგზავნა. მან თან წაიყვანა ახალგაზრდა მეუღლეც. საუბედუროდ, იმ დროს ირანში ტიფის ეპიდემია მძვინვარებდა. ახალგაზრდა ირანისტი ჩასვლისთანავე დაავადდა პარტახტიანი ტიფით და იმავე წლის 10 აპრილს გარდაიცვალა. იქვე დაკრძალეს. უსახსროდ დარჩენილ ქალს სპარსეთში მოღვაწე გ. ხოშტარია უწევდა მფარველობას. ერთი წლის შემდეგ, მისივე დახმარებით დაბრუნდა ვერა ბარდაველიძე საქართველოში. 1923 წელს მან თსუ-ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი დაამთავრა და შემდგომში ცნობილი მეცნიერი, ეთნოგრაფი გახდა. ახალგაზრდა ქვრივი შეეცადა მეუღლის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებას. მან უკვე 1924 წელს მიმართა დახმარებისთვის უნივერსიტეტის რექტორს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ეს თხოვნა ვერ შესრულდა. წყარო: https://feminism-boell.org/ka/2014/06/06/vera-bardavelize კელენჯერიძე, ელენე. ვინ არის მესხეთ ჯავახეთში მოგზაურობის ავტორი // მრავალთავი. - , 1999. - NXVIII-B. - გვ.481-486. ჩიტაია, გ. დავით ყიფშიძის და სილიბისტრო ლომიას ხსოვნას // მიმომხილველი. - თბილისი, 1926. - N1. - გვ.357-362
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

