| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მარლენ ხუციევი![]()
Biographyკინორეჟისორი, სცენარისტი, პედაგოგი მარლენ ხუციევი (ხუციშვილი) დაიბადა 1925 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში. მამა - მარტინ ლევანის ძე ხუციევი (1900-1937) მსახურობდა მეოთხე ჰაუბიცების დივიზიის კომისრად, რევოლუციის შემდეგ - სსრკ-ის შინაგანი და საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილედ. 1937 წელს იგი გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს 58-ე მუხლით. დედა - ნინა მიხეილის ასული უთენელიშვილი (1905-1957), მსახიობი გახლდათ, წარმოშობით დიდგვაროვანი სამხედრო ოჯახიდან. სახელი მარლენი არის აბრევიატურა და ნიშნავს „მარქს, ლენინს“. მამის რეპრესირების შემდეგ დედა და ვაჟი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდნენ. მარლენმა მოსკოვის სკოლა დატოვა და სწავლა დაასრულა თბილისის №43 საშუალო სკოლაში. მისი მცდელობა, ჩაებარებინა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში წარუმატებელი გამოდგა. მან კონკურსი ვერ გაიარა და 1944 წელს სამსახური დაიწყო თბილისის კინოსტუდიასთან არსებულ სამსახიობო სკოლაში კომბინირებული გადაღებების მხატვრის ასისტენტად („მოდელირების შეგირდი“). 1952 წელს მარლენ ხუციევმა დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (იგორ სავჩენკოს სახელოსნო); მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ფილმი - „ქალაქთმშენებლები“, რომელიც ფელიქს მირონერთან ერთად გადაიღო; 1953-1958 წლებში მუშაობდა დუბლირების ასისტენტად, მეორე რეჟისორად და შემდეგ რეჟისორად ოდესის კინოსტუდიაში, 1959-1964 წლებში გორკის კინოსტუდიაში, ხოლო 1965 წლიდან - „მოსფილმში“; მარლენ ხუციევის ფილმს - „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე“, მიენიჭა, ბრინჯაოს მედალი - მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე 1967 წელს; სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია: „ორი თედორე“ (1958), „მე ოცი წლისა ვარ“ (1964), „ივლისის წვიმა“ (1966), „ბოლოსიტყვაობა“ (1983); 1970 წელს გადაიღო მხატვრული ტელეფილმი „მაისის თვე იყო“, რომელსაც მიენიჭა პრემია პრაღის ტელეფილმების VII საერთაშორისო კინოფესტივალზე; ფილმმა „მე ოცი წლისა ვარ“ მიიღო პრიზები ვენეციისა და რომის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, 1965 წელს; რეჟისორს, ასევე, გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები „და მაინც მჯერა“ და „1941 წლის ადამიანები“; მარლენ ხუციევი იყო არაერთი საკუთარი რეჟისურით გადაღებული ფილმის სცენარის ავტორი ან თანაავტორი; როგორც მსახიობი, მონაწილეობდა სხვა რეჟისორების ფილმებში; არის თეატრალური სპექტაკლის რეჟისორიც: 1967 და 1986 წლებში მან თეატრ „სოვრემენნიკში“ დადგა პიესა - „ინციდენტი ვიშიში“, არტურ მილერის პიესის მიხედვით; 1986 წელს მიენიჭა სსრკ სახალხო არტისტის წოდება; რეჟისორის მეუღლე იყი - ირინა სემიონოვნა სოლოვიოვა (1927-2019), რედაქტორი მ. გორკის სახელობის კინოსტუდიაში. რეჟისორი და სცენარისტია მათი ვაჟიც - იგორ ხუციევი (დაიბადა 1952 წელს). მარლენ ხუციევი გარდაიცვალა 2019 წლის 18 მარტს, მოსკოვში. დაკრძალულია ტრეოკუროვოს სასაფლაოზე. წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Хуциев,_Марлен_Мартынович https://ka.wikipedia.org/wiki/მარლენ_ხუციევი https://lenta.ru/lib/14194016/ რატიანი, ი. მარლენ ხუციევი : [კინორეჟისორის პორტრეტი] / ი. რატიანი // კინო. - 1987. - N1. - გვ.77-91 ხუციევი, მარლენ. "საჭიროა, ხელისუფლება ისევე იყოს დაინტერესებული კინოთი, როგორც იყვნენ დაინტერესებულნი ადრე... რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მომავალია" : ინტერვიუ /ესაუბრა შორენა როსტომაშვილი // Filmprint : ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფიაზე. - თბილისი, 2013. - შემოდგომა. - N9. - გვ.96-99
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

