| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი დარბაიძე![]()
Biographyსაოპერო მომღერალი (ბარიტონი) გიორგი დარბაიძე დაიბადა 1977 წელს ქ. რუსთავში. ოპერის მომღერლობას არ აპირებდა, უნივერსიტეტში სწავლობდა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელაში მღეროდა. სწორედ კაპელის ხელმძღვანელმა, გივი მუნჯიშვილმა შეამჩნია მისი ხმის სიძლიერე და ურჩია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განეგრძო სწავლა. 1999 წელს ჩააბარა კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე, ხოლო მაგისტრის ხარისხი 2006 წელს მიიღო. მისი პედაგოგი თენგიზ მუშკუდიანი გახლდათ. 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, ხოლო 2006 წლიდან 2009 წლამდე - სოლისტი ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში. ამ პერიოდში მან თხუთმეტი წამყვანი როლი შეასრულა სხვადასხვა ცნობილ საოპერო სპექტაკლში: ონეგინი ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინში“, მალატესტა დონიცეტის „დონ პასკუალეში“, ჟერმონი ვერდის „ტრავიატაში“, სლუკი როსინის „La cambiale di matrimoniale“-ში, პაპაგენო მოცარტის „ჯადოსნურ ფლეიტაში“ და სხვა. 2007 წელს გიორგი დარბაიძემ გაიმარჯვა სოლო სიმღერის კატეგორიაში IV რესპუბლიკურ მუსიკალურ კონკურსში. გერმანიაში 2009 წელს წავიდა ხელოვანთა დასაქმების ცენტრალური ფედერალური სააგენტოს (ZAV-Künstlervermittlung) მოწვევითა და შუამდგომლობით. ბონში, ბაიროითში (Wagner Festspiele) და ვუპერტალში საოპერო დადგმებში მონაწილეობის შემდეგ, იმავე წლიდან ჩაირიცხა ბრემერჰავენის საქალაქო თეატრის დასში (Stadttheater Bremerhaven), სადაც მას ორმოცდაათზე მეტ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. მომღერლისთვის დაუვიწყარია მისი პირველი მთავარი როლი მოცარტის “ჯადოსნურ ფლეიტაში”. 2011 წელს გიორგი დარბაიძემ შეასრულა ალცინდოროს პარტია „ბოჰემაში“ გისენის საქალაქო თეატრში და კუნოს პარტია „ფრეისშუტცში“კიოლნის კამერულ ოპერაში. ამას მოჰყვა, 2012 წელს - მონტერონე ვერდის „რიგოლეტოში“ და მალევე, ლეპორელო მოცარტის „დონ ჯოვანიში“ ვორარლბერგის მუსიკალურ თეატრში (ავსტრია). მრავალფეროვანია მომღერლის საგასტროლო რეპერტუარი გერმანიისა და ავსტრიის მასშტაბით ჩატარებული სპექტაკლებისა თუ კონცერტების სახით, მათ შორის ბონში, დიუსელდორფში, კიოლნში, ფრეხენში, ნოისში, დორტმუნდში, ბრემენში, ბრემერჰავენში, ჰანოვერში და სხვაგან. აღსანიშნავია, რომ გიორგი დარბაიძე 2013 წლიდან აქტიურად შუამდგომლობს ქართველი მომღერლების თანამშრომლობას ხელოვანთა დასაქმების ცენტრალურ ფედერალურ სააგენტოსთან, რის შედეგადაც ქართველ მომღერლებს შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიული კონტრაქტებით იმოღვაწეონ ციურიხის, დიუსელდორფის, მაინცის, კრეფელდის, დარმშტადტის, ბრაუნშვაიგის თეატრების დასებში. 2013-2016 წლებში საქართველოში ჩატარებული მოსმენების შედეგად ბევრი ახალგაზრდა მომღერალი დღეს გერმანიის თეატრებში მოღვაწეობს. 2016/2017 წლების სეზონიდან გიორგი დარბაიძე ჰანოვერის სახელმწიფო ოპერის დასის (Staatsoper Hannover) წევრია. გარდა სპექტაკლებში მონაწილეობისა და საკონცერტო მოღვაწეობისა გიორგი დარბაიძე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. მისი ცოდნა ბევრ მომღერალს დაეხმარა გერმანულ სცენაზე პროფესიულ დასაქმებაში. 2025 წელს, ბოლნისის ძველ გერმანულ უბანში გაიმართა ადგილობრივი წარმოშობის ღვინის ფესტივალი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი (უკვე მესამედ). ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს სხვადასხვა კუთხის მეღვინეებმა თავიანთი უნიკალური, დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები გააცნეს. ფესტივალში მონაწილეობდა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც 2020 წელს გიორგი დარბაიძემ საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით დააარსა გერმანიაში. ეს კომპანია არის ქართული ღვინის იმპორტიორი გერმანიაში და არამარტო. მომღერალს ჰყავს მეუღლე, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია და ორი ვაჟი. უფროსი ვაჟი, მიხეილი, დაიბადა ამერიკაში 2005 თუ 2006 წელს, როდესაც გიორგი იქ მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა. შვილის არსებობის შესახებ მამამ მხოლოდ 14 წლის შემდეგ გაიგო. დღეს მამა-შვილს კარგი ურთიერთობა აქვს და საქართველოშიც იყვნენ ერთად. წყარო: https://speech.ge/khelovneba/giorgi-darbaidze-saopero-momgherali-germania/ https://www.facebook.com/watch/?v=662262135418757 https://www.facebook.com/Speakwithmusic/posts/giorgi-darbaidzeder-bariton ... gebore/ 296838095611102
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

