The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარიამ გაგლოშვილი

მარიამ გაგლოშვილი
Date of birth:7 February, 1995  (31 years)
Category:Singer

Biography

საოპერო მომღერალი (სოპრანო) მარიამ გაგლოშვილი დაიბადა 1995 წლის 7 თებერვალს, თბილისში. მშობლები - ზვიად გაგლოშვილი და ნინო პაპიაშვილი მსახიობები არიან. მოღვაწეობენ თბილისის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების სახელმწიფო თეატრებში.

მარიამს სიმღერის ნიჭი გენეტიკურად გამოჰყვა. ოჯახში ყველა მღეროდა, განსაკუთრებით, დედის მხრიდან. ხელოვანების ოჯახში გაზრდილი ბავშვიც სულ მღეროდა, მაგრამ არა კლასიკური ვოკალის განხრით. მას დრამატული თეატრი უფრო აინტერესებდა, თუმცა მუსიკალურ სკოლაში დადიოდა და ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა.

მარიამ გაგლოშვილმა 2013 წელს დაამთავრა - თბილისის 63-ე საჯარო სკოლა (ყოფ.მე–7 გიმნაზია), ასევე დამთავრებული აქვს ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლა და თბილისის შოთა რუსთველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეატრის რეჟისორი). (2013-2017);

2017 წელს წარდგენილი იყო წინანდლის პრემიაზე - ნომინაციაში თეატრალური ხელოვნება (ქეთევან გიორგაძესა და გურამ მაცხონაშვილთან ერთად);

კლასიკურ მუსიკაზე მარიამი საერთოდ არ ფიქრობდა, მაგრამ თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ერთი-ორჯერ საოპერო არიები წაიმღერა და კონსერვატორიაში ჩაბარება ურჩიეს. საბედნიეროდ, გადაწყვიტა ბედი ეცადა, თუმცა ამის განსაკუთრებული სურვილი არ ჰქონდა. გამოცდები წარმატებით ჩააბარა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პირველივე ცდაზე ჩაირიცხა;

დამთავრებული აქვს კონსერვატორიის ბაკალავრიატი (სოლო სიმღერა, (2018-2022), შემდეგ კი მაგისტრატურა;

კონსერვატორიის მესამე კურსიდან მისი პედაგოგი გახდა თამარ ივერი, რომელსაც უკავშირდება მომღერლის სწრაფი ვოკალური ზრდა;

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მღეროდა თბილისის საოპერო სტუდიაში. შესრულებული აქვს როლები: ზერლინა – „დონ ჯოვანი“, ვ.ა. მოცარტი; სუსანა – „ფიგაროს ქორწინება“, ვ.ა. მოცარტი; ღამის დედოფალი - „საცეკვაო ფლეიტა“, ვ.ა. მოცარტი და სხვა;

მაგისტრატურის ბოლო კურსზე, გამოცდილების მიღების მიზნით, მარიამ გაგლოშვილი გაცვლითი პროგრამით წავიდა პარმაში (იტალია) და გახდა პარმის კონსერვატორიის არიგაო ბოიტოს ერასმუსის სტუდენტი, სადაც გაატარა ერთი სემესტრი. მეორე სემესტრიდან გადავიდა პოლონეთში, კრაკოვის კრშიშტოფ პენდერეცკის სახელობის მუსიკის აკადემიაში (ერასმუსის სტუდენტი);

2023 წელს მესამე ადგილზე გავიდა მუსიკოს-შემსრულებელთა მანანა დოიჯაშვილის სახელობის VII ქართულ კონკურსზე;

მონაწილეობდა: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი; შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია, ოპერის ოქროს ხმა“, მასტერკლასები და გალა-კონცერტი; ვოკალის საერთაშორისო კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა“ - ბათუმი, საქართველო; მონტსერატ კაბალიეს საერთაშორისო სიმღერის კონკურსი - მადრიდი, ესპანეთი;

2025 წლის იანვრის თვიდან მარიამ გაგლოშვილი დიუსელდორფის ოპერის (Deutsche Oper am Rhein, გერმანია) დასის წევრი გახდა. ის მონაწილეობდა თეატრის მიერ გამართულ კონკურსში და გაიმარჯვა 30 სოპრანოს შორის.

წყარო:

გაგლოშვილი მარიამ. როგორ შეარჩიეს მარიამ გაგლოშვილი დიუსელდორფის ოპერის დასის წევრად საუკეთესო სოპრანოებს შორის: ინტერვიუ / ჩაიწერა ქეთი მოდებაძემ // თბილისელები. თბილისი, 2025. 10-16 მარტი. N10(1263). გვ. 54.


Share: