| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ზაქარია კობიაშვილი![]()
ბიოგრაფიასამხედრო მოღვაწე და კოლექციონერი, გენერალ-მაიორი ზაქარია (ზურაბ) სიმონის ძე კობიაშვილი (კობიევი) დაიბადა 1864 წლის 2 აპრილს სოფელ ახატანში (ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი და ელიზავეტგრადის საკავალერიო იუნკერთა სკოლა. 1884 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. ჩაირიცხა კორნეტად ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში. 1904-1905 წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც დაიჭრა. 1906 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის ჩინი სამხედრო სამსახურში თავის გამოჩენისთვის. შემდგომ წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა მე-17, შემდეგ ვოლინის ულანთა მე-6 პოლკში. 1914 წელს მიიღო პოლკოვნიკობა და გადაიყვანეს სმოლენსკის ულანთა მე-3 პოლკში. I მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაციაში (1914). 1914-1915 წწ. მეთაურობდა პერეიასლავის დრაგუნთა მე-15 პოლკს, 1916-1917 წწ. - ვოლინის ულანთა მე-6 პოლკს. შემდეგ ირიცხებოდა ოფიცერთა რეზერვში. 1919 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ცოლად ჰყავდა (1919 წლიდან) თამარ თუმანიშვილი. შვილი არ ჰყოლია. ზურაბ კობიაშვილი იარაღის კარგი მცოდნე და შემფასებელი იყო. სამხედრო სამსახურის გამო იგი ხშირად იმყოფებოდა ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში. წლების განმავლობაში მან იარაღის და აღმოსავლური ხელოვნების (ე. წ. „ბუდისტური კოლექცია“) ნიმუშების მდიდარი კოლექცია შეაგროვა. 1926 წელს ეს კოლექცია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა შეიძინა, და როგორც იმდროინდელი კომისია აღნიშნავდა, „გაამდიდრა ეროვნული საგანძური“. მოგვიანებით, იარაღის კოლექციის შესწავლის მიზნით, მუზეუმმა ზურაბ კობიაშვილი თანამშრომლად მიიწვია, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. საბრძოლო იარაღის კოლექცია მოიცავს XVI-XIX საუკუნეების როგორც ქართულ, ასევე კავკასიურ, რუსულ, ევროპულ, ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების 199 იარაღს. კოლექცია მდიდარია როგორც იარაღის სახეობებით, ასევე მისი გეოგრაფიული დიაპაზონით. მათ შორისაა: ჩინური, იაპონური, ინდური, სპარსული, თურქული, მონღოლური, ევროპული, რუსული, კავკასიური, ქართული და ამერიკული იარაღი. მემორიალურ ნივთებს შორისაა გიორგი სააკაძის, ჰაჯი მურატის და გენერალ ნიკოლოზ პეტრეს ძე ლინევიჩის თოფები; ზურაბ კობიაშვილის ხმალი, რომელიც მას დაღესტანში სამხედრო სამსახურის დროს (1904 წ.) დარგოელებმა უსახსოვრეს; საამ კობიაშვილის ხმალი (XVIII ს. მთიულეთის მოურავი); ემინ გირეის XVI საუკუნის მუზარადი; ალექსანდრე ბატონიშვილის (მეფე ერეკლე II-ის ძე) ნაჩუქარი ცხენის რახტის ნაწილები (ბატონიშვილმა საჩუქრად მიართვა ჯანდიერების ოჯახს, საიდანაც კოლექციონერის დიდედას მზითვად მოჰყვა კობიაშვილების სახლში) და სხვა. ,,ბუდისტური კოლექცია“ მოიცავს ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხთა ეთნოკულტურის ნიმუშებს, კერძოდ, ინდუისტურ და ბუდისტურ ღვთაებათა ბრინჯაოს, კერამიკისა და ხის გამოსახულებებს, ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილ თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებს. ზურაბ კობიაშვილი კარგად იცნობდა აღმოსავლურ რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებას და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა მასთან დაკავშირებული ნივთებისადმი. გენერალმა თავისი ფერწერული კოლექცია - XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ხელოვნების 28 ნიმუში - 1910 წელს გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას, რომლის ნამდვილი წევრიც იყო 1909 წლიდან. კოლექციაში დაცული ნახატები განეკუთვნება ახალი ქართული მხატვრობის პირველ ეტაპს – „საქართველოს რუსეთთან შეერთებიდან XIX საუკუნის 70-იან წლებამდე“. თითოეულ სურათზე გამოსახულია ეროვნულ სამოსში ჩაცმული მამაკაცი ან ქალი. მთავარი ყურადღება ჩაცმულობასა და აქსესუარებს ექცევა, მათ შორის საბრძოლო იარაღს, სამკაულებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს. ეს სურათები თბილისის ერთ-ერთ სამხატვრო სახელოსნოშია შესრულებული. ზურაბ კობიაშვილი გარდაიცვალა 1931 წლის 21 თებერვალს, თბილისში. დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე. სამხედრო კარიერის მანძილზე დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (1904), IV (1905) და II (1905), წმ. სტანისლავის II (1905), წმ. ვლადიმერის IV (1905) და წმ.გიორგის IV (1906) ხარისხის ორდენებით, გიორგის იარაღით (1914). 2020 წლის მარტის თვეში საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა წარმოადგინა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცული გენერალ ზურაბ კობიაშვილის კოლექცია - საბრძოლო იარაღები, მემორიალური ნივთები, ფერწერული ნიმუშები, აღმოსავლურ ღვთაებათა ქანდაკებები და საყოფაცხოვრებო ნივთები. 2021 წლის 16 ივნისს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართა ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიური კოლექციების უფროსი კურატორის, ისტორიის დოქტორის, მამუკა ქაფიანიძის ტური – „ორი ქართველი გენერლის იარაღის კოლექცია“. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ზაქარია_კობიაშვილი http://www.grwar.ru/persons/person/2843 http://kartuli.kvira.ge/2020/03/03 /ზურაბ-კობიაშვილის-უცნობი/ https://www.facebook.com/watch/?v=3013121515431612
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

