| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
აკაკი ფოფხაძე![]()
Biographyკინორეჟისორი აკაკი ფოფხაძე 1991 წელს საქართველოში დაიბადა, 13 წლამდე რუსეთში ცხოვრობდა, შემდეგ მშობლებთან ერთად საფრანგეთში, ნიცაში გადავიდა საცხოვრებლად. ჰყავს და-ძმა. საფრანგეთში თავის დამკვიდრება ძნელი აღოჩნდა. მთავარი სირთულე ენის არცოდნა იყო, რის გამოც ბავშვები ადამიანებთან ურთიერთობას ვერ ამყარებდნენ და მარტოობის განცდა ჰქონდათ. ნიცაში ოჯახი იქაურ მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკედლა. მრევლის წევრები, ძირითადად, იქაური ემიგრანტები იყვნენ თითქმის ყველა ერის მართლმადიდებელი წარმომადგენელი. მათი დახმარებით და მხარში დგომით ფოფხაძეებმა ფეხზე დადგომა შეძლეს. ფრანგულ ენას ძმები თავდაპირველად ტელეფილმების ყურებით სწავლობდნენ, სკოლაში რომ შევიდნენ ენა უფრო სწრაფად აითვისეს და ცხოვრებაც გაიოლდა. ვინაიდან ოჯახს მატერიალურად უჭირდა აკაკის მალევე მოუხდა საარსებო წყაროს მოძიება. თავიდან ვილაში დაცვაში მუშაობდა, მერე მიმტანად, შემდეგ კი მონაკოში ერთ ღამის კლუბში მცველად. ამ პოზიციაზე რამდენიმე წელი დარჩა. ხშირად მოძრაობდა მონაკოსა და სან-ტროპეს შორის. ბოლოს უნივერსიტეტში ჩააბარა ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სამი წელი ისწავლა, მერე კი უნივერსიტეტი მიატოვა და 25 წლის ასაკში კინოსკოლას მიაშურა. ჩააბარა ნიცაში, აუდიოვიზუალური რეალიზაციის უმაღლესი სკოლის (ESRA) სასწავლებელში და საბოლოოდ დაუბრუნდა ბავშვობის ოცნებას, ფილმების გადაღებას. პარალელურად ღამის კლუბში განაგრძობდა მუშაობას, რადგან სწავლის საფასური მაღალი იყო. დღის განმავლობაში ლექციებზე დადიოდა, ღამე კი კლუბში მუშაობდა. ეს რეჟიმი სამ წელს გაგრძელდა. 2014-2015 წლიდან აკაკი ფოფხაძის ყოველდღიური ცხოვრება კინოს უკავშირდება. 2017 წელს გადაიღო „Le Soleil des nuits blanches“, რომელიც PÖFF Shorts-ზე (Tallinn Black Nights) აჩვენეს. 2018-ში საკუთარი სცენარით გადაიღო 36-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Je Vois“ - ერთგრძელკადრიანი, ბიუჯეტის გარეშე, მთლიანად თვითწარმოებით, რომელმაც მრავალი ჯილდო მიიღო, მათ შორის CNC-ის Prix de Qualité და „საუკეთესო რეჟისორის“ პრიზი Copenhagen Film Festival-ზე. კინორეჟისორის შემდეგი ფილმი - "სისხლის სახელით“, მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ეს არის თრილერი, დრამა. წარმოების ქვეყნებია: საფრანგეთი, ბელგია, საქართველო, ავსტრია. ფილმი, ძირითადად, ემიგრაციაზეა და, ამასთან, ქართულ თემატიკასთანაც არის კავშირში. „მინდოდა ისეთი ფილმი გადამეღო, რომელიც მაყურებელს კადრში ჩააფლობდა, პერსონაჟებთან სიახლოვე ექნებოდა... ვეცადე, ფილმი ერთდროულად მექცია როგორც ოჯახურ დრამად, ისე შურისძიების თემაზე შექმნილ თრილერად. სიუჟეტი ნიცის ქართულ დიასპორაში ვითარდება. ასე შევძელი ჩემი ოჯახის და ჩემი წარსულის გადმოცემა - ჩემი ქალაქის, სადაც 13 წლის ასაკიდან ვცხოვრობ. მინდოდა მეჩვენებინა, რა იმალება პალმების, კაზინოებისა და პლიაჟების მიღმა, ნიცას არაპრესტიჟული უბნების რეალობა - სიღარიბე და ტრაგედიები. ასე გამოვხატე სიყვარული ჩემი ოჯახის და იმ საზოგადოების მიმართ, რომლის წევრიც მე ვარ“, - წერს რეჟისორი. ამ ფილმისთვის აკაკი ფოფხაძეს რივიერას კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2024 წლის სექტემბერს სან სებასტიანის ფესტივალზე შედგა. ხოლო ქართული პრემიერა გაიმართა 1925 წლის11 სექტემბერს, თბილისში. ფილმი უკვე აჩვენეს ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, თბილისის კინოფესტივალზე. კინორეჟისორს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მის ცხოვრებაში საფრანგეთი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველო. აკაკი ფოფხაძის მეუღლე, თამარ (თათა) ბაქრაძე, პროფესიით ივენთ-მენეჯერია. მათ ერთმანეთი 2020 წელს თბილისში გაიცნეს და მალევე დაქორწინდნენ. ჰყავთ პატარა ვაჟი - იოანე. ოჯახი, ძირითადად, ნიცაში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოშიც ხშირად ჩამოდიან. წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/31454567.html https://www.ambebi.ge/article/332110-izulebiti-emigracia-da-ucxo-kveqanashi-mosuli-didi/ https://www.imdb.com/name/nm9381904/bio/
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

