The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჯოტო შარვაშიძე

ჯოტო შარვაშიძე
Date of birth:18??
Date of death:4 October, 1935
Burial location:გალიპოლის რუსული სასაფლაო, თურქეთი
Category:Nobleman

Biography

ჯოტო ლევანის ძე შარვაშიძე აფხაზეთში თვალსაჩინო ფიგურა იყო. ცნობილმა მეწარმემ რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის გაჩაღების მიზნით სოხუმის ოლქში რამდენიმე მილიონი მანეთის მოზიდვა შეძლო, 1917-1921 წლებში კი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

1917 წლის მარტში იგი სოხუმის ოლქის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის წევრი

გახლდათ. ეს სტრუქტურა აფხაზეთში მეტნაკლები სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. კომიტეტის შემადგენლობაში ჭარბობდნენ აფხაზური არისტოკრატიის წარმომადგენლები, რომლებსაც აფხაზეთის საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდათ;

1920 წელს ჯოტო შერვაშიძე იყო სოხუმში საურთიერთო ნდობის ბანკის წარმომადგენელი, ხოლო 1918-1921 წლებში აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი და ძალისხმევა არ დაიშურა საიმისოდ, რომ აფხაზური არისტოკრატია საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მთავრობასთან შემოერიგებინა. იგი დამაჯერებელი არგუმენტების მოშველიებით ცდილობდა გავლენიან აფხაზთა და ქართველთა დაახლოებას.

ჯოტო შარვაშიძის მეუღლე იყო მარიამ (მაიონა) ანჩაბაძე (აჩბა). მათ ორი ვაჟი ჰყავდათ - ვლადიმერი და მიხეილი.

1921 წელს, ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, ოჯახი თურქეთში გაიხიზნა. რამდენიმე თვეში მაიონა აფხაზეთში დაბრუნდა, რათა ემიგრაციაში წასვლაზე დედამთილიც დაეყოლიებია, მაგრამ მოხუცმა სამშობლოს დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამასობაში საზღვრები დაიკეტა და ჯოტომ ცოლის აფხაზეთიდან გაყვანა ვეღარ მოახერხა. მოგვიანებით მან სცადა დიდი ხნის უნახავ დედასთან თავისი უმცროსი ვაჟი, მიხეილი გაეგზავნა, მაგრამ ეს მცდელობაც განწირული აღმოჩნდა.

მაიონა აფხაზეთში მეგობრებისა და ნათესავების მფარველობის ქვეშ დარჩა. ის წლების მანძილზე დადიოდა თბილისსა და სოხუმს შორის იმ იმედით, რომ რაიმეს შეიტყობდა თავისი ძვირფასი ვაჟების, მიშასა და ძიკის (ვლადიმერის) შესახებ.

1924 წლის დასაწყისისთვის ჯოტო შარვაშიძე თურქეთში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წარმომადგენელი იყო. იგი საქართველოს, აფხაზეთისა და ზოგადად მთელი კავკასიის გათავისუფლებისათვის ბრძოლას ემიგრაციის უმძიმეს პირობებშიც აგრძელებდა. გარდაიცვალა 1935 წლის ოქტომბერში, სტამბოლში. დაკრძალეს გალიპოლიში, რუსულ სასაფლაოზე.

მამის გარდაცვალების შემდეგ მიხეილი ცდილობდა კავშირი დაემყარებინა საქართველოში დარჩენილ დედასთან, მაგრამ იმ წლებში ეს შეუძლებელი იყო.

უფროსი ძმის, ვლადიმერის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით რომ ის ერთხანს კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. 1935 წელს არგენტინაში გადასულა, სადაც 1949 წელს ავტოავარიაში დაიღუპა. დაკრძალულია ბუენოს-აირესში.

1957 წლის დეკემბერში პარიზში შედგა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ანსამბლის გასტროლები. კონცერტის შემდეგ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის დროს სცენაზე ავიდა ლამაზი, ელეგანტური მამაკაცი. იგი დამსწრეთ მიშა შარვაშიძედ გაეცნო და სთხოვა მათ, რომ დახმარებოდნენ აფხაზეთში დარჩენილი დედის პოვნაში.

მათი დაკავშირება შესაძლებელი აღმოჩნდა და მიშამ დედასთან ხშირი მიმოწერა დაიწყო. წერილებში იგი გულმოდგინედ აღწერდა თავისი ცხოვრების დეტალებს. მაიონა ბედნერი იყო. განუწყვეტლივ კითხულობდა შვილის წერილებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი შეხვედრა არ შედგა.

მიხეილ შარვაშიძე გარდაიცვალა 1977 წელს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო:

მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში / ნატო მარშანია.-თბილისი, 2020.-გვ.108-116


Share: