| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ანატოლი კაჭარავა![]()
ბიოგრაფიაშორეული ნაოსნობის კაპიტანი ანატოლი კაჭარავა დაიბადა 1910 წლის 15 აგვისტოს, ქ. სოხუმში, ალექსი კაჭარავასა და ნატალია ქავთარაძის ოჯახში. ზღვა ბავშვობიდან მისი სტიქია იყო. 16 წლის ასაკიდან დაცურავდა ხომალდით შავი ზღვის სანაპიროზე. სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის არასრული კურსის გავლის შემდეგ, 1927 წელს დაიწყო მუშაობა შტურმანად შავი ზღვის სანაოსნოს გემებზე; მოგვიანებით დაამთავრა ქ. ხერსონის საზღვაოსნო სასწავლებელი (1928-1930) და შორეული აღმოსავლეთის თევზ-მრეწველობის ტექნიკუმი (ვლადივოსტოკი, 1933); იმ პერიოდში სანაოსნო კუთხით ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩრდილოეთის საზღვაო გზის მაგისტრალად ქცევა იყო. ამიტომ, ანატოლი კაჭარავა არქტიკისკენ გაემგზავრა და წლების შემდეგ "საპატიო პოლარელის" წოდებაც კი მიიღო. 1940-1941 წწ. იყო ყინულმჭრელი გემების („სადკო", „პოლარული ვარსკვლავი", „ვასილი მოლოკოვი") კაპიტანი, კ. დიქსონის პორტის მთავარი კაპიტანი. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1841-1942 წლებში, უფროსი ლეიტენანტი ანატოლი კაჭარავა ყინულმჭრელ - ორთქლმავალ - "ალექსანდრ სიბირიაკოვს" მეთაურობდა. 1942 წ. 8 აგვისტოს მსუბუქად შეიარაღებულ ყინულმჭრელ „ალექსანდრე სიბირიაკოვს", რომელსაც კარის ზღვაში პოლარულ სადგურზე გადაჰქონდა საწვავის მარაგი, ტვირთი და გადაჰყავდა ეკიპაჟის რამდენიმე წევრი, თავს დაესხა გერმანული მძიმე ჯავშნოსანი კრეისერი „ადმირალი შეერი". ანატოლი კაჭარავა არ დაემორჩილა მტრის მოთხოვნას და არათანაბარ საზღვაო ბრძოლაში ჩაება. ყინულმჭრელი ჩაიძირა. მძიმედ დაჭრილი, უგონო მდგომარეობაში მყოფი კაპიტანი გერმანელებმა სხვებთან ერთად ტყვედ აიყვანეს (100-ზე მეტი ეკიპაჟის წევრისა და სამოქალაქო პირიდან გადარჩა მხოლოდ 19). ეკიპაჟის წევრებმა როცა ნახეს, რომ მეთაური ცოცხალი იყო, სასწრაფოდ კაპიტნის ფორმა გააძრეს და რიგითი მეზღვაურის ფორმა ჩააცვეს, რათა გერმანელებს არ ამოეცნოთ. ამ უშეღავათო ბრძოლამ განადგურებას გადაარჩინა მათ უკან მომავალი 25 საბჭოთა გემისგან შემდგარი ქარავანი. ანატოლი კაჭარავამ სამი წელი გერმანიასა და პოლონეთში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა. 1945 წლის მარტში, როცა მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, იგი გაათავისუფლეს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა დატყვევებული, ამჯერად საბჭოთა ხელისუფლების მიერ, რომელმაც კაპიტანი უფის სპეციალურ ბანაკში მოათავსა. ბანაკიდან ბედნიერმა შემთხვევამ იხსნა. როდესაც იოსებ სტალინი გამარჯვებათა ქრონიკას ათვალიერებდა, გმირი გემის კაპიტანთან შეხვედრა მოითხოვა. კაჭარავა მასთან, კრემლში პირდაპირ უფიდან მიიყვანეს. სტალინი მას შეეგება სიტყვებით - გამარჯობა, თანამემამულივემ, გამარჯობა, გმირო და კაბინეტშივე გადასცა ორდენი. ამ ამბის შემდეგ, ანატოლი კაჭარავა კვლავ დაუბრუნდა ზღვას და კიდევ 30 წელიწადს დაცურავდა. იგი სამეთაურო თანამდებობებზე მსახურობდა ჩრდილოეთის საზღვაო მიმართულებისა და მურმანსკის სანაოსნოს გემებზე: „ილია მურომეცი“, „ლევანოვსკი“, „ბაიკალი“ და „თბილისი“. იყო სატრანპორტო ფლოტის კაპიტან-დამრიგებელი მურმანსკში. 1960 წელს დაამთავრა ლენინგრადის მაკაროვის სახელობის უმაღლესი საზღვაო სკოლა გემთმართვის ინჟინრის სპეციალობით. 1961 წელს რეაბილიტირებული იქნა და დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. 1967 წელს ანატოლი კაჭარავა საქართველოში დაბრუნდა, ბათუმში დაფუძნდა და იმავე წელს მისი ძალისხმევით დაარსდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სამმართველო (1967), რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო ბათუმის სანაოსნოს კაპიტან-დამრიგებელი. კაპიტანი კაჭარავა გამოირჩეოდა თავისი ერუდირებითა და განათლებით, გარდა მშობლიური ქართულისა, შესანიშნავად იცოდა რუსული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები. მისი პირველი მეუღლე იყო ქართული კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე. ნატოს დაღუპვიდან რამდენიმე წლის შემდეგ იქორწინა პედაგოგ ნაზო კაჭარავაზე. სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს შვილი, დოდო კაჭარავა, პროფესიით ბიოლოგი. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები, მათ შორის ლენინის ორდენი (1971). ანატოლი კაჭარავა გარდაიცვალა 1982 წლის 8 მაისს, ბათუმში. დაკრძალულია იქვე, საქართველოს სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე. 1983 წელს იმჟამინდელ იუგოსლავიაში საგანგებო შეკვეთით აიგო ტანკერი "კაპიტანი კაჭარავა". მასზე ბევრი დოკუმენტური ფილმია გადაღებული, ქართულიც და რუსულიც. კარის ზღვაში კი, ბელუხასთან, გემები დღემდე აძლევენ სიგნალს მამაცი კაპიტნის, ეკიპაჟისა და ჩაძირული გემის პატივსაცემად. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ანატოლი_კაჭარავა პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა" საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. - თბ., 2018. გვ. 580-581 ხარშილაძე ირმა. მივიწყებული ლეგენდარული კაპიტანი // კვირის პალიტრა. თბილისი, 2024. 5-11 თებერვალი. N6 (1541). გვ.24 https://kvirispalitra.ge/article/52060-rodesac-stalini-gamarjvebata-kronikas-atvalierebda-gmir-kapitantan.../
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

