| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ივანე შარვაშიძე![]()
Biographyაფხაზური თავადური გვარის წარმომადგენელი ივანე (ვანო) შარვაშიძე დაიბადა 1889 წლის 29 აგვისტოს ქ. სოხუმში, მასწავლებლის, გრიგოლ კონსტანტინე ძე შარვაშიძისა და ნინა (მათო) ლევანის ასულ ფაღავას ოჯახში. 1912 წელს დაამთავრა სოხუმის რეალური სასწავლებელი, 1913 წელს სოხუმის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრი გახდა. თავდაპირველად მამის დანატოვარი საიჯარო ადგილ-მამულების მოწყობით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება სამხედრო კარიერისთვის მიეძღვნა და რუსეთის საიმპერატორო ჯარის სამსახურში ჩადგა. 1913 წელს მან უმაღლესი ბრძანებულებით პირველი სამხედრო წოდება მიიღო და პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაირიცხა კავკასიის ე. წ. „ველური დივიზიის“ ინგუშური პოლკის პირველ (აფხაზურ) ასეულში. 1916 წელს მიენიჭა მილიციის უმცროსი ურიადნიკის წოდება, ხოლო პოლკში ჩარიცხვიდან სულ რამდენიმე თვეში მან, როგორც ადგილობრივმა მკვიდრმა, მილიციის იუნკერის სამხედრო წოდება მიიღო. 1944 წელს დაწერილი მოკლე ავტობიოგრაფიის თანახმად ივანე შარვაშიძე „ველური დივიზიის“ რიგებში ყოფნისას დაჯილდოვდა რუსეთის იმპერიის სამხედრო ორდენებით, კერძოდ, წმინდა გიორგის ჯვრითა და მედლით, წმინდა სტანისლავის III ხარისხის (ხმლებით), წმინდა ანას III მესამე (ხმლებით) და IV ხარისხის ორდენებით, წმინდა გიორგის ოქროს იარაღით. ინგუშურ პოლკში ვანო შარვაშიძე რუსეთში ბოლშევიკურ გადატრიალებამდე მსახურობდა და ეს ნაწილი 1917 წლის 15 დეკემბერს როტმისტრის (კავალერიის კაპიტნის) წოდებით დატოვა. რუსეთში დაწყებული სამოქალაქო ომის პირობებში, რომელიც კავკასიას წალეკვით ემუქრებოდა, ივანე შარვაშიძე იმედოვნებდა, რომ მისი სამხედრო გამოცდილება გამოადგებოდა იმ არმიის ფორმირების საქმეს, რომელსაც ბოლშევიკებისგან უნდა დაეცვა საქართველოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამ მიზეზით იგი შეუერთდა კავკასიური არმიის ქართულ კორპუსს, რომლის საფუძველზეც, საქართველოს მიერ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩამოყალიბებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის არმია. ივანე შარვაშიძე, როგორც ეროვნულ-დემოკრატთა პარტიის უმრავლესობა, გარე საფრთხეებისგან ქვეყნის დასაცავად აბსოლუტურ პრიორიტეტად რეგულარული არმიის ჩამოყალიბებას მიიჩნევდა, სოციალ-დემოკრატებისგან განსხვავებით, რომლებიც სახალხო გვარდიის ჩამოყალიბებას ემხრობოდნენ. მეხუთე პოლკმა, რომელშიც კაპიტანი შარვაშიძე მსახურობდა, აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისზე სომეხთა შეტევის მოგერიებაში და თავის წვლილი შეიტანა სომხურ-ქართული ომის ძლევამოსილი გამარჯვებით დასრულებაში. მიუხედავად ამისა, 1919 წელს ივანე შარვაშიძემ დატოვა ქართული ჯარი და გენერალ ა. დენიკინის მოხალისეთა არმიაში გადაინაცვლა. 1919 წლის ივნისში იგი შეუერთდა ჩეჩენ მოხალისეთა ცხენოსან დივიზიას, რომელიც 1920 წლის დასაწყისიდან გადაიყვანეს ყირიმში, რამდენიმე თვეში კი ფორმალურად დაშლილ იქნა. თეთრ არმიაში მსახურობის დროს ივანე შერვაშიძე მონაწილეობდა განუწყვეტლივ ბრძოლებში ბოლშევიკების წინააღმდეგ და როგორც თავად წერს „სამჯერ დაიჭრა“. ყირიმის ევაკუაციის დროს ვანო შარვაშიძემ გენერალ ვრანგელის ჯარებთან ერთად დატოვა კუნძული. 1920-1923 წლებში იგი ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, 1923 წლის 23 დეკემბერს კი სამთვიანი სამუშაო კონტრაქტის მქონე, შავი მუშის სტატუსით გაემგზავრა პარიზში, რომელიც იმ დროის ანტიბოლშევიკური ემიგრაციის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. მისი ცხოვრება ემიგრაციაში რთულად აეწყო - მუშაობდა ტაქსის მძღოლად, მოლარე-თარჯიმნად პარიზის სხვადასხვა გასართობ დაწესებულებაში, ერთხანს ვაჭრობასაც მიჰყო ხელი, შემდეგ კი რესტორნის განმგებელი გახდა. ივანე შარვაშიძე ემიგრაციაშიც ემხრობოდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას და შეძლებისდაგვარად მონაწილეობდა კავკასიური ემიგრანტული პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ემიგრანტებს, მათ შორის ივანე შარვაშიძესაც, რუსეთში ბოლშევიკების დამარცხებისა და მათგან კავკასიის საბოლოო გათავისუფლების იმედი ჩაუსახა. აბვერის ხელმძღვანელობამ შექმნა ორგანიზაცია “თამარა”. ივანე შარვაშიძე მოხალისედ ჩაირიცხა ერთ-ერთი სადაზვერვო-სადივერსიო ქვედანაყოფის "თამარ II" ის შემადგენლობაში, რომელიც შემდეგში განსაკუთრებული დანიშნულების კავკასიურ შენაერთს - “ბერგმანს” შეუერთეს. ივანე კავკასიაში გაჩაღებულ საბრძოლო მოქმედებებში 8 თვის განმავლობაში (1942 წლის ზაფხულიდან 1943 წლის გაზაფხულამდე) იღებდა მონაწილეობას, ვიდრე გერმანელებმა კავკასიიდან უკან არ დაიხიეს. ივანე შარვაშიძე პარიზში დაბრუნდა, თუმცა სულ რამდენიმე თვეში კვლავ გაემგზავრა ბერლინში ბოლშევიკთა წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების მიზნით. ბერლინში იგი იმ დროისთვის იქ შექმნილი ქართული მეკავშირე შტაბის განკარგულებაში გააგზავნეს, ამ სტრუქტურის ძირითადი დანიშნულება გერმანულ ინსტანციებსა და რაიხის ტერიტორიაზე მყოფ ქართველებს შორის შუამავლობა იყო. 1944 წლის მეორე ნახევარში ივანე შარვაშიძემ განაცხადი შეიტანა ჩრდილოეთ იტალიაში დისლოცირებული ვერმახტის კავკასიური კავალერიის დივიზიის ქართულ პოლკში გადაყვანაზე, რომელშიც ჩაირიცხა 1944 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებით და ობერ-ლეიტენანტის წოდებაც მიენიჭა. ამის შემდეგ იგი გეტინგენში მდებარე კავალერიის სკოლაში მიავლინეს, სადაც 1944 წლის 11 დეკემბრიდან 1945 წლის 1 თებერვლამდე სპეციალურ სწავლებას გადიოდა. ქართული საბრძოლო ჯგუფის ოფიცრებმა, ივანე შარვაშიძის ჩათვლით, ომის დასრულების შემდეგ დაახლოებით ერთი წელი დაჰყვეს იტალიაში, გერმანელ სამხედრო ტყვეთა სხვადასხვა ბრიტანულ ბანაკებში, ვიდრე 1946 წლის ზაფხულში არ განთავისუფლდნენ. თუმცა, ივანე შარვაშიძემ პარიზში დაბრუნება ვეღარ შეძლო, რადგან მისი გვარი ჯერ კიდევ 1945 წლის აპრილიდან ვერმახტის სამსახურში მყოფ სხვა ემიგრანტთა გვარსახელებთან ერთად, ფრანგული კონტრდაზერვის მიერ შეტანილ იქნა გერმანელთა სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის ძებნილ პირთა სიაში. მან, სხვა მრავალ ყოფილ კავკასიელ ლეგიონერთა მსგავსად, გადაწყვიტა საცხოვრებლად არგენტინაში გადასულიყო, სადაც არ არსებობდა კანონი სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დანაშაულის ჩამდენ პირთა ექსტრადაციის შესახებ, რაც მის გადაცემას საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით, შეუძლებელს ხდიდა. ივანე შარვაშიძე 1907 წლიდან დაქორწინებული იყო ნადეჟდა (ნადინა) ალექსანდრეს ასულ ანჩაბაძეზე. ეყოლათ სამი ვაჟი - გრიგოლი, ვარლამი, ფეოდოსი და ორი ქალიშვილი - ლიუბა და ნინა. მისი ოჯახის წევრებისთვის ივანე 1919 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა. თავის მხრივ, არც მას გააჩნდა რაიმე ცნობა მათ შესახებ. ემიგრაციაში ივანეს კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა - ირენ შარვაშიძე (1931-1978), რომლის დედა იყო ეკატერინე რილი. კაპიტანი ივანე (ვანო) შარვაშიძე 1955 წელს, ბუენოს-აირესში გარდაიცვალა. წყარო: მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში / ნატო მარშანია.-თბილისი, 2020.-გვ.57-71.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

