The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნაზიქედა მარშანია

ნაზიქედა მარშანია
Legal name:ემინე მარშანია
Date of birth:9 October, 1866
Date of death:4 April, 1941  (at 74 years)
Burial location:აბასის სასაფლაო, ქაირო
Category:Nobleman

Biography

ოსმალეთის ბოლო სულთნის მეჰმედ VI ვახიდედინის პირველი მეუღლე, აფხაზი თავადების, მარშანიების გვარის წარმომადგენელი, ემინე ნაზიქედა დაიბადა 1866 წლის 9 ოქტომბერს ქ. სოხუმში. ის იყო წებელდის მმართველის, ჰასან-ბეი მარშანიასა და ფატმა ხორეჯან არედბას ქალიშვილი.

1876 ​​წელს ემინე სტამბოლში გადაიყვანეს, სადაც მამამ ის დასთან, დარიალთან და ძიძასთან ერთად იმპერიულ ჰარამხანას ანდო. ძიძას ემინე არასოდეს მიუტოვებია, თუმცა ეს არ ეკრძალებოდა. ის მასთან სიკვდილამდე, 1910 წლამდე დარჩა.

1877 წელს ემინე მარშანია დებთან და ბიძაშვილებთან ერთად კანდილიში, ჯემილე სულთნის სასახლეში გააგზავნეს, სადაც ოსმალეთის კარის ჩვეულების თანახმად, მისი სახელი ნაზიქედად შეიცვალა.

სასახლეში ემინემ კარგი განათლება მიიღო, უკრავდა ფორტეპიანოზე, გატაცებული იყო ცხენოსნობით. ჯემილე სულთნმა მას სასახლის პარკში სეირნობის უფლება მისცა. აქ შენიშნა იგი 1984 წელს შეჰზადე მეჰმედმა, როცა თავის უფროს დას სასახლეში ესტუმრა. მას ქალიშვილი შეუყვარდა. მაშინ მეჰმედი 20 წლის იყო, ნაზიქედა კი ჩვიდმეტის.

ჯემილე სულთნის უმცროსი ქალიშვილი, ფატმა ჰანიმსულთანი, ტუბერკულოზით იყო დაავადებული და ნაზიქედა მისი უახლოესი თანამგზავრი გახდა. ჯემილე სულთანი მას თავის მეორე ქალიშვილად თვლიდა. როცა მეჰმედმა დას ნაზიქედას ცოლად მოყვანა სთხოვა, ჯემილემ კატეგორიული უარი უთხრა. მას არ სურდა, რომ მისი ავადმყოფი ქალიშვილი თანამგზავრის გარეშე დარჩენილიყო და ამავე დროს ის თვლიდა, რომ  ნაზიქედა სულთნის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი ცოლი იქნებოდა, რაც არ მოსწონდა.  

მეჰმედი გაჯიუტდა და განაცხადა, რომ თუ ნაზიქედას არ შერთავდნენ, არასოდეს დაქორწინდებოდა. ჯემილე იძულებული გახდა ძმის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, თუმცა პირობა ჩამოართვა, რომ ის მეორე ცოლს არ მოიყვანდა.

1885 წლის 8 ივნისს, სტამბულში, ორტაკეს ერთ-ერთ სასახლეში, ნაზიქედა ცოლად გაჰყვა მომავალ სულთანს, მეჰმედ ვაჰდედინს, რომელიც მოგვიანებით მეჰმედ VI-ის სახელით გახდა ცნობილი.

ქორწინების შემდეგ წყვილი ფერიეს ერთ-ერთ სასახლეში ცხოვრობდა, მოგვიანებით ჩენგელქოის სასახლეში გადავიდნენ. ზედიზედ ეყოლათ სამი ასული. მათგან უფროსი ჩვილობაში გარდაიცვალა. მესამე ქალიშვილის  დაბადების შემდეგ ექიმებმა ნაზიქედას უთხრეს, რომ მას სხვა შვილების გაჩენა არ შეეძლო. 

პირველი მსოფლიო ომის დროს ნაზიქედა ქველმოქმედებას ეწეოდა, ხშირად სტუმრობდა სკოლებს, საავადმყოფოებს, მეჩეთებს.

ემინე ნაზიქედა ოცი წლის განმავლობაში სულთნის ერთადერთი ცოლი იყო. მომდევნო წლებში მეჰმედი სხვა ქალებზე დაქორწინდა, თუმცა მისი ყველა ქორწინება ნაზიქედას თანხმობით ხდებოდა. ქალმა კარგად იცოდა, რომ პრინცს მამრობითი სქესის მემკვიდრე უნდა ჰყოლოდა.

მეჰმედმა დაარღვია თავისი დის, ჯემილესადმი მიცემული აღთქმა, მაგრამ ნაზიქედა დარჩა მის პირველ და მთავარ მეუღლედ. 1918 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ, მან ნაზიქედას „უფროსი კადინის“ ტიტული მიანიჭა და მის მიმართ პატივისცემა არასდროს შემცირებულა.

ემინე ნაზიქედა კადინ ეფენდი დინასტიის ყველაზე გავლენიანი ქალი წევრი იყო და ევროპაში ცნობილი გახლდათ, როგორც ოსმალეთის უკანასკნელი იმპერატრიცა.

მეუღლის მეფობის პერიოდში ნაზიქედა მეჩეთებსა და საავადმყოფოებს მფარველობდა, ეკონომიკურ სირთულეებში მყოფ ჩერქეზებს ეხმარებოდა და რუსეთის რევოლუციის გამო გაქცეულ რუს არისტოკრატებს ილდიზის სასახლეში იწვევდა. 

1922 წელს მეჰმედ VI ვახიდედინი ტახტიდან ჩამოაგდეს და ქვეყნიდან გაასახლეს. სულთნის ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ემინე ნაზიქედა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა ფერიეს სასახლეში.

1924 წლის 10 მარტს ახალმა პარლამენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც სულთნის ოჯახის ყველა წევრის დეპორტაცია უნდა მომხდარიყო. ემინე ოჯახის თანხლებით მეუღლესთან სან-რემოში გაემგზავრა.

მეჰმედი 1926 წელს გარდაიცვალა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ ნაზიქედა ერთხანს უფროს ქალიშვილ ულვიე სულთანთან მონტე კარლოში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ ერთხანს საფრანგეთში, ნიცაში ცხოვრობდა უმცროს ქალიშვილთან, საბიჰა სულთანთან. მოგვიანებით ულვიესთან ერთად ალექსანდრიაში გადავიდა. საბიჰა მათ 1938 წელს შეუერთდა. 1939 წელს სამივე კაიროში გადასახლდა. აქ გაატარა ნაზიქედამ სიცოცხლის ბოლო წლები და აქვე გარდაიცვალა 1941 წლის 4 აპრილს. დაკრძალულია აბასის სასაფლაოზე, აბას ჰილმი ფაშას მავზოლეუმში.

წყარო:

მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში. - თბილისი, 2020. გვ. 390-391

https://en.wikipedia.org/wiki/Nazikeda Kadın (wife_of_Mehmed_VI)


Share: