| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
პიერ მარღანი![]()
Biographyპეტრე მარღანია (პიერ მარღანი) 1896 წლის 15 ივნისს დაიბადა. მამამისი დიმიტრი მარღანია (1866-1946) აფხაზური ეკლესიის ცნობილი მღვდელმსახური გახლდათ, ერთადერთი აფხაზთა შორის, რომელსაც პროტოდეკანოზის სასულიერო წოდება მიენიჭა. იგი ცნობილი იყო პედაგოგიური და ლიტერატურული მოღვაწეობით, აფხაზურ ენაზე თარგმნიდა მართლმადიდებლურ საღვთისმსახურო წიგნებს, პირველმა თარგმნა აფხაზურად „ვეფხისტყაოსანი". დედა - პელაგია ასათიანი განათლებული ქალი იყო. მან მთელი ცხოვრება შვილების აღზრდას მიუძღვნა. ოჯახში ექვსი შვილი იზრდებოდა, ერთი ქალი და ხუთი ვაჟი. კონდრატე, ივანე და პეტრე ოფიცრები იყვნენ. 1921 წელს ისინი იძულებულნი გახდნენ საფრანგეთში, ემიგრაციაში წასულიყვნენ. მეოთხე ვაჟი, ვალერიანი, თბილისში დამკვიდრდა, სადაც დღესაც ცხოვრობს მისი შთამომავალი. მეხუთე, ნიკოლოზი, მოსკოვში დასახლდა. მათი ერთადერთი დის, ვერას, მეუღლე აფხაზი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, ალექსი აგრბა, 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. ამის გამო ვერაც დაზარალდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. პეტრე მარღანია სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსული არმიის როტმისტრი იყო, ირიცხებოდა დროზდოვის დივიზიაში. მწერლობის ნიჭი მამისგან გამოჰყვა. დიდი წარმატება ხვდა წილად მის პიესას „მაჰაჯირები", რომელიც 1918 წელს როსტოვში დაიდგა. 1920 წელს დიმიტრი გულიამ ამის თაობაზე გაზეთ „Апсны"-ში შენიშვნაც კი გამოაქვეყნა. თანამედროვეები პეტრე მარღანიას პოეტადაც იცნობდნენ: არსებობს ცნობები, თითქოს 1914-1916 წლებში დონის როსტოვში გამოიცა მისი წიგნი, რომელიც შეიცავდა სამ პიესას, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ხსენებული „მაჰაჯირები" იყო. სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალები 1919-1920 წლებში „თეთრგვარდიელთა" ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება იყო, რომელიც 1919 წლის 8 იანვარს ბოლშევიკების წინააღმდეგ ერთობლივად მებრძოლ მოხალისეთა არმიისა და დონის რესპუბლიკის კაზაკთა ჯარის გაერთიანებით შეიქმნა. ყირიმის ევაკუაციამდე პეტრე მარღანია სევასტოპოლის საზღვაო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, 1921 წელს კი ხომალდ „რუმიანცევით" იქნა ევაკუირებული. ემიგრაციაში პეტრე პირველ ცოლთან, მარია მიხეილის ასულ ლავროვასთან ერთად გაემგზავრა, მაგრამ ისინი მალე ერთმანეთს დაშორდნენ. მისი მეორე მეუღლე იყო ვერა შარლოტა ბოემი, რომელიც 1930 წელს ბერლინში გარდაიცვალა. 1920-იან წლებში პეტრეს ოჯახთან კავშირი ჰქონდა. არსებობს მის მიერ კორსიკიდან, აიაჩოდან 1921 წელს გამოგზავნილი ფოტოები. 1926 წელს პეტრე მარღანიამ საფრანგეთში, ნიცაში, გაიცნო სერგეი ესენინის შთაგონების წყარო, ბალერინა აისედორა დუნკანი (1877-1927) და მისი პირადი მდივანი გახდა. ამ პერიოდს მიუძღვნა მან ნარკვევი - „აისედორას უკანასკნელი სასიყვარულო ბარათი", რომელიც მოცეკვავის სიცოცხლის ბოლო წლებს ეხება. სწორედ ამ ნარკვევიდან ვიგებთ თავად პეტრეს ცხოვრების დეტალებს. იგი ხატოვნად აღწერს ნიცის ლაჟვარდოვან სანაპიროს, აისედორას გაცნობის ისტორიას და სახლს, რომელშიც ის ცხოვრობდა. პეტრე მარღანია ბევრს მოგზაურობდა ევროპაში - გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, 1929 წელს კი პარიზში დასახლდა. თანამედროვეების სიტყვებს თუ ვერწმუნებით, პეტრეს შესაშური გარეგნობა ჰქონდა, მისი ფოტო ერთ დროს პარიზის ფოტოატელიეებისა და სილამაზის სალონების ვიტრინებში იყო გამოფენილი, როგორც მამაკაცის სილამაზის ეტალონი. 1933 წლის 25 ივლისს, პეტრე მარღანიამ მესამედ იქორწინა. ამჯერად მისი მეუღლე გახდა საფრანგეთის მოქალაქე ვალერი კაროლინა ჟეკიე. 1937 წელს მათი ოჯახი საცხოვრებლად მილანში გადავიდა. 1934 წელს პელაგია ასათიანმა შვილისგან მიიღო წერილი, რომელშიც ის ატყობინებდა, რომ მილანში მისი ლიტერატურული ნაწარმოებების ორტომეული გამოვიდა და იქვე ჰპირდებოდა, რომ გამოუგზავნიდა, მაგრამ წიგნებს ადრესატამდე არ მოუღწევია. XX საუკუნის 30-იანი წლების იტალიურ პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა პეტრე მარღანიას სტატიები და ჩანახატები. ის პოპულარული ჟურნალისტი გახდა. 1955 წელს გაზეთ „IL Secolo d' Italia"-ს რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა სტატიების მთელი ციკლი, მათ შორის სტატია „ეკლიანი გზა", რომელიც მკითხველს 1945 წელს მოკავშირეების მიერ საბჭოთა მხარისათვის კაზაკების გადაცემის შესახებ მოუთხრობდა. პეტრე მარღანია თავად გახლდათ კაზაკთა ტრაგედიის თვითმხილველი. სამწუხაროდ, იგი ისე გარდაიცვალა, რომ ნარკვევის ბოლომდე გამოქვეყნება ვერ მოასწრო. 1955 წლის 17 დეკემბერს იმავე გაზეთში გამოქვეყნდა პეტრე მარღანიას სტატია სათაურით „საბჭოეთის ტერიტორიაზე ქართველთა განადგურება გრძელდება", რომელშიც იგი ლავრენტი ბერიას მიერ საქართველოში გატარებულ რეპრესიებთან ერთად, მიმოიხილავდა საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან 1801 წლამდე, როდესაც რუსეთმა დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები, დაიპყრო საქართველო და ქვეყანაში რუსიფიკაციის პოლიტიკის გატარება დაიწყო. პეტრე მარღანია პოპულარიზაციას უწევდა საქართველოს ისტორიასა და კულტურას. მას უზომოდ უყვარდა აფხაზეთი და სჯეროდა, რომ დადგებოდა დღე, როცა მისი სამშობლო თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდებოდა. სამწუხაროდ პეტრე მარღანია ამ ბედნიერ დღეს ვერ მოეწრო. გარდაიცვალა 1957 წლის 23 დეკემბერს ქ. მილანში. წყარო: მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია. - თბილისი, 2020. გვ.234-241
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

