| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ხატია ესართია![]()
Biographyაშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვრის ხატია ესართიას მამა წარმოშობით აფხაზეთიდან, ქ. გაგრიდანაა, თვითონ კი მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა აფხაზეთის ომის დაწყების დროს გაგრაში, ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა. მან კარგად იცის რას ნიშნავს იყო დევნილი და იცხოვრო სხის ქვეყანაში. 14 წლის ასაკში ხატია ოჯახთან ერთად მოსკოვიდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. გაგრა მის მეხსიერებაში დარჩა, როგორც ბედნიერი ადგილი, სადაც ყველა ხალისიანი იყო, იქ ხალხი იცინოდა, სითბოს გამოხატავდა, ქუჩაში სიარული საშიში არ იყო. ომმა კი ყველაფერი დაანგრია. ხატია ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში, ატლანტაში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში. დაამთავრა ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი და გახდა სახვითი ხელოვნების ბაკალავრი, შემდეგ გაიარა მაგისტრატურა სახელოვნებო დარგში მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ საგანმანათლებო ინსტიტუტში (Christe’s Educaton, ნიუ იორკი), სადაც დაიცვა სამაგისტრო ხარისხი თანამედროვე ხელოვნებასა და ხელოვნების მარკეტინგის ისტორიაში. ხელოვანი ამბობს, რომ მისთვის მისი შემოქმედება არის ის ენა, რითაც თავის სათქმელს ამბობს. ხატია ესართიას სოლო თუ ჯგუფური გამოფენები აშშ-ში 2002 წლიდან იმართება: ჩიკაგო, ლოს ანჯელესი, სანტა მონიკა, ნიუ იორკი, აგრეთვე - ბერლინი, თბილისი და სხვა. 2012 წელს ჯგუფურ გამოფენაზე წარმოდგენილ დიდ აკვარელებში ხატიამ აჩვენა ფერადოვანი, კოლორისტული ნამუშევრები, რომლებიც გაგრასა და შავ ზღვას ეძღვნებოდა. ამ ტილოებში ხელოვანი ავითარებს დევნილობის თემას, სადაც ის პირდაპირ კომენტარს კი არ მიმართავს, არამედ მეხსიერებაში ჩარჩენილი ვიზუალური იმიჯებით საკუთარ ნოსტალგიურ რეფლექსიებს გამოსახავს. ხატიას ხელოვნების ძირითადი მედია აკვარელია. ის ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე აკვარელში მისი ძიებები დასრულდა და ამიტომ ახლა ცდილობს, აკვარელი სხვა მედიასთან შეაერთოს, რაც მას ახალი ექსპერიმენტების საშუალებას მისცემს. ის, აკვარელის გარდა, თავს მრავალ სხვა მედიაშიც ცდის: ვიდეო, ხმა, ფერწერა, ქანდაკება. აკეთებს მავთულის ქანდაკებებსაც. არტისტი თვლის, რომ კონცეპტულური არტი მოკვდა, რადგან ის არ ქმნის თავის ენას. ხატიასთვის კი ხელოვნების ენა და გამოსახვის ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. თავის ნამუშევრებში არტისტი მოძრაობს ვიდეოსა და პერფორმანსს შორის. აქ სურს შეიტანოს ქართული ელემენტები, მაგალითად, ქართული სუფრა, სუფრის იდეა, რომელიც პერფორმაციული იქნება. ხატიას ხელოვნება მრავალფეროვანია. ის მუშაობდა დიზაინზე, ქმნიდა საიუველირო, ტანსაცმლის დიზაინს, გაკეთებული აქვს კარტის დიზაინიც. ამჯერად ძირითადად ვიზუალურ ხელოვნებაზეა კონცენტრირებული. მუშაობის დაწყებამდე ბევრს იკვლევს იმ პრობლემას, რომლის გარშემოც უნდა განავითაროს თავისი ნამუშევარი. ნიუ-იორკში მანჰეტენზე მდებარე გალერეაში Marisa Newman Projects, რომელიც გალერისტისა და არტდილერის მარიასა ნიუმენის საკუთრებაა, წარმოდგენილი იყო ხატია ესართიას ინსტალაცია “გამოქვაბულიდან” (Out of the Cave). ეს ამ არტსივრცეში ხატიას მეორე სოლო გამოფენაა. პირველი სახელწოდებით “ჩემი ქოლგა დამავიწყდა” (Ich habe meinen Regenschirm vergessen) 2018-ში გაიმართა. ხატია წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩადის, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ისეთ არტბაზრობებზე მონაწილეობს, როგორიცაა Tbilisi Art Fair, 2018 და Oxygen_Tbilisi No Fair. 2019 წელს ხატია ესართია თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VA[A]DS) მიიწვიეს, სადაც იგი ერთი სემესტრის განმავლობაში ხატვასა და ფერწერას ასწავლიდა მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს. წყარო: ესართია ხატია: http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Integracia_Da_Identoba.pdf. გვ. 58-59. https://www.amerikiskhma.com/a/tea-from-ny-khatia-esartia/4505826.html აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ.45-50
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

