| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი თოდუა![]()
Biographyსაოპერო მომღერალი (ბარიტონი) გიორგი თოდუა დაიბადა 1987 წლის 11 დეკემბერს, ქ. რუსთავში, მხატვარ რამაზ თოდუას ოჯახში. დედა - ირმა ჯანჯულია. გიორგის მამა, რამაზ თოდუა წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, გული მშობლიური მხარისკენ მიუწევდა, ამიტომ ცოლ-შვილთან ერთად გალის რაიონში გადავიდა და წინაპართა სახლში დასახლდა. სამივე შვილი საბავშვო ბაღის ასაკის იყო. როცა აფხაზეთის ომი დაიწყო ყველანი ისევ უკან, რუსთავში დაბრუნდნენ. 1996 წელს მთელი ოჯახი საცხოვრებლად პეტერბურგში წავიდა. მამა ცდილობდა შვილები ქართული სულისკვეთებით აღეზარდა, ამიტომ გიორგი და მისი და-ძმა - თეონა და ილია - ქართულ სკოლაში სწავლობდნენ. ამ პერიოდში გამოვლინდა გიორგის მუსიკალური ნიჭიც და იგი მშობლების მხარდაჭერით მუსიკალურ სკოლაში ჩაირიცხა. სწავლის პარალელურად გიორგი აქტიურად მონაწილეობდა კონცერტებსა და სპექტაკლებში, იყო საბავშვო თეატრ “ad libitum“-ის სოლისტი. გიორგი თოდუამ 2005 წელს ერთდროულად წარჩინებით დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის 112-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და ბაბუის, მხატვარ-აკადემიკოს ალექსანდრე თოდუას ხელშეწყობით მოხვდა მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან ვოკალში სამეცადინოდ. ორწლიანი მომზადების შემდეგ ჩააბარა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე და უკვე 2008 წელს მაყურებლის წინაშე წარსდგა სოლო პროგრამით კონცერტმეისტერ ვაჟა ჩაჩავასთან ერთად. 2010 წელს გიორგი აქტიურად მონაწილეობდა კონცერტებსა და კონკურსებში, რომლებიც გაიმართა საქართველოში, რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, პოლონეთში, ლიტვასა და გერმანიაში. 2011 წელს გახდა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. იმავე წელს დაამთავრა კონსერვატორიის ბაკალავრიატი და იქვე, მაგისტრატურაში ჩააბარა, მაგრამ მამის მოულოდნელი გარდაცვალების გამო სწავლა ვეღარ გააგრძელა, კონსერვატორიაში აკადემიური აიღო და სამუშაოს საძებნელად პეტერბურგში გაემგზავრა. სანქტ-პეტერბურგში გიორგი თოდუამ გაიცნო მარიას თეატრის აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი ლარისა გერგიევა, რომელმაც თეატრში მოსმენაზე მიიწვია. გიორგის გაუმართლა, იგი აიყვანეს მარიას თეატრის აკადემიის სოლისტად და დღემდე იქ მუშაობს. მომღერლის რეპერტუარშია: ფიგაროს პარტია (მოცარტი, „ფიგაროს ქორწინება“), ონეგინი (ჩაიკოვსკი, „ევგენი ონეგინი“), პაპა გენო (მოცარტი, „ჯადოსნური ფლეიტა"), ჟერმონი (ვერდი, „ტრავიატა“) და სხვ. მარიას თეატრში სულ 9 სპექტაკლში აქვს ნამღერი, ამჟამად მუშაობს ახალ პარტიებზე. 2016 წელს გიორგი თოდუამ ქ. ტიხვინში, რიმსკი-კორსაკოვის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მიიღო ჯილდო „ოპერის იმედი“. 2020 წლის 4 თებერვლიდან, გარდა მარიას თეატრისა, მუშაობს მუსიკის აკადემიაში. მომღერალი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. წყარო: აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ. 54-56.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

