The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნუგზარ პაქსაძე

ნუგზარ პაქსაძე
Date of birth:20 May, 1953  (72 years)
Category:Painter

Biography

ფერმწერი, ინტერიერის დიზაინერი ნუგზარ პაქსაძე დაიბადა ქ. ქობულეთში 1953 წლის 20 მაისს. დაამთავრა სოფელ ბობოყვათის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) საშუალო სკოლა.

1972-1976 წლებში სწავლობდა ბათუმის კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის განყოფილებაზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ვიზუალური ხელოვნების მასწავლებლად.

1982 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ლატვიაში, ქ. რიგაში.

მუშაობდა მხატვარ-გამფორმებლად და ინტერიერის დიზაინერად. იგი ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა ფერწერას.

ნუგზარ პაქსაძე არის მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი და არაერთი საერთაშორისო პლენერის [ფერწერა ღია ცის ქვეშ] მონაწილე. ასევე, დაკავებულია მათი ორგანიზებით.

2011 წლიდან ყოველწლიურად მართავს პლენერებს ლატვიის დასახლებულ პუნქტში, ტერვეტეში.

მხატვარი მონაწილეობდა ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში: ლატვიაში (რიგა, იურმალა, სალასპილსი, ლუძა, პრეილი, ლივანი), ლიეტუვაში (პანევეჟისში), პოლონეთში (ზელენა-გურა) და სხვა.

ნუგზარ პაქსაძე უპირატესობას ანიჭებს პეიზაჟების მხატვრობას. მისი ნამუშევრები ემოციური და ფერადია, ხასიათდება ცოცხალი პალიტრით, ბუნების ხალასი, უშუალო აღქმით, ემოციურობით.

2019 წლის აგვისტოში ნუგზარ პაქსაძის პერსონალური გამოფენა – „ორი ნაპირი“  გაიმართა მის მშობლიურ მხარეში, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული პეიზაჟები.

მხატვრის ნახატები ინახება კერძო კოლექციებში ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, ავსტრალიაში, შვედეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინაში, რუსეთში, საქართველოსა და პოლონეთში.

წყარო: 

https://www.g1.gallery/ru/catalog/artists/nugzar-paksadze/bio/


Share: