The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კონსტანტინე ჩხეიძე

კონსტანტინე ჩხეიძე
Date of birth:19 September, 1897
Date of death:1974  (at 76 years)
Burial location:ქალაქ როუდნიცე-ნად-ლაბემის პატარა სასაფლაო, ჩეხეთი
Category:Writer, Philosopher

Biography

რუსულენოვანი ქართველი მწერალი კონსტანტინე ჩხეიძე დაიბადა 1897 წლის 19 სექტემბერს ქ. მოზდოკში (ჩრდილოეთ ოსეთი). წარმოშობით თავადთა წრიდან იყო. მისი წინაპრები ჯერ კიდევ პეტრე პირველის დროიდან დაფუძნდნენ ჩრდილო კავკასიაში, ხოლო, ეკატერინე II-ის დროს მიიღეს მიწები მოზდოკის სტეპში.

კონსტანტინეს მამა, კავალერისტი ალექსანდრე ჩხეიძე, კათოლიკური აღმსარებლობის ქართველი იყო, დედა - მართლმადიდებელი რუსი, ასევე სამხედრო ოჯახიდან.

მამის მსგავსად, კონსტანტინე ჩხეიძეც ჩაირიცხა იმპერილიასტური რუსეთის სამხედრო სამსახურში და ჩრდილო კავკასიის სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა თეთრი არმიის რიგებში. 

კონსტანტინემ ვიცე-უნტერ-ოფიცრის წოდებით დაამთავრა პოლტავის კადეტთა კორპუსი (1908-1916), ხოლო, 1917 წლის 1 ოქტომბერს - კორნეტის წოდებით მხედართა სამხედრო სასწავლებელი ტვერში. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო კორნილოვის ცნობილ, წარუმატებელ ლაშქრობაში პეტროგრადზე.

პირველი მსოფლიო ომის ფრონტის ხაზიდან სამშობლოში, ნალჩიკში, 1917 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა.  

დროებით მთავრობასა და საბჭოეთს შორის „ორმაგი ხელისუფლების“ პერიოდში იყო ჯარის წარმომადგენელი ტვერის საგუბერნიო დეპუტატთა საბჭოში.

კონსტანტინე ჩხეიძეს თავდავიწყებით უყვარდა კავკასია. იგი თავს თვლიდა მართლმადიდებელ კავკასიელად, თუმცა ძირითადად მუსულმანებთან უხდებოდა ურთიერთობა. იმ ხანებში განსაკუთრებით აღტაცებული იყო ყაბარდოთი, რამაც ის მიიყვანა თავისუფალ ყაბარდოელ მხედართა დივიზიაში (ე.წ. ველური დივიზია), რომლის მეთაური იყო გენერალი ზაურბეგ დანტოკოვ-სერებრიაკოვი. ჩხეიძე მისი ადიუტანტი იყო 1918-1920 წლებში.

1921 წელს, თეთრგვარდიელი კაზაკების დამარცხების შემდეგ, ჩხეიძე ვრანგელის არმიის ნარჩენებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა ყირიმში, იქიდან გადავიდა ცარგრადში, ხოლო ბოლოს მოხვდა საბერძნეთის კუნძულ ლემნოსზე, რომელიც იმ დროს საფრანგეთის მთავრობის მფარველობის ქვეშ იყო.

ახალგაზრდა კავალერისტი კონსტანტინე ჩხეიძე, ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს აქვეყნებდა სტატიებს რუსულ პრესაში. იგი თანამშრომლობდა გენერალ დენიკინის ჯარებთან და სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან (AFSR) დაკავშირებულ გაზეთებთან - „ყაბარდინეცი“ (1919) და „იუჟნი კურიერი“ (1920), ხოლო, 1921 წელს ლემნოსიდანაც კი აგზავნიდა მიმოწერას რუსული დიასპორის სხვადასხვა გაზეთებში.

ახალბედა ჟურნალისტმა უფრო სისტემატურად წერა და გამოქვეყნება დაიწყო 1920-იანი წლების შუა ხანებში, როდესაც მისი სამეცნიერო და ჟურნალისტური ნაშრომები ემიგრანტულ გამოცემებში გამოჩნდა.

1922-1923 წლებში კონსტანტინე ჩხეიძე ასრულებდა სხვადასხვა სამუშაოს ბულგარეთში. მან 14-მდე პროფესია გამოიცვალა - იყო დაქირავებული მუშა ტყეში, აგურის ქარხანაში, სადგურის მტვირთავი, მიწის მთხრელი და ა.შ

1923 წელს იგი არალეგალურად გაემგზავრა ჩეხოსლოვაკიაში, სადაც მიიღო იურიდიული განათლება - გახდა რუსული იურიდიული ფაკულტეტის მსმენელი პრაღაში (რუსი ემიგრანტების კერძო უმაღლესი სასწავლებელი).

1928 წელს, კონსტანტინე ჩხეიძემ წარმატებით დაიცვა იურისტის დიპლომი, მოგვიანებით, მაგისტრის წოდებაც დაიმსახურა და პრაღაში, რუსეთის სახალხო უნივერსიტეტში ასწავლიდა თანამედროვე რუსულ ლიტერატურას.

ამავე პერიოდიდან ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობასაც: იგი გახლდათ  ლიტერატურული წრის, „დალიბორკას“და პრაღაში არსებული რუსული ისტორიული საზოგადოების წევრი, 1925 წელს აირჩიეს ჩეხოსლოვაკიაში რუსი მწერლებისა და ჟურნალისტების კავშირის წევრად. ამავე დროს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შედიოდა  ჟურნალ "Казачий сполох"-ის რედკოლეგიაში.

1920-იან წლებში კონსტანტინე ჩხეიძე შეუერთდა ე.წ. „ევრაზიულ მოძრაობას“. ის იყო „ევრაზიული კრებულის“ რედკოლეგიის წევრი (წიგნი IV. პრაღა. 1929), მონაწილეობდა ევრაზიული მიმართულების კრებულის - „ახალი ერა და დემოკრატები“ - გამოცემაში (1933).

კონსტანტინე ჩხეიძე გახდა ამ მოძრაობის იდეოლოგი და 1928 წელს პარიზმიც იყო მივლინებული, როგორც ამ საზოგადოების გაზეთის, „ევრაზიის“ (კლამარი, პარიზის გარეუბანი) რედაქტორი. მან მოამზადა ევრაზიული ორგანიზაციების პირველი კონგრესი, რომელიც 1931 წელს ბრიუსელში გაიმართა, მაგრამ მოძრაობაში შექმნილი უთანხმოების გამო (პარიზელი ევრაზიელების მოსკოვთან კავშირების გამოაშკარავების შემდეგ), იძულებული გახდა პრაღაში დაბრუნებულიყო.

კონსტანტინე ჩხეიძის შემოქმედების მთავარი თემა თავიდანვე იყო კავკასია. ის ამ არჩევანის ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. კავკასიური პროზიდან მისი პირველი ნაწარმოები იყო „პრომეთეს ქვეყანა", რომელიც 1930 წელს დაამთავრა. ხარბინსა და რიგაში დაიბეჭდა რუსულ ენაზე, ჩეხური თარგმანი კი გამოიცა 1932 წელს, ამას მოჰყვა „მზის შემყურენი" (1935), „ქარიშხალთან შესახვედრად“ (1940) და სხვა.

მწერალს მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ჩეხ ლიტერატორებთან, მათ შორის, ცნობილ ჩეხ პოეტ იოზეფ ჰორასთან. მან კონსტანტინე ჩხეიძესთან უშუალო თანამშრომლობით თარგმნა ქართული პოეზიის ნიმუშები, მათ შორის ილია ჭავჭავაძის ლექსები. სავარაუდოდ, თარგმანი შესრულებული უნდა იყოს რუსულიდან, პასტერნაკის მიერ თარგმნილი ქართული ლექსების კრებულიდან, რომელიც რუსმა მწერალმა 1935 წელს გაუგზავნა იოზეფ ჰორას.

კონსტანტინე ჩხეიძეს საქართველოში არ უცხოვრია, მაგრამ იგი, როგორც ჩანს, არ იყო მოწყვეტილი მშობლიურ ლიტერატურასა და კულტურას. ამაზე მეტყველებს არა მარტო ჰორასთან თანამშრომლობა, არამედ მთელი მისი შემოქმედება, რომელიც საქართველოსა და კავკასიისადმი უდიდესი სიყვარულითა და აღტაცებით არის გაჟღენთილი.

ჩეხოსლოვაკიაში რუსმა ემიგრანტშა მეგობრებმა კონსტანტინე ჩხეიძეს გააცნეს პრაღის გერმანული საზოგადოება, სადაც იგი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, პრაღის გერმანული უნივერსიტეტის ლექტორს მარკეტა სიკოროვას (მარგარეტ სიკორა 1906-1987), რომელიც მუშაობდა სამხრეთსლავურ ეთნოგრაფიასა და ფოლკლორზე.

იმხანად პრაღაში ფრიად აქტიურად მოქმედებდა ემიგრაციული ფილოსოფიური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნ. ფ. ფედოროვი (1828-1903). ეს ჯგუფი მეორე მსოფლიო ომამდე სისტემატურად აქვეყნებდა წერილებსა და სტატიებს სხვადასხვა ქვეყნის ემიგრაციულ ჟურნალ-გაზეთებში რუსულ და ჩეხურ ენებზე.

კონსტანტინე ჩხეიძე იყო ამ ფილოსოფიური ჯგუფის აქტიური წევრი და მონდომებით ეწეოდა ფედოროვის შეხედულებების პროპაგანდას. მისი მონაწილეობით პრაღის ლიტერატურულ არქივში შეიქმნა რუსული დიასპორის „ფედოროვიზმის“ ვრცელი კოლექცია, რომელიც მოიცავდა მასალებს ჰარბინის ემიგრანტული თემიდან (სადაც ფედოროვის სწავლებები პოპულარული იყო 1920-იან და 1930-იან წლებში), პრაღიდან და რუსული დიასპორის რამდენიმე სხვა ქვეყნიდან.

მეორე მსოფლიო ომის დროს  კონსტანტინე ჩხეიძე იყო პრაღის ანტიფაშისტური მოძრაობის აქტივისტი. მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა 1945 წლის მაისიდან, როცა პრაღაში წითელი არმია შევიდა. მწერალი დააპატიმრა საბჭოთა კონტრდაზვერვის ჯაშუშთა გამოვლენის სპეციალურმა ორგანიზაციამ ("სმერში") და გადაიყვანა მოსკოვში.

კონსტანტინე ჩხეიძემ ციმბირის ბანაკების უმკაცრეს პირობებში 10 წელი გაატარა და  სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, 1955 წელს, დაბრუნდა ჩეხოსლოვაკიაში. თავიდან გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად ქალაქ როუდნიცეში, მასთან განქორწინების შემდეგ კი გადავიდა პრაღაში.

ჩეხოსლოვაკიაში დაბრუნების შემდეგ კონსტანტინე ჩხეიძემ გამოაქვეყნა საბავშვო ზღაპრები: „არწივის კლდე“ (1958), „ჯადოსნური ბეჭედი“ (1968), ლეგენდა - „პატარძალი მთიდან“ (1971); აგრეთვე, მან შექმნა მთელი რიგი ნაშრომები რუსული საზოგადოებისა და კულტურის, ასევე კავკასიური ლეგენდებისა და საბჭოთა ერების შესახებ.

1967 წლის ივნისში მწერალმა მიიღო პოეტ ვილემ ზავადას სახელობის მთავარი ჯილდო - ჩეხეთის ლიტფონდის სტიპენდია თავისი მემუარების დასამთავრებლად. მემუარები უნდა გამოსულიყო სათაურით: „შემთხვევები, შეხვედრები, განსჯები“. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩხეიძისთვის ვ. ზავადას სახელობის სტიპენდია 1968 წელს საბჭოთა ჯარების შესვლის შემდეგაც არ მოუხსნიათ.

კონსტანტინე ჩხეიძის მემუარები უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ერთი დიდი ისტორიული ეპოქის დოკუმენტი. მემუარები შედგება 9 ნაწილისაგან: 1. ბავშვობა, 2. პოლტავის პეტრე პირველის სახ. ცნობილი კადეტთა სასწავლებელი, 3. ტვერის მხედართა სასწავლებელი, 4. წელი 1917 - ჩრდილოეთი, 5. წელი 1917 - სამხრეთი, 6. სამოქალაქო ომი, 7. კავკასიის დატოვება - ყირიმი - ცარგრადი - ლემნოსი, ბულგარეთი, 8. პრაღა-პარიზი-პრაღა, 9. საბჭოთა კავშირის საზღვარი, დაბრუნება. ეს არის ყველაზე დიდი ნაწილი, 800 გვერდიანი ტექსტი, რომელიც მთელი ნაშრომის თითქმის მესამედს შეადგენს და მთავრდება ავტორის ჩეხეთში დაბრუნებით 1955 წელს.

მწერლის ცხოვრების დასასრული მეტად უსიხარული იყო. ცოლ-შვილი არ ჰყავდა. მთელი ყურადღება კონცენტრირებული ჰქონდა პრაღაში რუსული ემიგრაციის მასალების შეგროვებაზე, რომელიც შემდგომში გადასცა ხელნაწერთა ეროვნულ მუზეუმს. პირადი არქივიდან ამ  მუზეუმში გადავიდა მხოლოდ მცირე ნაწილი, დანარჩენი, როგორც ჩანს, როუდნიცეში დარჩა და დაიკარგა. გაქრა მემუარების მე-9 ნაწილის რუსული ტექსტიც.

ხელნაწერები და მოგონებები გულაგში გატარებული წლების შესახებ, რომელიც დაცულია ჩეხეთის ეროვნული ლიტერატურის მემორიალში, დღემდე არ გამოქვეყნებულა.

კონსტანტინე ჩხეიძემ  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1974 წლის 29 ივლისს. დაკრძალულია ჩეხეთის ქალაქ როუდნიცე-ნად-ლაბემის პატარა სასაფლაოზე.

წყარო: 

ლეჟავა გიული. კონსტანტინე ჩხეიძის ტრაგიკული ბედი // ლიტერატურული საქართველო. თბილისი. 1-7 სექტემბერი. N36. გვ. 13

https://librusec.pro/a/220951

ყაბარდო-ბალყარეთის გაზეთი "პრავდა": ნალჩიკი, 2012.- 15 სექტემბერი.- № 182-183(23474-23475).-გვ.11: https://www.kbpravda.ru/2012/09/15.pdf

https://ka.wikipedia.org/wiki/კონსტანტინე ჩხეიძე 

არხეიონი = Archeion / აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველო. - თბილისი, 2024. გვ. 29


Share: