| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნინო სურგულაძე![]()
Biographyსაოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე დაიბადა 1977 წლის 12 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ექიმების ოჯახში. მამა - დავით სურგულაძე, დედა - ნუნუ ჟღენტი. ჰყავს ძმა - კოტე სურგულაძე. 1992 წელს დაამთავრა ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლა (საესტრადო–თეატრალური განხრით), ხოლო 2001 წელს - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი. მაგისტრატურა გაიარა პროფესორ გულიკო კარიაულის ხელმძღვანელობით. იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 2000 წელს გამართა კონცერტი სრული პროგრამით (გერმანული მუსიკა). იმავე წელს გახდა ქ. ტულუზის (საფრანგეთი) საერთაშორისო კონკურსის დიპლომანტი. 2001 წელს - ბარსელონის ფ. ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (II პრემია) და სამი სპეციალური პრიზის მფლობელი. 2001 წელს გაიარა სამთვიანი სტაჟირება მილანის "ლა–სკალასთან" არსებულ ჯ. ვერდის სახელობის ვოკალის აკადემიაში, რისი უფლებაც მოიპოვა ბარსელონაში გამართულ Francisco Viñas-ის სიმღერის საერთაშორისო შეარჩევ კონკურსში გამარჯვებით. სწავლობდა ლეილა გენჯერთან და ლუჩანა სერასთან. ნინო სურგულაძის საოპერო დებიუტი შედგა 2002 წლის გაზაფხულზე, როცა მონაწილეობა მიიღო "ლა–სკალას" სპექტაკლებში - რ. შტრაუსის "სალომე" და მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"(ეპიზოდური როლი), სექტემბერში იქვე შეასრულა მთავარი როლი - კუნიძი, ვერდის "ობერტოს" პრემიერაში. იმავე წელს პირველად გამოვიდა ბარსელონის საოპერო თეატრ "ლისეოს" დიდ სცენაზე, დ. შოსტაკოვიჩის ოპერაში "მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი" (სონეტკას პარტია); მონაწილეობდა იტალიაში გამართულ მთელ რიგ კონცერტებში; 2003 წელს ის რიკარდო მუტის შეხვდა, მოგვიანებით, მისი დირიჟორობით იმღერა საშობაო კონცერტზე; ლა სკალაში ნინო სურგულაძე ხშირად თანამშრომლობდა ისეთ დიდ მაესტროებთან, როგორიცაა რიკარდო მუტი, ნიკოლა ლუიზოტი, პიერ ლუიჯი პიცი და სხვა; თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ისეთ ხელოვანებთან, როგორიცაა: პლაჩიდო დომინგო, მარსელო ალვარესი, ნადინ სიერა, დიმიტრი ხვოროსტოვსკი, ლეო ნუჩი, გუსტავო დუდამელი, რობერტო აბადო, მარია ხოსე სირი, ზუბინ მეტა და სხვა. მღერის კონტრაქტებით მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში: გენუა, ტოკიო, ბარსელონა, მილანი, ჰამბურგი, პარმა, ნეპალი, გრაცი, ვერონა, ჩიკაგო, თელავივი, ფრანქფურტი, ტურინი და სხვ.; მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტებში მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავებთან ერთად; მართავს მასტერკლასებს. მომღერალი ფლობს ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმას (მეცო–სოპრანო), გამოირჩევა არტისტული მონაცემებით; იგი წარმატებით გამოდის მსოფლიოს მრავალი საოპერო თეატრის სცენაზე. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია, შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები ჯ. პერის, ბიზეს, ვერდის, შტრაუსის, მუსორგსკის, შოსტაკოვიჩის, ოფენბახის, მოცარტის, პროკოფიევის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორთა ოპერებიდან; ნინო სურგულაძის საყვარელი ოპერებია: ვინჩენცო ბელინის „ნორმა“; ჰექტორ ბერლიოზის „ფაუსტის წყევლა“; ჟორჟ ბიზეს „კარმენი“; შარლ გუნოს „ფაუსტი“; პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“. 2024 წლის ოქტომბერში შედგა მომღერლის დებიუტი ჩეხი კომპოზიტორის: იანოჩეკის აოპერაში “კატია კაბანოვა”, ჩეხურ ენაზე, რთული მუსიკითა და რითმებით. პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა ბელგიის, ლიეჟის სამეფო თეატრში. ნინო სურგულაძე ბავშვობიდან დაინტერესებული იყო მსახიობობით. სამი წლიდან სახლში კოსტიუმირებულ მონო სპექტაკლებს დგამდა. შოუ მუსიკის ელემენტებსაც შეიცავდა. იგი ხელოვნების სკოლაში დადგმულ სპექტაკლებშიც მუდმივად მონაწილეობდა. შვიდი წლის ასაკში შეასრულა კახელის როლი, კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის “ქინქლა ბუზში” მის შემდეგ იყო დავით ტურიაშვილის არაჩვეულებრივი მიუზიკლი, ფერადი და კოსტიუმირებული “პეპი გრძელი წინდა“, დუეტებით, გუნდით, სოლოებითა და ბალეტით. გადაღებულია მხატვრულ ფილმებშიც: "მეტიჩარა" (1988). რეჟისორები - ნელი ნენოვა და გენო წულაია; „მარტივი პასეანსი’ (1990). რეჟისორი ლევან ერისთავი; ლანა ღოღობერიძის "ვალსი პეჩორაზე" (1992). ამ ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის მიღებული აქვს ჟენევის კინოფილმების ფესტივალის სპეციალური პრიზი. 2010 წელს პლაჩიდო დომინგოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო იტალიურ სატელევიზიო ფილმ-ოპერაში „Rigoletto a Mantova“ (2010), რომელიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში გადაიცა, ასევე, ნეტფლიქსის სერიალში "ალიენისტი". ნინო სურგულაძის ჯილდოებს შორისაა: 2005 - მიშკოლცის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი; 2015 - იტალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გახდა იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი იტალიასა და სხვა სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის გაწეული ღვაწლისთვის; 2016 - იტალიის საერთაშორისო საოპერო გამოცემამ GB Opera მიანიჭა საუკეთესო მეცო-სოპრანოს ჯილდო „საოპერო ოსკარი“ და სხვა. საქართველოში დაჯილდოვდა საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით. ნინო სურგულაძემ 2014 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" (Desire Tree), რომლის მიზანია სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბავშვების დახმარება. მომღერალმა მეგობრებთან ერთად არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ფონდის საქველმოქმედო კონცერტებზე საქართველოს სტუმრობდნენ: სოფია ლორენი, კარლო პონტი, კარმენ ჯანატაზიო, ეციო ბოსსო, დანიელა დესსი, ბარბარა ფრიტტოლი და სხვა. ნინო სურგულაძე დაოჯახებულია. მისი მეუღლეა იურისტი გიორგი ინწკირველი. 2020 წელს მათ შეეძინათ ტყუპები - ნატალია და ზაქარია. მომღერალი ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს “ამით ბედნიერია”. თანამედროვე მსოფლიოში რთული აღარ არის სამშობლოში იცხოვრო და იქიდან გაემგზავრო მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრში კონტრაქტით გათვალიწინებულ სპექტაკლებში მონაწილეობის მისაღებად. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_სურგულაძე მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. გვ. 262; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge https://www.interpressnews.ge/ka/article/744214-nino-surgulaze... /
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

