| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
თინათინ ბოჭორიშვილი![]()
Biographyმეცნიერი, ფილოსოფოსი თინათინ ბოჭორიშვილი დაიბადა თბილისში, 1959 წლის 10 თებერვალს. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1982-1985 წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტურში, სადაც მოამზადა საკანდიდატო დისერტაცია. დაიცვა 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1997 წელს აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „სიცოცხლის საზრისი, როგორც ტრანსცენდენცია“ და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. თინათინ ბოჭორიშვილი 35 წლის განმავლობაში ასწავლიდა: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (1988 წლიდან), დიპლომატიურ აკადემიაში, პოლიტოლოგიის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის დამოუკიდებელ ინსტიტუტში (1993-1995), საქართველოს უნივერსიტეტსა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, სადაც 1994-1996 წლებში იყო საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე. 1986 წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებში: სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში (მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი) და პოლიტოლოგიის ინსტიტუტში (მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი). გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია და 40-დე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ ენებზე. სხვადასხვა პერიოდში მეცნიერი იყო საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპ ქართველოლოგიის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (რუსთაველის) ფონდის დირექტორი; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე. თინათინ ბოჭორიშვილს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მოღვაწეობის გამოცდილებაც: იგი მუშაობდა საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებში კურსდამთავრებულთა კოორდინატორად; ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის შესწავლის ცენტრის საზაფხულო სკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორად; მსოფლიო ბანკის პროექტის ექსპერტად; ამერიკის განათლების განვითარების აკადემიის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ზოგადი განათლებისა და დეცენტრალიზაციის პროექტის ექსპერტად; როგორც მკვლევარი მუშაობდა საერთაშორისო მკვლევართა ვუდრო ვილსონის ცენტრში (Woodrow Wilson Center for International Scholars) აშშ, ვაშინგტონში; მიწვეული იყო ვაშინგტონის კათოლიკური უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევის ცენტრში (1990); ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯ. ფ. კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში; ჯორჯ მეისონისა და ჯონს ჰოპკინსის ამერიკულ უნივერსიტეტებში; ერთსაათიანი პირდაპირი ჩართვა ჰქონდა ამერიკის ტელევიზიით (საქართველოს გეოპოლიტიკა); არაერთი გამოსვლა ჰქონდა ამერიკის ხმის ეთერით საქართველოში ნავთობსადენის პერსექტივებზე; ინტერვიუები ჰქონდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში, მშვიდობის ინსტიტუტში, მსოფლიო ბანკში და ა. შ.; მონაწილეობა მიიღო ასზე მეტ საერთაშორისო კონფერენციის, სემინარისა და კონგრესის მუშაობაში, მათგან 32-ზე იყო მომხსენებელი. დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის მოწვევით ორი თვე საჯარო ლექციების კურსი წაიკითხა ლონდონსა და მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში და სტაჟირება გაიარა საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრში (მანჩესტერი, 1997); 1998 წელს მან დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის მშვიდობის კვლევის ასოციაცია", რომლის პრეზიდენტი იყო ასოციაციის დახურვამდე. ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე გრანტი მოიპოვა საფრანგეთი/შვეიცარიის ორგანიზაციისაგან - "შარლ ლეოპოლდ მეიერის ფონდი კაცობრიობის პროგრესისათვის". თინათინ ბოჭორიშვილი წლების მანძილზე იყო მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიული ორგანიზაციის წევრი, მათ შორის: "მშვიდობის ეროვნული ფონდის" (აშშ), ”მერილენდის უნივერსიტეტთან (აშშ) არსებული აკადემიის "ქალები საერთაშორისო უსაფრთხოებაში"(ბაზისური წევრი), პროფესორთა მსოფლიო მშვიდობის აკადემიის (აშშ), საერთაშორისო ორგანიზაციის "დიალოგი კაცობრიობის პროგრესისათვის" (საფრანგეთი/შვეიცარია), ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის ორგანიზაციის "ქალები მშვიდობისათვის" (აშშ) წევრი და სხვ.; არჩეულ იქნა საქართველოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად; ამჟამად თინათინ ბოჭორიშვილი არის ამერიკული სამეცნიერო ჟურნალის "მსოფლიო მშვიდობის" საერთაშორისო სარედაქციო საბჭოს წევრი, ხოლო 3 წლის მანძილზე იყო რედაქტორის მოადგილე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალისა - "ევრაზიული კვლევანი”. მიღებული აქვს ჯილდოები და გრანტები: საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის სტიპენდია, ვერცხლის მედალი კემბრიჯიდან (დიდი ბრიტანეთი), საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისაგან (აშშ), ამერიკული უნივერსიტეტისაგან (აშშ), ჰარვარდის უნივერსიტეტისაგან (აშშ) და ჯორჯ სოროსის ფონდისაგან. წყარო: საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები / [რედ.: დავით გუბელაძე] ; შეადგინა...ნიკო ჯავახიშვილმა. - თბ., 1999. გვ. 34-35 https://ug.edu.ge/persons/full/294 https://ka.wikipedia.org/wiki/თინათინ_ბოჭორიშვილი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

