| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გელა უნაფქოშვილი![]()
ბიოგრაფიაშორეული ნაოსნობის კაპიტანი გელა (გიორგი) უნაფქოშვილი დაიბადა 1952 წლის 23 ივლისს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში, ვახტანგ უნაფქოშვილისა და შურა კერატიშვილის ოჯახში. 1995-1997 წლებში სწავლობდა პატარძეულის საშუალო სკოლაში. ძალიან უყვარდა სათავგადასავლო წიგნების კითხვა და მათგან შთაგონებულმა მეშვიდე კლასში გადაწყვიტა მეზღვაური გამხდარიყო, თუმცა ზღვა პირველად სკოლის დამთავრების შემდეგ ნახა, როცა ბათუმში ჩავიდა საზღვაო სასწავლებელში ჩასაბარებლად. კახეთში დაბადებულმა და გაზრდილმა ბიჭმა რუსული ცუდად იცოდა, ამიტომ პირველ ჯერზე საზღვაო სასწავლებელში არ მიიღეს და საზღვაო საქმის შესწავლა ბათუმის საზღვაო მომზადების სკოლაში (ШМО) დაიწყო (1969-1971). ამ სკოლაში სწავლის დროს გავიდა პირველად ზღვაში 18 წლის ასაკში (1970 წელი, ტანკერი “კლაიპედა”) და მას მერე მისი ცხოვრება ზღვაში საქმიანობას დაუკავშირდა. 1971-1975 წწ. სწავლობდა ბათუმის საზღვაო სასწავლებელში. ამ დროისათვის რუსულიც კარგად იცოდა და ნაოსნობის გამოცდილებაც ჰქონდა. სასწავლებელი შორეული ნაოსნობის შტურმანის სპეციალობით დაამთავრა. გელა უნაფქოშვილმა შრომითი საქმიანობა ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო, ოთხ წელიწადში ოთხჯერ გახდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო შტურმანი. შემდეგ ბათუმში მიიწვიეს და საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კიდევ 2 წელი მსახურობდა. პარალელურად, დაუსწრებლად დაამთავრა ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (1978-1986). გელა უნაფქოშვილს ნოვოროსიისკისა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთ ბალკერზე მოუწია ცურვა, გაიარა მეზღვაურის კარიერის ყველა საფეხური და შორეული ნაოსნობის კაპიტნის წოდებას მიაღწია. გასული საუკუნის 1990-იანი წლების დასაწყისში ის საქართველოს სანაოსნოს ახლადშეძენილი მადანმზიდების - "ДАВИД АГМАШЕНЕБЕЛИ"-სა და "АКАКИ ЦЕРЕТЕЛИ"-ს ეკიპაჟებს მეთაურობდა შემდეგ ქართული ფლოტის ნაწილი გადავიდა უცხოეთის სანაოსნო კომპანიებში. ამ პერიოდში გელა უნაფქოშვილი მუშაობდა სანაოსნო კომპანიების მენეჯმენტში სუპერინტენდანტად. 1995-1997 წწ. იყო სუპერინტენდანტი (GESCO, EUROMARINE, NORBULK) და ამავე დროს, მოქმედი კაპიტანი. 1997 წელს როცა მის სამშობლოში დასჭირდათ პირველი ქართული სამგზავრო ბორნის „მემედ აბაშიძის“ კაპიტანი, არჩევანი გელა უნაფქოშვილზე შეაჩერეს. 1998-1999 წწ. გახლდათ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი საზღვაო საკითხებში. 1999 წლიდან კურირებდა სანაოსნო კომპანია COLUMBIA SHIPMANAGEMENT-ისათვის ოფშორში გადაცემულ ქართულ გემებსა და ფლოტს. კაპიტანი 9 წელი მსახურობდა კვიპროსზე სუპერინტენდანტად, 14 გემი ებარა. ამ პერიოდში ვერ ახერხებდა სამშობლოში ჩასვლას და ოჯახის ნახვას, ამიტომ გადაწყვიტა დაბრუნებოდა გემის კაპიტნის თანამდებობას. მომდევნო წლებში გელა უნაფქოშვილი არაერთ უცხოური კომპანიის მფლობელობაში მყოფ გემს მეთაურობდა. 2008 წლიდან იყო კოლუმბიის გერმანული მენეჯმენტის გემების კაპიტანი. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები. პაატა ტაბაღუამ მასზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი “მთელი არსებით ზღვისკენ -კაპიტანი უნაფქოშვილი“ 2001 წელს გახდა ღირსების ორდენის კავალერი. იყო არაერთი ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილი წევრი და ლონდონის საზღვაო ინსტიტუტის წევრი; გემების კაპიტანთა საერთაშორისო ასოციაციის (ფედერაცია, ლონდონი) კონსულტანტი და საზღვაო ექსპერტი. გელა უნაფქოშვილი 1974 წელს დაქორწინდა ნელი ენაგელზე, პროფესიით ფილოლოგზე. ისინი პატარძეულში ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ეყოლათ ორი გოგონა, ნინო და დიანა. ცოლ-შვილი გელას საზღვარგარეთ არ ახლდა, მაგრამ ოჯახს მოწყვეტილი არ იყო, მათთან მუდმივი კავშირი ჰქონდა და შვებულელებს მუდამ სამშობლოში ატარებდა. კაპიტანი უნაფქოშვილი უცხოეთში ხშირად ათვალიერებდა საზღვაო მუზეუმებს და ძალიან უნდოდა ასეთი მუზეუმი მის სამშობლოშიც შექმნილიყო. ამისთვის ზრუნვა მან დიდი ხნის წინ დაიწყო და საზღვაო ნივთები შეაგროვა პატარძეულში, თავის სახლში, მათ შორის ბევრია პატარ-პატარა საზღვაო სუვენირი, რომლებითაც მეგობრები უცხოეთში ამარაგებდნენ. იმდენად ბევრი ექსპონატი მოგროვდა, რომ მათი სრულად გამოფენა უადგილობის გამო ვერც კი ხერხდება. გელა უნაფქოშვილი გარდაიცვალა 2024 წლის დეკემბრის თვეში. დაკრძალულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულის სასაფლაოზე. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": https://www.facebook.com წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.197 https://www.youtube.com/watch?v=1y3pMTHiNQg უნაფქოშვილი, გიორგი. "ზღვა შეცდომებს არ გაპატიებს!" : მამაცი კაპიტანი უწყლო "ხმელეთიდან" : რას ნიშნავს "ადამიანური ფაქტორი" პირდაღებულ ზღვაში : ინტერვიუ / ესაუბრა ეთერ ერაძე // კვირის პალიტრა. - თბილისი, 2012. - 12 - 18 მარტი. - N11 (919). - გვ. 25. უნაფქოშვილი გიორგი. დაჭრილი ზღვის ეშმაკი ისე ძლიერად გვეჯახებოდა, ლამის ნავი ამოგვიყირავა: ინტერვიუ / ესაუბრა ეკა სალაღაია // კვირის პალიტრა, თბილისი, 2018. 9-15 ივლისი. N28 (1250). გვ. 9 უნაფქოშვილი გელა. როგორ აუცვივდნენ მაჩეტის დანებით კაპიტან გელა უნაფქოშვილს გემზე და რა ნაბიჯი გადადგა მან ფლოტის გადასარჩენად: ინტერვიუ / ესაუბრა ეკატერინე პატარაია // თბილისელები. თბილისი, 2022. 29 აგვისტო-4 სექტემბერი. N35 (1131). გვ. 50-51
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

