The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გელა პატიაშვილი

გელა პატიაშვილი
Date of birth:1964  (62 years)
Category:Writer, Painter

Biography

გელა პატიაშვილი დაიბადა 1964 წელს, თბილისში. ოჯახში ხატვის ტრადიცია არ ჰქონდათ, თუმცა ხელოვნებასთან ახლოს იყვნენ. გელას დედა ფორტეპიანოზე უკრავდა და ბავშვიც მუსიკის გარემოცვაში გაიზარდა. გელა პატიაშვილს აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1986 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტი, თუმცა ხატვა, რომლითაც ბავშვობიდან იყო გატაცებული, საბოლოოდ, მისი პროფესია გახდა. ტექნიკურმა განათლებამ, უპირველესად კი, მათემატიკამ, მხატვრის თქმით, მას სივრცის აღქმის უნარი განუვითარა და მეოთხე განზომილების არსებობაში დაარწმუნა. უნივესიტეტის დამთავრების შემდეგ ერთი პერიოდი მოსკოვში ცხოვრობდა და მუშაობდა. წერდა მხატვრებზე, ასევე, იმ დროის საინტერესო ადამიანებზე და სტატიებს აქვეყნებდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“. ხან თბილისში იყო და ხან - მოსკოვში, სადაც სახელოსნო ჰქონდა. პარიზშიც მოსკოვიდან წავიდა გამოფენით, მალე უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ დარჩა ორი კვირით. 1992 წელს, თავისუფალი მსმენელის სტატუსით, გელა პატიაშვილი ხელოვნების ისტორიის ლექციებს ესწრებოდა პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. იმ პერიოდში მიაგნო მისთვის საინტერესო სამუშაოს, რომელმაც გაიტაცა. ეს იყო ანიმაცია. ანიმატორად მუშაობამ სტაბილურობის განცდა და საზოგადოებაში ინტეგრაცია მოუტანა. ანიმაციაში ათეული წელი გაატარა. მუშაობდა კლაველის თეატრთან, მილიმაჟის, დარგოსა და სხვა ცნობილ ანიმაციურ სტუდიებთან, ჯერ ფონების მხატვრად, შემდეგ კი ერთ-ერთი სტუდიის მხატვრული დირექტორი გახდა. გელა პატიაშვილმა 30 წელი იცხოვრა საზღვარგარეთ. 2018 წელს კი დაბრუნდა საქართველოში და აქ განაგრძო შემოქმედებითი საქმიანობა. საფრანგეთში ამჟამადაც ჩადის პერიოდულად და იქაც ქართულ პროექტებზე მუშაობს. მონაწილეობდა საქართველოში და საზღვარგარეთ გამართულ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში: Blowing, Savickas gallery (ვილნიუსი, ლიტვა, 2018); Field of Harmony and Agitation (საქართველოს საკონსულო ნიუ- იორკში, აშშ, 2018); Home Sweet Home (გალერეა "გამრეკელი", თბილისი, 2018); Couleur Couleur, გალერეა "მარლიე" (ნიცა, საფრანგეთი, 2017); 2015 - პორტრეტები, ანჟელინა პიზანუს საგამოფენო სივრცე (კანი, საფრანგეთი, 2015); "ენჯელ არტ გალერეა" (ანდორა ლა ველა, ანდორა, 2015) და სხვ.; ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლი, გელა პატიაშვილის შემოქმედების მთავარი თემაა. ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილ ნამუშევრებში, ადამიანები მან ძაღლებით ჩაანაცვლა. მხატვარი ცნობილია თავისი სამწერლო მოღვაწეობითაც. ქართულ პრესაში ის 1988 წლიდან იბეჭდებოდა, როცა „ლიტერატურული საქართველოს“ კორესპონდენტად მუშაობდა. 2010 წლიდან კი გამოჩნდა მისი მხატვრული ნაწარმოებები და დიზაინერული ნამუშევრებიც. გელა პატიაშვილის წიგნები გამოცემულია როგორც საქართველოში, ასევე, საფრანგეთში. მათ შორის: სინდიკატი: ორი მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, 2010; პოლკოვნიკის ორმოცი დღე: ბურლესკი : ტრაგედია (ავტორი). - პარიზი, 2013; მბრუნავი კუნძული : მინი რომანი (ავტორი). - ნიცა, 2014; ქუდები = Chapeaux : ქუდების ჩანახატები და მათი აღწერა (ავტორი). - თბილისი, 2018; სადაა ჩვენი ადგილი = Où Est Notre Place : ნამუშევრების გამოფენა : პროექტი "თანამედროვე ხელოვნების გალერეა" (თანაავტორი). - თბილისი, 2020 და სხვ.;დღეს გელა პატიაშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. თბილისის ორ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ანიმაციურ კინოზე. პედაგოგიური საქმიანობა მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რადგან მიაჩნია, რომ სასარგებლო საქმეს აკეთებს.

წყარო:
https://art.gov.ge/ge/portfolio/პატიაშვილი გელა/https://www.radiotavisupleba.ge/a/ukhilavi-parda-gela-patiashvili-02-06-2016/27774829.html https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268438736პატიაშვილი, გელა. გელა პატიაშვილი ქართველი შემოქმედი ნიცადან : ინტერვიუ / ესაუბრა დეა თავბერიძე // პრაიმტაიმი. - თბილისი, 2013. - 7 ოქტომბერი. - N40. - გვ.41პატიაშვილი გელა. პარიზი, ანიმაცია და ნოეს კიდობანი // ბომონდი: საინფორმაციო-გასართობი ჟურნალი. თბილისი, 2023. ზამთარი. N167. გვ. 84-88 


Share: