| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
დავით ნათიძე![]()
Biographyმოქანდაკე დავით (დათო) ნათიძე ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში. დაიბადა თბილისში, 1969 წელს, მეცნიერის, ხელოვნებათმცოდნე თამაზ ნათიძის ოჯახში. ბავშვობიდან გატაცებული იყო ხატვით და ძერწვით. მშობლებს ხშირად დაჰყავდათ გამოფენებზე და მუზეუმებში, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ხელოვანზე და მისი მომავალი პროფესიის არჩევანიც განაპირობა. „10 წლის რომ ვიყავი, ჯერ ტრეტიაკოვის გალერეაში მოვხვდი, შემდეგ ცოტა მოგვიანებით ერმიტაჟში, სადაც ხელოვნების უამრავი შესანიშნავი ნიმუში ვიხილე, მათ შორის, ქვაში გამოთლილი ქანდაკებები, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა... მომინდა, რომ სამ განზომილებიანი ფორმებისა და ფიგურების გაკეთება მეც მეცადა“, - იგონებს ხელოვანი. განათლება 1988-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღო. დაამთავრა ქანდაკების ფაკულტეტი. პედაგოგი გოგი ოჩიაური. შემდეგ ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში განაგრძო სწავლა (1994-1997) და კიდევ ორი წელი ეუფლებოდა უფრო ვიწრო სპეციალობას - ქვაში მუშაობას. თავიდან ბელგიაში დიდი ხნით ცხოვრებაზე არ ფიქრობდა. უბრალოდ, იქ საშუალება მიეცა გაეგრძელებინა ჯერ სწავლა და შემდეგ უკვე მუშაობა, თავისი პროფესიით. ბელგიაში მისი დიდი ხნით დარჩენა, დიდწილად, სწორედ ამან განაპირობა. დათო ნათიძე მრავალი საერთაშორისო გამოფენისა და ქანდაკების სიმპოზიუმების რეგულარული მონაწილეა. ქანდაკების გარდა მუშაობს რესტავრაცია-რენოვაციის მიმართულებით, აგრეთვე, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ხელოვანს მრავალი ისტორიული შენობის რესტავრაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული ბელგიის სხვადასხვა ქალაქში. მათ შორისაა: მსოფლიოში თავისი სილამაზით განთქმული ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე მდებარე გრან-პლასი, წმინდა მიხეილის და წმინდა გუდულას საკათედრო ტაძრები და მრავალი სხვა. პირველად რესტავრაციაში, უფრო სწორად, რენოვაციაში 1995 წელს მიიღო მონაწილეობა, ჯერ კიდევ ანტვერპენის აკადემიის სტუდენტმა. ნამუშევარი წარმოადგენდა კლასიციზმის პერიოდის ქანდაკებების ანსამბლს, რომელიც განლაგებული იყო ქალაქ ლუვენის XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დამდეგს აგებული რკინიგზის სადგურის შენობის ფასადზე (ავტორი ედვარდ ფიირსი). კომპოზიციის მთლიანი ქვების წონა შეადგენდა 11 ტონას. ნამუშევრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას და მერიამ და კულტურის სამინისტრომ მიიღეს გადაწყვეტილება, მთლიანად ჩაენაცვლებინათ ახლად გაკეთებული ქანდაკებებით. დათო ნათიძე ამ პროექტზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ერთ-ერთ ბელგიელ მოქანდაკესთან ერთად. ძეგლი შესრულდა იმავე ტიპის ქვაში და იგივე მასშტაბში, დაზიანებული ორიგინალი კი დაკონსერვდა და განთავსდა მუზეუმში. დამწყები მოქანდაკისათვის, ეს ძალიან საპასუხისმგებლო და დიდი გამოცდილების მომტანი პროექტი იყო. ხელოვანის ხელით შექმნილ ქანდაკებებს საქართველოშიც ნახავთ და უცხოეთშიც. იგი ავტორია მონუმენტური ქანდაკებებისა ბელგიაში, ესპანეთში და თანაავტორია „მედეას“ მონუმენტის რელიეფისა საქართველოში. თავის სკულპტურებს და მათში გამოვლენილ ხელწერას დავით ნათიძე აფასებს, როგორც მინიმალისტურს. ნამუშევრებში იგი ხაზს უსვავს საგნის არსს და ოსტატურად წარმოაჩენს სადა ფორმების მქონე, დრამატიზმისგან დაცლილ სკულპტურებს. დათო ნათიძის ქანდაკებებში ვლინდება ხელოვანის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქვის მიმართ, რომელსაც მოქანდაკე უპირატესობას ანიჭებს მისი თანდაყოლილი თვისებებისა და მრავალფეროვნების გამო. „ყველაზე საინტერესო მომენტია, როდესაც იდეა მასალაში გადააქვს და ნაფიქრი სამ განზომილებაში ფორმირდება. პროცესი იწყება ჩანახატით და რბილ მასალაში მაკეტის გაკეთებით, შემდგომ გრძელდება ქვაში მუშაობით; ზოგჯერ იდეის განვითარებას თვითონ ქვის მრავალფეროვანი სტრუქტურა ან ფერი კარნახობს“, -ამბობს ხელოვანი. 2023 წელს მოქანდაკემ გაიმარჯვა თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ თავისუფალ თემაზე გამოცხადებულ პირველ კონკურსში. მისი სკულპტურა "წინააღმდეგობა", 2023 წლის 3 ნოემბერს, დროებით, ავლაბრის მოედანზე განთავსდა. შემდგომში ნამუშევარი გადაინაცვლებს მუდმივ ადგილმდებარეობაზე - თბილისის ქანდაკების პარკში. დათო ნათიძის სკულპტურები ბელგიაში გამოფენილია ანტვერპენის მიდელჰაიმის პარკში. მოქანდაკე ჩართული იყო 2023 წელს ბელგიაში ჩატარებულ ხელოვნების ფესტივალში, რომელზეც წარმოდგენილ იქნა საქართველოს კულტურა და ისტორია. წყარო: https://hammockmagazine.ge/articles/1171/n-a https://tpa.fund/ka/home/110--davidnat.html https://www.radiotavisupleba.ge/a/დავით-ნათიძე-მოქანდაკე-ანტვერპენში/33004914.html https://at.ge/2021/10/12/natidze/ ნიკოლაიშვილი, ცირა. დათო ნათიძე : ქართველი მოქანდაკის წარმატება ბელგიაში // სოფელი ბახვი / ცირა ნიკოლაიშვილი, შალვა თავართქილაძე. - თბილისი, 2003. - გვ. 528
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

