| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ილია ზდანევიჩი![]()
Biographyპოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტი, ილია ზდანევიჩი (ილიაზდი) იყო მრავალმხრივი ხელოვანი - წიგნისა და ტანსაცმლის დიზაინერი, მკვლევარი, ქართული, რუსული და ფრანგული ლიტერატურული ავანგარდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რუსული ფუტურიზმისა და დადას თეორეტიკოსი, თბილისური ფუტურისტული მოძრაობის სულისჩამდგმელი, ლიდერი, ნიკო ფიროსმანაშვილის პირველი ბიოგრაფი. დაიბადა 1894 წლის 20 აპრილს, ქ. თბილისში. მამამისი მიხეილ ანდრიას ძე ზდანევიჩი წარმოშობით პოლონელი გახლდათ, ფრანგულ ენას ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში. მისი წინაპრები 1831 წლის რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმის წინააღმდეგ ვარშავის აჯანყების შემდეგ გადაასახლეს კავკასიაში. დედა - ვალენტინა კირილეს ასული გამყრელიძე, პროფესიით პიანისტი იყო, პეტრე ჩაიკოვსკის მოსწავლე. ილიას ჰყავდა უფროსი ძმა, კირილე ზდანევიჩი (1892-1969), ასევე ფერმწერი. ილია ზდანევიჩი ბავშვობიდან გატაცებული იყო მუსიკით, გეოგრაფიით, მათემატიკითა და მხატვრობით. სწავლობდა თბილისის I-ელ ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც 1911 წელს დაამთავრა და ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1911-1917). პეტერბურგში სწავლისას დაუახლოვდა ავანგარდისტულ წრეებს. 1911 წელს, ფრანგულიდან რუსულად თარგმნა და მხატვარ მ. ლარიონოვთან ერთად გამოაქვეყნა მარინეტის ფუტურიზმის მანიფესტი „რატომ ვფერადდებით“. 1912 წელს წაიკითხა მოხსენებები ფუტურიზმის შესახებ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. იმავე წლის ზაფხულში არდადეგებზე თბილისში ჩამოსულმა ძმებმა, მხატვარ ლე-დანტიუსთან ერთად, აღმოაჩინეს ნ. ფიროსმანაშვილის ნამუშევრები და დაიწყეს მათი შეგროვება. ილიამ პირადად გაიცნო მხატვარი, რომელმაც შეასრულა მისი პორტრეტი (დაკვეთით). ილია ზდანევიჩმა გაზეთებში " Закавказская речь"-სა და "Востокь“-ში გამოაქვეყნა სტატიები ფიროსმანაშვილის შესახებ. პირველი წერილი დაიბეჭდა გაზეთ „Закавказская речь“-ის 1913 წლის 10 მარტის ნომერში. ამავე წელს მან ფიროსმანის ნამუშევრები გაიტანა მოსკოვში მოწყობილ ავანგარდისტების გამოფენაზე (სახელწოდებით „Мишень“ ), ხოლო მისი დამთავრების შემდეგ მოწყობილ თანამედროვე ხელოვნების დისპუტზე მოხსენებით გამოვიდა. ილიაზდიმ ლიტერატურასა და ხელოვნებაში პირველმა დაამუშავა „ვსიოჩესტვოს“ (ყოვლისშემძლეობა) იდეა, რომელიც, სხვა ავანგარდული მიმართულებების საპირისპიროდ, ყველა ეპოქისა და სტილის მიმართ ტოლერანტობას გულისხმობდა. მანვე შეადგინა რუსი ავანგარდისტების - ლარიონოვისა და გონჩაროვას - ნამუშევრების პირველი სისტემური კატალოგი. 1914 წელს უმასპინძლა მოსკოვში ჩასულ მარინეტის. თბილისში დაბრუნებულმა, კვლავ გამოაქვეყნა სტატია ფიროსმანაშვილის შესახებ („ვოსტოკი“, №1, თბილისი, 29.VI.1914). პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915-1917 წლებში მუშაობდა პეტროგრადის გაზეთ „Речь“-ის და ბრიტანეთის სამხედრო კორესპონდენტად კავკასიაში. 1916 წელს დაასრულა და დადგა თავისი პირველი პიესა „იანკო ალბანეთის მეფე“. წლის ბოლოს თბილისში ჩამოსულმა, ძმასთან ერთად მოაწყო ფიროსმანაშვილის ერთდღიანი გამოფენა, რომელზეც წარმოადგინა მხატვრის 50 ტილო საკუთარი კოლექციიდან. 1917 წლის მაისში პეტროგრადიდან თბილისში დაბრუნდა და ექვთიმე თაყაიშვილის მიწვევით მონაწილეობა მიიღო თბილისის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ისტორიულ ტაო–კლარჯეთში მოწყობილ არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომლის დროსაც მან აზომა და გააკეთა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების მთელი რიგი ჯერ კიდევ შემორჩენილი ნაგებობების გეგმები, ჭრილები და აღწერა ისინი. ექსპედიციის დასრულების შემდეგ ილიაზდი ცხოვრობდა თბილისში დედასთან ერთად, შემდეგ - ბათუმში, კონსტანტინეპოლში გამგზავრებამდე. 1917 წელს, თბილისში გაიხსნა პირველი კაფე-კლუბი „ფანტასტიკური სამიკიტნო“. აქ ილია ზდანევიჩმა რევოლუციის გამო რუსეთიდან გამოქცეულ მეგობრებთან, იგორ ტერენტიევთან, ალექსეი კრუჩონიხთან და ძმასთან ერთად, დააარსა ფუტურისტების ლიტერატურული გაერთიანება, მანვე მოხატა კაფის კამარის მარჯვენა მხარე. მალე მათ ჯგუფს (პოეზიის ახალ სასწავლებელს) ეწოდა „უნივერსიტეტი 41°“. სწორედ აქ დაიბადა ზაუმის პოეზია, ფუტურისტული ზაუმური დრამების ციკლი. ამ დრამებშია ფუტურიზმის ყველა სიახლე: ზაუმური ენა, ფონეტიკური ორთოგრაფია, სტამბური ანაწყობით თამაში და ვიზუალური პოეზია. „ПитЁрка дЕйстф “, როგორც მას ილიაზდი უწოდებდა, დღეს, რუსული ავანგარდის ენციკლოპედიად ითვლება. 1918 წელს თბილისში დაიბეჭდა ი. ზდანევიჩის „იანკო ალბანეთის მეფე“ და პირველი „დრა“, რომელიც თავად შეადგინა. გრიგოლ რობაქიძემ ილია ზდანევიჩისა და თბილისის ურთიერთობა ასე აღწერა: „ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919–1920 წლებში კიდევ უფრო გაუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ... ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო „41 გრადუსი“. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის სმერტ გაპპოს-ს კითხულობდა...“ ილიაზდი „ფანტასტიკურ დუქანში“ ატარებდა კონფერენციების ციკლს ფუტურიზმზე, თბილისში მოაწყო არაერთი მხატვრის საღამო, კ. ზდანევიჩისა და ლ. გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა, დააარსა გამომცემლობა „41°“ (1919), სადაც დაისტამბა მისი დრამები. ამავე წელს გამოქვეყნდა ჯგუფ 41°-ის კოლექტიური ნაშრომი – „პატარა ფანტასტიკური დუქანი. ეძღვნება სოფია მელნიკოვას“, რომელშიც ი. ზდანევიჩის მეორე „დრა“ შევიდა. სექტემბერში დაიბეჭდა მისი „Асёл на прокат“. 1920 წლის ოქტომბერში მხატვარი გაემგზავრა საფრანგეთში, რათა ხელოვნების ახალ მიღწევებს გასცნობოდა. ვიზის მოლოდინში ერთი წელი გაატარა კონსტანტინოპოლში, სადაც სწავლობდა აია-სოფიის ტაძრის არქიტექტურას. აქვე დაწერა თავისი საუკეთესო რომანი „ფილოსოფია“. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ემიგრაციაში პირდაპირ კონსტანტინეპოლიდან გაემგზავრა და 1921 წლის ოქტომბერში საფრანგეთში ჩავიდა. პარიზში ილია ზდანევიჩი გაეცნო რუს ხელოვანებს, აგრეთვე - პაბლო პიკასოს, რობერტ და სონია დელონებს, ტრისტან ტზარას, პოლ ელუარს, დადაისტებს. მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში და ატარებდა კონფერენციებს. ერთ-ერთ საავტორო კონფერენციაზე (1922) პირველად გამოიყენა ფსევდონიმად „ილიაზდი“. აქვე პარიზში, კაფე „ქამელეონში“აღადგინა და დაამკვიდრა „უნივერსიტეტი 41°“. იყო „რუს მხატვართა კავშირის“ მდივანი. 1922 წელს ვ. მაიაკოვსკისთან შეხვედრის შემდეგ დაარსა ლიტერატურულ-მხატვრული ჯგუფი „ჩერეზ“, საბჭოთა ხელოვნების წარმომადგენლებთან ურთიერთობის დამყარების მიზნით. 1923 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა ი. ზდანევიჩის Лидантю Фарам - მეხუთე დრა, რომელიც მისი ზაუმით დაწერილი ნაწარმოებების მწვერვალად ითვლება. 1924 წელს ილია ზდანევიჩი მუშაობდა თარჯიმნად საბჭოთა საელჩოში, პარიზში. ილიაზდის, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, საფრანგეთში ეკონომიურად არ უჭირდა. იგი 1927 წლიდან მუშაობდა ქსოვილის დიზაინერად „ბლექ-ბელერის“ ფირმაში, რომელიც 1928 წლიდან გადავიდა ფირმა „შანელის“ კუთვნილებაში. მხატვარი დასაქმებული იყო პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქ ანერ-სიურ-სენის გარეუბანში მდებარე ქარხანაში და კოკო შანელის მოდის სახლისთვის ქსოვილების დიზაინს ქმნიდა. 1931 წლიდან 1933 წლამდე ის იყო ამ ქარხნის დირექტორი, ხოლო 1933-1937 წლებში - ფირმის დირექტორი. 1931 წელს პარიზში, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მთავრობასთან და ე. თაყაიშვილთან ერთად, ილია ზდანევიჩმა შეაგროვა ინფორმაცია 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის შესახებ და ხელახლა დახაზა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლების გეგმები. ეს მასალა გამოიფინა პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში ბიზანტიური ხელოვნების გამოფენაზე, ხოლო ბიზანტიოლოგთა ყოველწლიურ ყრილობაზე მონაწილეობისას იგი შეეცადა მსმენელთა ინტერესი აღეძრა თურქეთის ტერიტორიაზე მოხვედრილი ამ ძეგლებისადმი. გარდა ამისა, მან სომხურ ჟურნალში „ხელოვნება და ცხოვრება“ გამოაქვეყნა სტატიების სერია „საქართველოს მრავალფასადიანი ნაგებობანი“ (1936). 1948 წელს ილიაზდიმ პარიზში ჩაატარა კონფერენცია „უძველესი ქართველები“ და გამოსცა თავისი ნაწარმოები „წერილს“ პიკასოს ილუსტრაციებით, 1949 წელს კი შეადგინა და გამოაქვეყნა „პოეზია ამოუცნობი სიტყვებისა“ (1912-1932 წლებში შექმნილი ფონეტიკური პოეზიისა და ზაუმური ტექსტების ანთოლოგია). 1954-1955 წლებში ი. ზდანევიჩმა მ დიუშანის შეკვეთით დაამზადა „მუყაოს ჩემოდნის“ ეგზემპლარები. 1961 წელს გამოსცა გერმანელი დადაისტის რაულ ოსმანის პოემები და თავისი 14 რუსულენოვანი სონეტი „უტყვი განაჩენი“. გამოცემის ყდა ჟორჟ ბრაკის ნახატით იყო ილუსტრირებული, წიგნში კი ჯაკომეტის მიერ შესრულებული ილიაზდის პორტრეტი იყო ჩართული. 1966 წელს ი. ზდანევიჩმა ოქსფორდის ბიზანტიური კვლევების კონგრესზე წაიკითხა მოხსენება „კისამოსის ტაძარი კრეტაზე“ და დაურიგა მონაწილეებს თავისი წერილი „რუი გონსალეს დე კლავიოს მოგზაურობა საქართველოში და საათაბაგოს საზღვრისპირა ეკლესიები“, რათა გაეცნო მათთვის თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების ნგრევის საგანგაშო მდგომარეობა (1966). პარიზში გამოვიდა ილიაზდის სამი პოეტური კრებული (1923, 1948 და 1949 წლებში). ილია ზდანევიჩი ნ. ფიროსმანაშვილის თემით დაინტერესებული იყო სიცოცხლის ბოლომდე. 1972 წელს გამოიცა - „ფიროსმანაშვილი - 1914“, რომელშიც შევიდა ილიაზდის მიერ 1914 წელს თბილისში დაბეჭდილი სტატიის თარგმანი და მისივე ტექსტი „60 წლის შემდეგ“. წიგნი გაფორმებული იყო პიკასოს მიერ ოფორტის ტექნიკით (მშრალი ნემსით) შესრულებული ფიროსმანის პორტრეტით. 1969 წელს პარიზში, საბჭოთა კავშირის ინიციატივით, ნიკო ფიროსმანაშვილის დიდი გამოფენა მოეწყო, სადაც ი. ზდანევიჩის კუთვნილი 60 ტილო იყო წარდგენილი. ეს ნახატები მან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ნახა. მის მიერ შეგროვილი სურათები, საბედნიეროდ, უკვე წლებია, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ კოლექციას წარმოადგენს. ილიაზდის გამოცემული აქვს ოცზე მეტი წიგნი – აქედან ბევრია მისი ლიტერატურული, ისტორიული, კულტურული, ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული კვლევების შედეგი. 1971 წელს გამოვიდა მისი პოემა „ბუსტროფედონი სარკეში“ - რიბემონ დესენის ილუსტრაციებით. სხვადასხვა წლებში მოეწყო ილია ზდანევიჩის რამდენიმე პერსონალური გამოფენა: „კირილე და ილია ზდანევიჩები“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი, 1957); „ილიაზდი“ (პომპიდუს ცენტრი, 1978); „ილიაზდი, როგორც წიგნის ხელოვნების ოსტატი“ (მონრეალი, კვებეკის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა, 1984); „ილიაზდი და ილუსტრირებული წიგნი“ (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი, 1987); „შეხვედრა ილიაზდი-პიკასო“ (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, 1998, პარიზი). მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებში, ასევე, არაერთ კერძო კოლექციაში. ილია ზდანევიჩი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე იყო მოდელი აქსელ ბროკარი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. 1927 წელს დაიბადა მათი პირველი შვილი მიშელი, რომლის ნათლიაც იყო კოკო შანელი. პირველი ქორწინება დასრულდა 1939 წელს. მისი მეორე მეუღლე გახდა ნიგერიელი პრინცესა იბირონკე აკინსემოინი (1919-1945), რომელთანაც იქორწინა 1940 წელს, მათ შეეძინათ შვილი, რომელსაც დაარქვეს შალვა. 1943 წელს საოკუპაციო ხელისუფლებამ იბირონკე ბანაკში გამოკეტა, სადაც დაავადდა და ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ გარდაიცვალა. ილია ზდანევიჩის მესამე და უკანასკნელი მეუღლე იყო კერამიკის მხატვარი ელენე დუარ-მარე (გარდაიცვალა 1993 წელს), რომელთანაც იქორწინა 1968 წელს. ელენე იცავდა ქმრის შემოქმედებით მემკვიდრეობას, აწყობდა გამოფენებს და აქვეყნებდა პუბლიკაციებს. მანვე, ილიას ანდერძის მიხედვით, წამოიწყო მეუღლის ნამუშევრების გამოფენა მის მშობლიურ თბილისში. 1989 წელს, გამოფენის დასრულების შემდეგ, ელენემ მუზეუმს გადასცა მრავალი ექსპონატი: წიგნები, ხელნაწერები, წერილები, აფიშები, პლაკატები, ფოტოსურათები. მისივე ინიციატივით პარიზში შეიქმნა „ილიაზდ-კლუბი“, რომლის წევრებიც არიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურის სფეროს მოღვაწეები. ილია ზდანევიჩი 1975 წლის 25 თებერვალს, პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე. აქვე განისვენებს მისი მეორე მეუღლე. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ილია ზდანევიჩი ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3. - თბ., 2014. გვ. 327. https://art.gov.ge/ge/portfolio/ზდანევიჩი-ილია-ილიაზდი/ https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/ზდანევიჩი ილია მათიაშვილი, ირმა. ილია ზდანევიჩი და ტფილისის არტისტული კაფეები // ცივილიზაციური ძიებანი - თბილისი, 2008. - N6. - გვ.69-78. ციციშვილი, მაია. ზდანევიჩი ილია // ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია : XVIII-XX საუკუნეები / მაია ციციშვილი, ნინო ჭოღოშვილი. - თბილისი, 2013. - გვ. 250-252 Biografie du poete et editeur Iliazd (Ilia Zdanevitch) [ილია ზდანევიჩის ბიოგრაფია, შედგენილი ფრანსუა მერეს მიერ] // Дада по-русски. - Белград, 2013. - С. 16-21
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

